დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-3(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.ფ-ი
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხ.) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ფ-იმა 2025 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 33 800 ლარისა (სისხლის სამართლის საქმისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯის - 800 ლარის, სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხის - 33 000 ლარის) და მორალური ზიანის - 100 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
სარჩელის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ...ის სამმართველოში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე 2021 წლის 08 მაისს ბრალი წარედგინა გ.ფ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 1261 მუხლის მეორე ნაწილით (4 ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯამში 10 ეპიზოდი). იმავე წლის 10 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით (საქმე №1/2543-1) გ.ფ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად მას მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი, ვინაიდან ბრალდება ეხებოდა ამორალურ ფაქტს და უსაფუძვლოდ დაბრალდა გ.ფ-ის, რომ თითქოს ის წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მისი ოჯახის წევრ ორსულ ქალბატონზე. საქმის მიმდინარეობის განმავლობაში უწევდა თავის მართლება, განიცდიდა ფსიქოლოგიურ წნეხს, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა გ.ფ-ის მიმართ პროკურატურის მიერ უსაფუძვლოდ წაყენებული ბრალდებები, სადაც გ.ფ-ი მოხსენიებული იყო როგორც მოძალადე ფსიქოპატი, ამავდროულად მის შესახებ უარყოფით კონტექსტში მომზადდა გადაცემა სატელევიზიო არხ „...ზე“, შესაბამისად, საზოგადოებამ გამართლებული გ.ფ-ი ჩათვალა და აღიქვა მოძალადედ, მას სანათესაოში, სამეგობროში, ქუჩასა თუ სამსახურში შეექმნა დისკომფორტი, კონფლიქტები, რამაც თავისთავად გამოუსწორებელი შედეგები იქონია მის ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.ფ-ის, როგორც რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მატერიალური ზიანის - 12 800 ლარისა (სისხლის სამართლის საქმისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი - 800 ლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხა - 12 000 ლარი) და მორალური ზიანის - 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.ფ-ის სასარგებლოდ ასევე დაევალა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარებოდა, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ პირი რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალწარმოება გ.ფ-ის მიმართ სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში და საბოლოო გადაწყევტილება დადგა 2024 წლის 06 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იყო გონივრული და სამართლიანი.
მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დადასტურებული იყო სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელის ადვოკატის მეშვეობით წარმომადგენლობა. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის გაწევა ცალსახად იყო გამოწვეული პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 12 000 ლარისა და სისხლის სამართლის საქმეზე საექსპერტო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლები, ისევე, როგორც მიმდინარე საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი, საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია პირს ზიანი მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გ.ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის არსებობისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ თავის დროზე მოსარჩელის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან სახეზე არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც კი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმე ეხებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებას, მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და მას არც ერთი დღის განმავლობაში არ მოუწია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, გარდა ამისა იგი დაკავებული არ ყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახითაც მხოლოდ გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მოსარჩელის მხრიდან უზრუნველყოფილი იყო უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის სახით. ამასთან მას არ ჰქონია ისეთი ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას სისხლისსამართლებრივი დევნის დროს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას მისი სისხლის სამართლის საქმის მასმედიით გაშუქებისა და მისი პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელების შესახებ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ხოლო თუკი დაზარალებულის მხრიდან საკუთარი ინიციატივით მოხდა ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მიცემა, აღნიშნული დაზარალებულის ქცევა ვერ გახდება პროკურატურის მიმართ არსებული მოთხოვნის გაზრდისა და ამ უკანასკნელის მხრიდან მორალური ზიანის მიყენების დასაბუთების საკმარისი საფუძველი.
კასატორი მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით მხოლოდ მოსაზრებაა და აღნიშნული სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობის მოცულობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად მხედველობაში არ მიუღია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და მიუთითებს რიგ საქმეებზე, როდესაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა სხვადასხვა ოდენობით თანხების გადახდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან, ვინაიდან გ.ფ-ის თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება უსაფუძვლოა. მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატისთვის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საექსპერტო მომსახურების ხარჯის საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებას ითხოვდა უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, შესაბამისად უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა მარეაბილიტირებელი გარემოება და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ზიანის წარმოშობის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ.ფ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ...ის სამმართველოში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2021 წლის 08 მაისს წარედგინა ბრალდება შემდეგ ეპიზოდებში: 1) საქართველოს სსკ-ის 1261 პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11',151 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განჩინებით გ.ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 5 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით, გ.ფ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 06 დეკემბრის განჩინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით გ.ფ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სახეზეა გ.ფ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022 წ.).
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, გ.ფ-ის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმ განცდების გათვალისწინება, რომლებიც თან ახლდა უკანონო ბრალდებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.), რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე (სუსგ №ბს-776-768 (2კ-4კს-15),14.07.2016წ.).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ ნაწარმოები სისხლისსამართლებრივი დევნიდან გამომდინარე, რათა მისი უფლებები დაეცვა ეფექტურად, იძულებული იყო მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი გაწეულ დანახარჯებსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. წარმომადგენლის, კერძოდ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება გ.ფ-ისთვის სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. ასევე დასტურდება სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვრის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს №ას-792-1114-07, 11.02.08წ.). სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის დასაბუთებას. დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა შეესაბამება გაწეულ საადვოკატო მომსახურებას როგორც სისხლის სამართალწარმოების, ისე მოცემული საქმის ფარგლებში. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. სუსგ №ას-1330-1315(კ-11), 09.02.2012წ.). ამდენად, ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად მიაკუთვნოს მხარეს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა