დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1276(2კ-25) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ბ-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხ.) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ. ბ-იმა 2024 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატებისთვის საადვოკატო ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის - 28 000 ლარისა და მორალური ზიანის - 500 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 04.02.2022წ. განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ვ. ბ-ის დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იყო თავისუფლების აღკვეთასთან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი, რაც ასევე გასაჩივრებული იქნა საკასაციო სასამართლოში, რომელმაც 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ მიიღო განსახილველად. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე იყო რეაბილიტირებული პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაევალა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო მატერიალური ზიანის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაევალა საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის 26.08.2021წ. დადგენილებით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.08.2021წ. განჩინებით ვ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 31.08.2021წ. განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 თებერვლის განაჩენით, ვ. ბ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2022წ. განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.2022წ. განჩინებით.
პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებული იყო არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, არსებობდა გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეეძლო აღედგინა დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს გააჩნდა შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღედგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ვ. ბ-ის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება, ობიექტურ გარემოებები, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ასაკი და ა.შ., ასევე, გაითვალისწინა ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენდა 3 000 (სამი ათას) ლარს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალები ერთობლიობაში ქმნიდა მორალური ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების საფუძველს.
მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დადასტურებული იყო სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელის ადვოკატის მეშვეობით წარმომადგენლობა. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის გაწევა ცალსახად იყო გამოწვეული პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 5 000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლები, ისევე, როგორც მიმდინარე საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ბ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი, საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია პირს ზიანი მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქმე ეხებოდა ოჯახში ჩადენილ ძალადობას. საქმის განხილვის ეტაპზე მეუღლემ უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
კასატორი მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით მხოლოდ მოსაზრებაა და აღნიშნული სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობის მოცულობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად მხედველობაში არ მიუღია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და მიუთითებს რიგ საქმეებზე, როდესაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა სხვადასხვა ოდენობით თანხების გადახდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან, ვინაიდან ვ. ბ-ის თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია, სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა (მეუღლემ) უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მოსარჩელის მიმართ არსებობდა ორი შემაკავებელი ორდერი, ხოლო სისხლის სამართლის საქმისწარმოების სრულმა პერიოდმა შეადგინა 9 თვე და 4 დღე. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება უსაფუძვლოა. მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატისთვის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი.
კასატორის, ვ. ბ-ის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 04.02.2022წ. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 07.04.2022წ. განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 04.02.2022წ., რაც ასევე გასაჩივრდა ბრალდების მხარის მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 30.05.2022წ. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვა წლობით მიმდინარეობდა და უწევდა სასამართლო პროცესებზე გამოცხადება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად უთითებს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, 205-ე მუხლის პირველ ნაწილს, 413-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 1005-ე მუხლს.
კასატორის წარმომადგენელი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობის შესაფასებლად, სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში იღებს, კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა რამდენად გულისხმიერად იყო განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის რელევანტური გარემოებების, მათ შორის, მომჩივნის პირადი მდგომარეობის, მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის ბუნების, სასჯელის ხანგრძლივობის, ისევე როგორც შემდგომი პერსონალური შედეგების გათვალისწინებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვლად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, პარ.40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებების სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.
კასატორის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლო საადვოკატო მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მაღალი დაცვის სტანდარტს ადგენს. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება მაშინაც ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა და მას არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა. გადაწყვეტილებაში საქმეზე ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივანს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპლიკანტსა და მის ადვოკატებთან დაკავშირებით აღნიშნულ შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ადვოკატების ჰონორარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ანაზღაურებადი და რეალურია. აღნიშნულ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ აპლიკანტისთვის ხარჯების დაფარვა წინასწარ არ მოუთხოვიათ.
ვ. ბ-ის წარმომადგენელი საერთო სასამართლოების პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ზიანის ოდენობა, როგორც მორალური, ისე მატერიალური, არის შეუსაბამოდ დაბალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებას ითხოვდა უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, შესაბამისად უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა მარეაბილიტირებელი გარემოება და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ზიანის წარმომშობის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვ. ბ-ი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის 2021 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ვ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 04 თებერვლის განაჩენით, ვ. ბ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განჩინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 04 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სახეზეა ვ. ბ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022 წ.).
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, ვ. ბ-ის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმ განცდების გათვალისწინება, რომლებიც თან ახლავს უკანონო ბრალდებას (ოჯახური ძალადობა). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.), რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე (სუსგ №ბს-776-768(2კ-4კს-15), 14.07.2016წ.).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ ნაწარმოები სისხლისსამართლებრივი დევნიდან გამომდინარე, რათა მისი უფლებები დაეცვა ეფექტურად, იძულებული იყო მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი გაწეულ დანახარჯებსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. წარმომადგენლის, კერძოდ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება ვ. ბ-ისთვის წინასწარ გამოძიებასა და საერთო სასამართლოებში ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვრის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის დასაბუთებას. დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა შეესაბამება გაწეულ საადვოკატო მომსახურებას როგორც სისხლის სამართალწარმოების, ისე მოცემული საქმის ფარგლებში. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. სუსგ №ას-1330-1315(კ-11), 09.02.2012წ.). ამდენად, ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად მიაკუთვნოს მხარეს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა