დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.06.2026
საქმის ნომერი
ბს-161(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-161(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ლ-ა, მესამე პირი - შპს „ფ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ნოემბრის №... დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 1666.22 ლარის ოდენობით, აპლიკანტი შპს „ფ...ს“ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა შპს „ფ...“.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ლ-ას მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 1666.22 ლარის ოდენობით, შპს „ფ...ს“ მიმართ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია აპლიკანტის დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა უკვე დამდგარია. მოცემულ საქმესთან მიმართებით, აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმდა დაცული იყო თუ არა გამარტივებული წარმოების დასაწყებად კანონით დადგენილი წინაპირობები და დადგინდა, რომ სახეზე იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა, კერძოდ, აპლიკანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას მიენიჭა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის - ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნის არსებობის დამდგენი ძალა.

კასატორის განმარტებით, გამარტივებული წარმოების პროცედურა მოითხოვს კანონით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რესპოდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის, დავალიანების არსებობის თაობაზე პროტესტის წარდგენას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას. რესპონდენტი თავისუფლდება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვალდებულებისაგან. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა დეტერმინირებულია სწორედ გამარტივებული წარმოების სპეციფიკით. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ კვლევა, შესწავლა, შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. გამარტივებული წარმოების სამსახური არ წარმოადგენს სასამართლოს ქვედა რგოლს ან ანალოგიას. გამომდინარე აქედან, მას არ გააჩნია სასამართლოს მსგავსი ნორმაშემფარდებელი ფუნქცია. ასევე საგულისხმოა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლება დაიცვას სასამართლოსათვის მიმართვის გზით, განსაკუთრებით იმ მოცემულობისას, როდესაც რესპონდენტი მიუთითებს სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების კვლევა-შეფასების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომაც მიენიჭა რესპონდენტს უფლება, შეუზღუდავად გამოხატოს საკუთარი პოზიცია მის მიმართ დაწყებულ წარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, არ დაეთანხმოს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების წესით განხილვას. ამ პოზიციის საფუძვლიანობის შესწავლას არ ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო და რესპონდენტის პროტესტი წარმოადგენს უპირობო საფუძველს დაწყებული წარმოების შეწყვეტისათვის. ერთადერთი ვალდებულება, რაც კანონმდებელმა რესპონდენტს დაუწესა არის ის, რომ რესპონდენტი ვალდებულია, პოზიცია მის მიმართ დაწყებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შეტყობინება „გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე“ მოსარჩელეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მას მიეცა რეალური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია წერილობითი პოზიცია მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის მიერ გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

კასატორის განმარტებით, მოთხოვნის კანონიერების, ხანდაზმულობისა და რესპოდენტის მიმართ განხორციელებული თაღლითური მოქმედების თაობაზე არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს კანონით განსაზღვრული პროცესუალური ნორმების ფარგლებში. მას არ ენიჭება კანონისმიერი უფლებამოსილება, იმსჯელოს ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მხარეების ზოგადი შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ განხილვასთან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებად. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხვედით, დგინდება, რომ გამარტივებული წარმოება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სადავოდ ქცეული ბრძანების გაუქმების კანონით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2019 წლის 13 ივნისის №0013008187 დადგენილებით, სისხლის სამართლის №067151017002 საქმეზე, ი. ლ-ა ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილების თანახმად, 2016 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით, ქალაქ ხონში, ...ს ქ. №...-ში მცხოვრებმა მ. ჯ-ამ, ინტერნეტ პროგრამისა და ი. ლ-ას პირადი პროფილის გამოყენებით, ამ უკანასკნელის სახელით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან თაღლითური გზით გამოიტანა სესხი 2000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 233-234); ბ) 2019 წლის 27 აგვისტოს, შპს „ფ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - ი. ლ-ას მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 1666.22 ლარს. ამასთან, აპლიკანტმა განცხადებაში რესპონდენტის - ი. ლ-ას მისამართად მიუთითა - ხონი (ტ.1, ს.ფ 23, 24-28); შპს ,,4...ა’’ და ი. ლ-ას შორის 2016 წლის 21 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების (სპეციალური პირობები) თანახმად, ი. ლ-ამ სესხად აიღო 500 ლარი, 30 დღის ვადით; საკომისიო 75.00 ლარი; (-7 ლარი ფასდაკლება). ვადის გასვლისას გადასახდელი მთლიანი თანხა შეადგენდა 568 ლარს. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცა სხვა პირისთვის. ამავე ხელშეკრულების მე-13 პუნქტის მიხედვით, ყველა დავა მხარეთა შორის გადაიჭრებოდა ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე. მხარეთა მიერ, ხელშეკრულების შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისი. ამასთან, ხელშეკრულების მე-14 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელს ჰქონდა უპირობო უფლება, მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაეცა, მათ შორის, შპს „კ...სთვის’’, ასევე სხვა კომპანიებისთვის, რომელთანაც თანამშრობლობდა და/ან მომავალში ითანმშრომლებდა გამსესხებელი არსებული დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნებისთვის (ტ.1, ს.ფ 31, 35-42); 2017 წლის 20 თებერვალს შპს ,,4...ა’’ და შპს ,,კ...ს’’ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, შპს ,,4...მა’’ საკუთრების უფლებით გადასცა №... სესხი (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარეები: შპს ,,4...ი’’- ი. ლ-ა; თარიღი- 21.11.2016წ.) და მასზე მოთხოვნის უფლება, რომელიც წინამდებარე შეთანხმების დადებამდე პირდაპირ ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს (ტ.1, ს.ფ 141); შპს ,,კ...ს’’ 2018 წლის 1 მაისის ცნობის თანახმად, ი. ლ-ას შპს ,,კ...ს’’ მიმართ, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება 1566.22 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა- 500 ლარს, პროცენტი- 68 ლარს, პირგასამტეხლო- 998.22 ლარს (ტ.1, ს.ფ 121); 2018 წლის 31 ივლისს, შპს ,,კ...სა’’ და შპს ,,ფ...ს’’ შორის დაიდო შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლის მიხედვით, მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის მიმღებს შპს ,,ფ...ს’’ საკუთრებაში გადასცა №... სესხი (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარეები შპს ,,4...ი’’- ი. ლ-ა; თარიღი - 21.11.2016წ.), რომელიც მოთხოვნის უფლების დათმობით ეკუთვნოდა შპს ,,კ...ს’’ (ტ.1, ს.ფ 139-140); გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 6 მაისს გამოიცა №... შეტყობინება აპლიკაციაში ხარვეზის დადგენის შესახებ. ხარვეზის შევსების მიზნით, აპლიკანტს დაევალა დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა აპლიკანტის უფლებამოსილება შპს ,,4...ის’’ ნაცვლად მოთხოვნის თაობაზე (ტ.1, ს.ფ 152); დ) ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ფ...ს“ მიერ 2020 წლის 22 მაისს წარდგენილ იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები (ტ.1, ს.ფ 142); ე) 2020 წლის 22 მაისს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №... შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტს - ი. ლ-ას განემარტა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო, განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული შეტყობინება ი. ლ-ას გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ხონი. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, შეტყობინება 2020 წლის 25 მაისს ვერ ჩაბარდა ადრესატს, ადრესატის მისამართის მიუთითებლობის გამო. ასევე, არასრული მისამართის გამო, ადრესატს გზავნილი არც 2021 წლის 12 ოქტომბერს ჩაბარდა (ტ.1, ს.ფ 21-22, 157, 161); ვ) 2021 წლის 28 ოქტომბერს, შპს ,,ფ...ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განცხადებას დაერთო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 მაისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №... შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. შეტყობინებაზე აღნიშნულია, რომ კ-ა ნ.-მ, პ/ნ ..., რესპოდენტის დედამ, მასთან მცხოვრებმა, ჩაიბარა შეტყობინება და გადასცემდა მას. თარიღი- 22.10.2012წ. (ტ.1, ს.ფ 144, 145-146); ზ) 2021 წლის 18 ნოემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №... ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც რესპონდენტს - ი. ლ-ას დაეკისრა დავალიანების გადახდა 1666.22 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს ,,ფ...ს“ მიმართ. მითითებული ბრძანება ი. ლ-ას გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ხონი. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა (ტ.1, ს.ფ 166, 167).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ნოემბრის №... დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 1666.22 ლარის ოდენობით აპლიკანტი შპს „ფ...ს“ მიმართ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების დარღვევა, კერძოდ, სასამართლომ ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღება და შეტყობინების გამოცემა, ადმინისტრაციული წარმოების წესის არსებით დარღვევად მიაჩნია, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმებისას ფასდება მისი როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს აქტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემას, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმის გამოცემით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან (სუსგ ბს-627(კ-19), 11.06.2019წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. ამავე კანონის 916 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი; (2) თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან; (3) გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, (1) საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში; (2) წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ გარემოების შესახებ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 6 მაისს გამოიცა №... შეტყობინება აპლიკაციაში ხარვეზის დადგენის შესახებ. ხარვეზის შევსების მიზნით, აპლიკანტს 10 კალენდარული დღის ვადაში დაევალა დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა აპლიკანტის უფლებამოსილება, შპს ,,4...ის“ ნაცვლად მოეთხოვა რესპოდენტისაგან დავალიანების დაფარვა. ამავე შეტყობინებით აპლიკანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება განუხილველად დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეტყობინება აპლიკანტს ჩაბარდა 2020 წლის 8 მაისს (ტ.1, ს.ფ 153). შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა 2020 წლის 9 მაისიდან დაიწყო და 2020 წლის 18 მაისს 24:00 საათზე ამოიწურა. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2020 წლის 22 მაისს წარედგინა (ტ.1, ს.ფ 142). ამასთან, აპლიკანტს არ მიუთითებია ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. ასეთ პირობებში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება აპლიკანტისათვის განუხილველად დაებრუნებინა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული არსებით დარღვევად აპლიკანტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევის პირობებში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების დაწყება და შემდგომში, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მართალია, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნებისა და გამარტივებული წარმოების დასრულების შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 916 მუხლის მე-4 პუნქტი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომ გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ) ითვალისწინებს აპლიკანტის უფლებამოსილებას, ხელახლა შეიტანოს განცხადება, თუმცა აღნიშნული არ ასაბუთებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ კანონიერებას. შესაბამისად, დარღვეულია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. ამდენად, არ არსებობს აქტის მატერიალურ კანონიერებაზე მსჯელობის საფუძველი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2026წ. №04556 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა