გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1043(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1043(კ-25) 03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი

მესამე პირი - ფ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 08 იანვარს კ. ვ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბერის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ფ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (მიწის ნაკვეთზე მდებარე გარდაბანი, ..., ს/კ ...) გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით კ. ვ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელისა და მოპასუხე მხარეთა დაზუსტების შემდგომ (06.02.2024 წ) სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება; კ. ვ-ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) მესაკუთრედ და დაევალოს სააგენტოს დასახელებული უძრავი ქონების მოსარჩელე კ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მებაღის წიგნაკის საფუძველზე, 2001 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში ფლობს 650 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). აკონკრეტებს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და წარმოადგენს ერთ საერთო ტერიტორიას რომელიც შემოსაზღვრულია ერთი საერთო ღობით და გამოიყენება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით. მიუთითებს, რომ 2022 წლის 25 აგვისტოს, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ფ. ჩ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულის შემდგომ მის მიერ წარდგენილი N... განცხადების საფუძველზე დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით და პარალელურად დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება ს/კ ... ფ. ჩ-ის საკუთრების უფლების გაუქმების რეგისტრაციის მიზნით.

ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და ასევე ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, ითხოვს მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას; ასევე სარჩელით ითხოვს ცნობილი იქნეს უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ... გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) მესაკუთრედ და დაევალოს სააგენტოს დასახელებული უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ფ. ჩ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, ყურადღება გაამახვილა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ კ. ვ-იმა ვერ შეძლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. მიწის ნაკვეთზე გამოიკვეთა ზედდება - მესაკუთრე ფ. ჩ-ის საკუთრებასთან, საქმეზე ვერ იქნა მოძიებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე უფლებადამდგენ დოკუმენტად ვერ იქნა განხილული გ. კ.-ს ძე ვ-ის სახელზე არსებული მებაღის წიგნაკის ჩანაწერებიც.

სასამართლოს მსჯელობით, გ. კ.-ს ძე ვ-ის სახელზე 2001 წლის 10 აპრილს გაცემულია მებაღის წიგნაკი, რომლითაც 2004 წლის აგვისტოდან დროებით სარგებლობაში გადაეცა №1072-1074-...-1077 მიტოვებული საბაღე მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამდგენ დოკუმენტს. ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში დაცულ ფ. ჩ-ის და შ. ტ-ეის სახელზე გაცემულ მებაღის წიგნაკში მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემა არ ფიქსირდება. ორივე შემთხვევაში მებაღის წიგნაკის მფლობელები, განსხვავებით გ. ვ-ისაგან, რუსთავის ...ის თანამშრომლებს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ი. კ-ეისაგან მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოსარჩელეს მარეგისტრირებელ ორგანოში და სასამართლოში არ წარუდგენია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, კ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-8, 21-ე, 22-ე მუხლები, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-17 მუხლები და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის იცნობს საკუთრების უფლების შეძენას, უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გზით. უფლებადამდგენი დოკუმენტი დაინტერესებული პირისათვის წარმოშობს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც ადასტურებს პირის საკუთრების უფლებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, კ. ვ-ი მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს მებაღეობის წიგნაკში, მისი შვილის - გ. ვ-ის სახელზე არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც გ. ვ-ის დროებით სარგებლობაში გადაეცა მიტოვებული ნაკვეთები (N1074, ..., 1077) 2004 წლის აგვისტოდან. სასამართლომ მიუთითა, რომ მებაღის წიგნაკი განიხილება, როგორც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა საქმეში წარდგენილი მებაღეობის წიგნაკი ვერ ადასტურებს მასში მოხსენიებული პირის - გ. ვ-ის მართლზომიერ მფლობელობას (საკუთრების უფლებას) მითითებულ მიწის ნაკვეთებზე, ვინაიდან მასში მითითებულია მიწის ნაკვეთების დროებით სარგებლობაში გადაცემა, რაც ვერ წარმოშობს საკუთრების უფლებას. თავის მხრივ, მიუხედავად გ. ვ-ის წერილობითი თანხმობისა, აღნიშნული ტერიტორიები ვერ აღირიცხება ვერც კ. ვ-ის სახელზე, ვინაიდან თავდაპირველად გ. ვ-ის საკუთრების უფლება დადასტურებული არ არის. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზე, რომ დროებით სარგებლობაში გადაცემა უნდა განიმარტოს, როგორც საკუთრებაში გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას წარმოშობს უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებას (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში რამდენადაც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება კანონიერად ჩაითვალა ადმინისტრაციული საჩივრის კვლევის ეტაპზე და მიღებული გადაწყვეტილება ემთხვევა სასამართლო შეფასებას, სახეზე არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. ვ-ის მიერ.

კასატორი აპელირებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-3, 3.1 მუხლებზე და განმარტავს, რომ მოცემულ დავაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა დასტურდება არაერთი გარემოებით. აკონკრეტებს, რომ უძრავი ქონების მომიჯნავედ განთავსებულია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია და არის ერთიან სივრცეში საკუთრებაში არსებულ ქონებასთან. მიუთითებს, რომ ფიზიკური პირები - პ. უ-ი, დ. კ-ე, ნ. ს-ი და შ. მ-ი ადასტურებენ სადავო უძრავი ქონების მის მიერ ფლობის ფაქტს 2001 წლიდან, შესაბამისად თვლის, რომ სახეზეა უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის უწყვეტობა, რომელიც თვით მესამე პირის - ფ. ჩ-ის მიერაც არ არის უარყოფილი. მიუთითებს რუსთავის ...ის (მუშა - მოსამსახურეთა მებაღეობა) N... მებაღეობის წიგნაკზე და მასზე არსებულ იმ ჩანაწერზე სადაც მითითებულია ქალაქ რუსთავის ...ს მუშა - მოსამსახურეთა ამხანაგური მებაღეობა; ..., გარდაბნის რაიონი, გადაეცეს დროებით სარგებლობაში მიტოვებული ნაკვეთები (N1074; ...; 1077) 2004 წლის აგვისტოდან. საფუძვლად მითითებულია განცხადება, გამგეობის თანხმობა, სახელი გვარი - ვ-ი გ., მამის სახელი - კ. ვ-ი; ამხანაგობის წევრად მიღების თარიღი - 2001 წელი. შენატანების მითითება 2000 - 2001 წელი. აკონკრეტებს, რომ რუსთავის ...ის მუშა - მოსამსახურეთა მებაღეობის წიგნაკის მიხედვითაც, მიტოვებული ნაკვეთები 1074, ..., 1077 გადაცემული აქვს დროებით სარგებლობაში გ. ვ-ის, რომელიც თავის მხრივ მებაღეობის წევრად ფიქსირდება 2001 წლიდან და შეჰქონდა კანონით გათვალისწინებული შენატანები 2007 წლამდე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს 1979 წლის 20 მარტის N171 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს სსს რესპუბლიკაში მუშათა და მოსამსახურეთა მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების" მე-16 მუხლზე და მიიჩნევს, რომ მებაღეობის ამხანაგობაში პირის მიღება ხორციელდებოდა მებაღის წიგნაკში მითითებით და იმავდროულად გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი. მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. ვ-ისთვის დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გადაცემა გაგებული უნდა იქნას მებაღეობის წევრად მიღებად, რაც მისივე მსჯელობით ასევე დასტურდება მიზნობრივი შენატანებით და უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით. კასატორის განმარტებით, დასახელებული კანონი ასევე იცნობდა მებაღეობიდან პირის გარიცხვის შემთხვევებსაც, როდესაც ეს უკანასკნელი ვერ აითვისებდა გადაცემულ მიწის ნაკვეთს ან არ გადაიხდიდა შენატანებს. ასეთ დროს დასაშვები იყო გარიცხული წევრის ნაცვლად, მებაღეობაში ახალი წევრის მიღება. სწორედ აღნიშნულის საფუძვლით, მიტოვებული მიწის ნაკვეთების ახალ მფლობელად მიღებული იქნა გ. ვ-ი. მიუთითებს, რომ გ. ვ-იმა, მოცემული მებაღეობის წიგნაკი და საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე გადასცა კ. ვ-ის (მამას). მხარეთა შორის დადებულია ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა დაცულია "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები და საქმეში წარმოდგენილია გ. ვ-ის თანხმობა მასზე, რომ მებაღეობის წიგნაკში მოხსენიებული პირისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრიროს კ. ვ-იმა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2000-2001 წლებში მისთვის ცნობილი გახდა სოფ. ...ში ი. კ-ეის მიერ ოთხი უძრავი ქონების მიტოვების ფაქტის შესახებ, რომელსაც გადაუხადა თანხა უძრავი ქონებების საკუთრებაში მიღების მიზნით და ასევე გადაიხადა ამხანაგობის საწევროს თანხა. 2004 წელს გადაეცა მებაღეობის წიგნაკი და ამავე წიგნაკში აღირიცხა მესაკუთრედ. ვინაიდან, მითითებულ პერიოდში იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში, სწორედ აღნიშნულის მოტივით, წიგნაკში დაფიქსირდა გ. ვ-ი და არა თავად კ. ვ-ი, თუმცა მოცემულ ქონებას ფლობს 2000 წლიდან და ამასთანავე, გ. ვ-ის უკვე გაცხადებული აქვს თანხმობა მითითებული უძრავი ქონების კ. ვ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში, კ. ვ-ი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მარტის განჩინებით, კ. ვ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით, კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და დადგინდა განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... და 2023 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერება, ასევე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალების საფუძვლიანობა.

მეტი სიცხადისთვის საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: გ. კ.-ს ძე ვ-ის სახელზე 2001 წლის 10 აპრილს გაცემული იქნა მებაღის წიგნაკი, სადაც მითითებულია, რომ დროებით სარგებლობაში გადაეცა №1072-1074-...-1077 მიტოვებული საბაღე მიწის ნაკვეთები 2004 წლის აგვისტოდან.

დადგენილია, რომ 2023 წლის 28 მარტს კ. ვ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

რეესტრის 2023 წლის 03 აპრილის №... (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ არ არის წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ საკადასტრო კოდებთან ... (მესაკუთრე ფ. ჩ-ი).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 აპრილის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებით, მხარეს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას თან არ ერთვის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის №17 მაისის N... გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შესწავლა და №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მიეთითა, რომ ფ. ჩ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მიერ თანხმობების გაუქმების, ამასთან, სადავოობის გამოვლენის პირობებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების კანონიერება, კერძოდ, დანიშნოს N... განცხადებით წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება, მოიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, დაადგინოს მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვრები და მიიღოს ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ფლობასთან დაკავშირებით, ადგილზე დათვალიერების შედეგების, მათ შორის,მეზობლების გამოკითხვის/პოზიციების/მოსაზრებების გათვალისწინებით.

მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 18 მაისის №...-09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა.

მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 24 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილია გარდაბანი, სოფელი ...ში მდებარე 688 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების /მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, რისთვისაც უნდა ჩატარდეს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. დასკვნის სახით, მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 373 მუხლის შესაბამისად, უნდა დაინიშნოს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. დაინტერესებულ პირს ეცნობოს, რომ მან უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მონაწილეობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 08 ივნისის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, სადაც მითითებულია, რომ ჩატარდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 ივნისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 14 ივლისის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, მოსარგებლემ უნდა წარადგინოს ამავე საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული არანაკლებ 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მესაკუთრეების მიერ ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტის წერილობითი დადასტურება ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირის/მესაკუთრის თანხმობა. დასაბუთებით ნაწილში მითითებულია, რომ განცხადებით მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ 650 კვ.მ აზომილ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია. როგორც ადგილზე დათვალიერების ოქმიდან ირკვევა დაინტერესებულ პირს აღნიშნული ნაკვეთი შეძენილი აქვს ი. კ-ეისგან, დგინდება რომ ადგილი აქვს ფორმადაუცველი გარიგების არსებობას. მიეთითა, რომ წარსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი – დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, მოსარგებლემ უნდა წარადგინოს ამავე საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული არანაკლებ 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მესაკუთრეების მიერ ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტის წერილობითი დადასტურება ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირის/მესაკუთრის თანხმობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოში წარდგენილ მასალებზე დართულია გ. ვ-ის ნოტარიულად დამოწმებული (24.07.2023 წელი) განცხადება, რომლითაც, როგორც რუსთავის ...ის მუშა - მოსამსახურეთა მებაღეობის წიგნაკი N...-ში მოხსენიებული პირი აცხადებს თანხმობას, ზემოაღნიშნულ მებაღეობის წიგნაკში აღრიცხული ნაკვეთი N... ფართით 650 კვ.მ დაირეგისტრიროს საკუთრებაში მოქალაქე კ. ვ-იმა.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 03 აგვისტოს №...-19 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარსადგენია შეთანხმება ფორმადაუცველი ნასყიდობის დადების თაობაზე.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 აგვისტოს №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2023 წლის 14 აგვისტოს N... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავად შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ამასთან წარდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შესაძლებელია წარსადგენი გახდეს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, სადაც მითითებულია, რომ ჩატარდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება.

2023 წლის 24 აგვისტოს №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ დაინტერესებულ პირს წარდგენილი აქვს მებაღის წიგნაკი გაცემული გ. ვ-ის სახელზე, №... ნაკვეთზე დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ნაკვეთის იდენტურობა დოკუმენტთან ვინაიდან, მომიჯნავე ნაკვეთი არის №... ნომრის ტერიტორია. ამასთან ადგილზე დათვალიერების ოქმით დაინტერესებულმა პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია შეძენილი ჰქონდა ი. კ-ესგან. შესაბამისად, დასაზუსტებელია მოთხოვნა ან წარსადგენია კორექტირებული ნახაზი დოკუმენტით გაცემული ნაკვეთის ტერიტორიაზე. დასაბუთებაში მიეთითა, რომ განცხადებით მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილია ურთიერთშეუსაბამო მოთხოვნა. ოქმში განმარტებულია, რომ ნაკვეთი შეძენილია ი. კ-ეისგან, ხოლო წარდგენილია გ. ვ-ის სახელზე გაცემული მებაღის წიგნაკი რომელიც არ შეესაბამება სარეგისტრაციო ნაკვეთს. ამასთან ვინაიდან დაინტერესებული პირი წარმოადგენს გ. ვ-ის მამას და შესაძლებელია დოკუმენტის ნებისმიერი წესით დაუფლება, წარდგენილი არ არის შესაბამისი წესით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 14 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებით, განიმარტა, რომ დაინტერესებულ პირს წარდგენილი აქვს მებაღის წიგნაკი გაცემული გ. ვ-ის სახელზე, აღნიშნული დოკუმენტი უფლების დამდგენად ვერ განიხილება ვინაიდან, ჩანაწერით ირკვევა რომ წარმოადგენს დროებით სარგებლობაში გადაცემულს. ამასთან ადგილზე დათვალიერების ოქმით დაინტერესებულმა პირმა განაცხადა რომ აღნიშნული ტერიოტორია შეძენილი ჰქონდა ი. კ-ესაგან. შესაბამისად, დასაზუსტებელია მოთხოვნა და წარსადგენია უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

მარეგისტრირებელი ორგანოს 2023 წლის 28 სექტემბრის №... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმით, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (მიწის ნაკვეთის საზღვრები და კონფიგურაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და 2023 წლის 28 სექტემბრის №... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებები მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2023 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 2023 წლის 25 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რაც შეეხება 2023 წლის 28 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, მიეთითა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონიერად არის გაუქმებული.

განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების კანონიერება და ასევე, თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს კ. ვ-ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების - საკადასტრო კოდით ... გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., მესაკუთრედ და დაევალოს სააგენტოს დასახელებული უძრავი ქონების მოსარჩელე კ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. კერძოდ, უნდა შეფასდეს რამდენად იძლეოდა კ. ვ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა პირველყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კ. ვ-იმა თავდაპირველად უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა თვითნებურად დაკავებულის წესით, შემდგომ კი ფორმის დაუცველად დადებული გარიგებისა და გ. ვ-იზე (შვილი) გაცემული მებაღის წიგნაკის საფუძველზე. შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია შეფასდეს, ქმნიდა თუ არა კ. ვ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია მის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკმარის საფუძველს.

პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ ფარგლებშია მოქცეული. ამ პროცესის მომწესრიგებელი ერთ - ერთი სამართლებრივი აქტია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შექმნას უკავშირებს საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციის მომენტს, რა დროიდან უძრავი ნივთის შემძენი იძენს მასზე მესაკუთრის ექსკლუზიურ უფლებებს. ამდენად, საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად, საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მისი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

აქვე, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 ივნისის №ბს-553(2კ-20) განჩინებაში განვითარებულ შემდეგ მსჯელობაზე "უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის". (სუსგ №ბს-553(2კ-20), 07.06.2022წ.).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, ამავე მუხლის „ლ“ და „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. რაც შეეხება ამავე მუხლის "ო" ქვეპუნქტს, განიმარტა მართლზომიერი მფლობელის მნიშვნელობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით კანონმდებელმა დაარეგულირა სარეგისტრაციო წარმოების დაწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

მეტი სიცხადისთვის პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის მოქმედი კანონმდებლობა იცნობს საკუთრების უფლების შეძენას უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გზით. უფლებადამდგენი დოკუმენტი დაინტერესებული პირისათვის წარმოშობს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც ადასტურებს პირის საკუთრების უფლებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებისა, კანონმდებელი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

"მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ‘’რ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 371 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო/ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია; ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები; გ) მიღება - ჩაბარების აქტები; დ) საკომლო წიგნების ჩანაწერები; ე) საგადასახადო სიები; ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები; ზ) მიწის განაწილების სიები; თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ. ვ-ი მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს N... მებაღეობის წიგნაკში, მისი შვილის - გ. ვ-ის სახელზე არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც გ. ვ-ის 2004 წლის აგვისტოდან დროებით სარგებლობაში გადაეცა მიტოვებული ნაკვეთები - N1074, ..., 1077. ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და წარმოადგენს ერთ საერთო ტერიტორიას რომელიც შემოსაზღვრულია ერთი საერთო ღობით და გამოიყენება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით. გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი გ. ვ-ის განცხადება (ნოტარიულად დამოწმებული) რომლითაც, როგორც რუსთავის ...ის მუშა - მოსამსახურეთა მებაღეობის N... წიგნაკში მოხსენიებული პირი, თანხმობას აცხადებს მებაღეობის წიგნაკში მითითებული N... მიწის ნაკვეთი ფართით - 650 კვ.მ დაურეგისტრირდეს საკუთრებაში კ. ვ-ის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე სადაც მითითებულია, რომ ამ კანონის შესაბამისად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელზედაც დასმულია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლება მებაღის წიგნაკის გარეშე რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება პირის მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღება, მის მიერ საწევრო შენატანის ან/და ყოველთვიური საწევრო შესატანის გადახდა ან თუ პირი შეყვანილია ამხანაგობის წევრთა სიაში. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება აღნიშნული მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ კ. ვ-იმა თავდაპირველად უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა თვითნებურად დაკავებულის წესით, შემდგომ კი გ. ვ-იზე (შვილი) გაცემული N... მებაღის წიგნაკისა და გ. ვ-ის მიერ გაცემული თანხმობის (სანოტარო წესით დამოწმებული) საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის განხორციელების საკითხი შეფასებულია მხოლოდ იმ ჭრილში, სახეზე იყო თუ არა საკუთრების უფლების წარმოშობის ცალსახად დამადასტურებელი დოკუმენტი. მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო აქტში ყურადღება გაამახვილა ფ. ჩ-ის (მესამე პირი) იმ მსჯელობაზე, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენს მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაეცა როგორც - ...ის მებაღეობის ამხანაგობის წევრს, თუმცა აქვე საყურადღებოა ადმინისტრაციული ორგანოს ის ჩანაწერი, რომ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა „ქალაქ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ამხანაგური მებაღეობის“ მიერ ფ. ჩ-იზე გაცემული მებაღის N102 (24.07.1991წ) წიგნაკით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ხოლო სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეების მიერ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაუქმდა საჯარო რეესტრში წარმოდგენილი თანხმობები. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს, წარდგენილი გ. ვ-ის სახელზე გაცემული მებაღეობის წიგნაკის, მასში მითითებული მიზნობრივი შენატანების, ასევე გ. ვ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობით არსებობის ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს, კერძოდ: საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შეფასება, ასევე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურობა ხასიათდება იმით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულ პირს უნდა გაუჩინოს გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების განცდა, უნდა გამორიცხოს არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა საჯარო და კერძო ინტერესის დაბალანსების, გაწონასწორების თვალსაზრისით. არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების (მებაღის წიგნაკი) სამართლებრივი ბუნება, უძრავ ნივთთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და მხოლოდ ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევისა და წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოს კვალიფიციურად არ შეუფასებია.

ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი არაერთი ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებეში, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცნოების შემდგომ, საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსახორციელებელი მოქმედებებისა და კასატორის (მოსარჩელე მხარის) განცხადებაზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზნიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით, ასევე სამართლებრივი შეფასებებით და მათ შორის დაინტერესებული პირის ჩართულობითა და პოზიციის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (კ. ვ-ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) მესაკუთრედ და დაევალოს სააგენტოს დასახელებული უძრავი ქონების მოსარჩელე კ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია) გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა სწორედ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ახალი ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას უნდა შემოწმდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კ. ვ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯის - საადვოკატო მომსახურების - 3 000 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამოქალაქო კოდექსის მუხლებში (სკ-ის 709-722 მუხ) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, თუმცა დაცული უნდა იქნეს სკ-ის 709-ე მუხლის მოთხოვნა მარწმუნებლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობის გაცემის შესახებ, რათა წარმომადგენელმა შეძლოს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება. საქმეში დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული სამი წლის ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც განისაზღვრა წარმომადგენლის უფლებამოსილება და ვალდებულება დაიცვას კ. ვ-ის ინტერესი. საქმეში დაცულია რწმუნებულება თუმცა არ მოიპოვება წარმომადგენლისათვის თანხის გადახდის ქვითარი, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ" §145, §146). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო საჭიროებს დამტკიცებას. საქმეში დაცული რწმუნებულება არ შეიცავს დათქმას იურიდიული დახმარების უსასყიდლოდ გაწევის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების გადახდის დაკისრების საკითხი სასამართლოს მიერ წყდება შუამდგომლობის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია წარმომადგენლობით ხარჯთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი შუმდგომლობის სახით დაფიქსირებულია საკასაციო საჩივარში. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ადვოკატის მიერ კ. ვ-ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, კერძოდ, საკასაციო საჩივარი შედგენილია გ. კ-ეის მიერ. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების ოდენობა უნდა განისაზღვროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის - მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გათვალისწინებით. ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება და არსებითი განხილვა განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, შესაბამისად არ გამოცხადებულა კასატორი ან მისი წარმომადგენელი. მხარის მონაწილეობა საკასაციო ინსტანციაში გამოიხატა მხოლოდ საკასაციო საჩივრის წარმოდგენაში და თავისი სურვილისამებრ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით რწმუნებულების გამოგზავნაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში, საქმის სირთულის, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის, დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით გონივრულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება და დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 06 დეკემბრის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება;

6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;

8. კ. ვ-ის შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კასატორის - კ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარის ოდენობით.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე