დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.06.2026
საქმის ნომერი
ბს-184(2კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქმე №ბს-184(2კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) : ნ. ც-ა, ჯა. ფ-ა, ჯ. ფ-ა

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოპასუხეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 21 მარტს ნ. ც-ამ, ჯა. და ჯ. ფ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეთა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1993 წლიდან მთელი დევნილობის პერიოდი, ცხოვრობენ ზუგდიდში, ნათესავის საკუთრებაში არსებული სახლში. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წელს მიმართეს სახელმწიფოს საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ვინაიდან მათ საკუთარი ქონება არ გააჩნიათ და იმ სახლშიც, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება არის უმძიმესი საცხოვრებელი პირობები. ნ. ც-ას, ჯა. და ჯ. ფ-ებს მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნები ჩამოაყალიბეს შემდეგი სახით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-408/ო ბრძანება ჯა. ფ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე „უარის თქმის“ შესახებ - „დაკმაყოფილდეს“; 2. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დევნილთა საკითების შემსწავლელ კომისიას დაევალოს ახალი ბრძანებითა და ოქმით მოსარჩელე მხარეს გადასცეს ქ. ზუგდიდში ... ქუჩაზე ან ზუგდიდშივე გასაყიდად გამოტანილ კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებელი 2 ოთახიანი ბინა სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 თვიანი ვადის განსაზღვრით / „დაკმაყოფილდეს“; 3. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დევნილთა საკითების შემსწავლელ კომისიას დაევალოს ორგანოს და მისი მოსამსახურეების კომისიის 15 წევრის მიერ მართლსაწინააღმდეგო და განზრახი ქმედებით 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართის გადმოუცემლობით ჯგუფურად მიყენებული მორალური ზიანის გათვალისწინებით მოსარჩელეებს სოლიდარულად აუნაზღაურდეთ კომპენსაციის სახით 15 X 5 000, ჯამში 70 000 ლარი; 4. სასამართლომ შეაფასოს მოსარჩელეების 21/02/2022წლის განცხადება და ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში მისი მართლსაწინააღმდეგო რეგისტრაციაში გატარება 22/02/2022წელს სარეგ. №114085 და 25/02/2022წლის განცხადება სარეგ. №23588-შესაბამისობა განცხადებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან სზაკ მე-VI და მე-XIII თავების შესაბამისად და აღიაროთ მოპასუხე სამინისტროს ბრალეულობა - „დაკმაყოფილდეს“; 5. სასამართლომ შეაფასოს მოსარჩელეების 21/02/2022წლის განცხადებაზე თანდართული ადმინისტრაციული საჩივარი მიმართული მინისტრის სახელზე სარეგ. №9815 და 25/02/2022წლის განცხადება სარეგისტრაციო №10874- გადამისამართება სააგენტოში და შესაბამისობა საპასუხოდ გამოცემულ სსიპ სააგენტოს №03/5667 11/მარტი/2022 ადმინისტრაციულ აქტთან და აღიაროთ „განცხადებებთან და „ადმინისტრაციულ საჩივართან სზაკ მე-VI და მე-XIII თავების შესაბამისად განხილვის ნაწილში სსიპ დევნილთა სააგენტოს ბრალეულობა „დაკმაყოფილდეს“; 6. სასამართლომ დაადასტუროს (აღიაროს) არის თუ არა კანონმდებლობის დაცვით მინიჭებული 5.5. ქულიდან კომისიის მიერ ქულების კორექტირებით 1,5 (ქულა სხვის სახლში მცხოვრები) და 2 ქულა (მძიმე საცხოვრებელი პირობები) მტკიცებულების გარეშე დაკლებით, ჯა. ფ-ას ოჯახის მიმართ მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და უნდა დაუბრუნდეს თუ არა მოსარჩელეებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განსახლების წინ განზრახი ქმედების დაკლებული 3.5 ქულა? - „დაკმაყოფილდეს“; 7. სასამართლოს ვთხოვთ დაადასტუროს (აღიაროს) 30/10/2018 წლის „...ის“ აქტი №276 და მასში ასახული საექსპერტო დასკვნა იყო თუ არა განსახლების წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამ წესის მე-3 მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების და ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ დევნილის განსახლება კრიტერიუმების გარეშე დააკმაყოფილოს - მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაუცემლობა შშმ/პ კანონიერი უფლების უხეშად დარღვევა და აღიაროს დაკარგეს თუ არა 2 ოთახიანი ბინა ზუგდიდში დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ბრალეულობით - „დაკმაყოფილდეს“; 8. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ქმედებით ასევე უმოქმედობით აღიარებული იქნეს მე-3 ჯგუფის შშმ პირის დისკრიმინაცია და დასტური (აღიარება) საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას - „დაკმაყოფილდეს“; 9. აღიარებული იქნეს სააგენტოს №03-408/ო და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ოქმი №79-ში ასახული ჩანაწერი „არასაკმარისი ქულის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე“- იყო თუ არა „საექსპერტო დასკვნით“, ქულის გარეშე განსახლებაზე პრიორიტეტის საქმეში არსებობის მიუხედავად დევნილი ოჯახისთვის - გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი და დაკარგეს თუ არა ბინა სააგენტოს და კომისიის ბრალეულობით - „დაკმაყოფილდეს“.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ჯა. ფ-ამ 2014 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილების თაობაზე; განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 5.5. ქულა. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, კომისიამ 2021 წლის 17 ნოემბერს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა არასაკმარისი ქულების გამო, (კომისიამ დააკლო - ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე 1.5 ქულა და მძიმე საცხოვრებელი პირობები / არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 2 ქულა); მოპასუხის განმარტებით განმცხადებლისათვის საბოლოოდ ქულათა რაოდენობამ შეადგინა - 2, რაც იყო არასაკმარისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მოპასუხემ განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას, ჯა. ფ-ას, ჯ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-408/ო ბრძანება ჯა. ფ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ც-ას, ჯა. ფ-ას, ჯ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - 2 ოთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, ქალაქ ზუგდიდში, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც ნ. ც-ას, ჯა. და ჯ. ფ-ების, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ნ. ც-ას, ჯ. ფ-ას და ჯა. ფ-ას სააპელაციო საჩივრები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები - ნ. ც-ა, ჯა. ფ-ა და ჯ. ფ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 30 ივნისს ჯა. ფ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ოჯახი შედგებოდა 3 წევრისაგან: თავად მოსარჩელე - ჯა. ფ-ა, მეუღლე - ნ. ც-ა, შვილი - ჯ. ფ-ა. ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია: ზუგდიდი, ... პირველი შესახვევი №5. დევნილის სარეგისტრაციო ნომერია ... .

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2020 წლის 28 სექტემბრის №04-09/3753 ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ ნ. ც-ას დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, მოპოვებული უფლებით ზომიერად გამოხატული ხარისხით, ფულადი გასაცემლის სახით ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით, უვადოდ.

სს „...ის“ ...ის მიერ გაცემული №0026138 ცნობის მიხედვით, ჯ. ფ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ,,შშმპ“, ზომიერად გამოხატული.

საქმეში დაცულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, რომელიც ადასტურებს, რომ მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 4 ივნისს ზუგდიდში, ... პირველი შესახვევში, სახლი №5-ში. დოკუმენტში მითითებულია, რომ განმცხადებლის ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: ჯა. ფ-ა, მეუღლე ნ. ც-ა, შვილი ჯ. ფ-ა. ამასთან, აღნიშნულია, რომ დასახელებულ მისამართზე, პირველი სართულზე დევნილი ოჯახი ცხოვრობს 1993 წლიდან, ქირის გარეშე. მონიტორინგის დროს ჯა. ფ-ა და ნ. ც-ა ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო ჯ. ფ-ა გასული იყო ქალაქში.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით ჯა. ფ-ას ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით: 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებულად მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. 1.00 ქულა - ნ. ც-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ’’ ზომიერად გამოხატული. დამატებით მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე და ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად. დოკუმენტში გაკეთებულია აღნიშვნა, რომ გადასამოწმებელია საცხოვრებელი პირობები.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით 2019 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯა. ფ-ას ოჯახი შეფასდა 2.50 ქულით: 1.50 ქულა - საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - ნ. ც-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ ზომიერად გამოხატული. დამატებით მითითებულია, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე და ორი შვილი; განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ჯა. ფ-ას ოჯახი შეფასდა 5.50 ქულით: 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებულად მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. 1.00 ქულა - ნ. ც-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ ზომიერად გამოხატული. 1.00 ქულა - ჯ. ფ-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ ზომიერად გამოხატული. დამატებით მითითებულია, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე და ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 ოქმით კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ჯა. ფ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების გამო (კომისიამ დააკლო ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე -1.5 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები / არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-408/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯა. ფ-ას ოჯახს არასაკმაირის ქულების გამო უარი ეთქვა ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართელოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ,,...ის“ მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს მომზადებული №276 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა ქალაქ ზუგდიდში, ... პირველი შესახვევის №5-ში არსებულ სახლს. ექსპერტიზის დასკვნით, შენობა ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, შენობის ხის კარკასზე მოწყობილი ფურცლოვანი თუნუქის სახურავი ავარიულია, რის შედეგად შენობის მთლიან პერიმეტრზე აღინიშნება ატმოსფერული ნალექების გაჟონვა. ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით დაზიანებულია სახურავქვეშა ხის კასკასი, რომლის ცალკეულ დეტალებს გააჩნია სიდამპლის ნიშნები, ასევე დაზიანებულია და ჩამონგრეულია მე-2 სართულის ჭერის დაახლოებით 80%. ასევე ჩამოცვენილია შენობის შიდა კედლებიდან შპალერის, ზეთოვანი და წყალემულსიის საღებავების მონაკვეთები და ნაწილობრივ ბათქაში. შენობის მე-2 სართულის ფანჯრის ბლოკები გამოსულია მწყობრიდან. გააჩნია სიდამპლის ნიშნები, რის გამოც მათი გაღება შეუძლებელი. საცხოვრებელი სახლი, მისი ფაქტობრივი ტექნიკური მდგომარეობიდან და ზემოაღნიშნული დაზიანებიდან გამომდინარე, საჭიროებდა გადაუდებელი კაპიტალური შეკეთების სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. შენობას არ გააჩნია გათბობის და წყალმომარაგების სისტემები, ხოლო ელ. გაყვანილობის სისტემა ნაწილობრივ მოშლილია და ელ. ენერგია მიეწოდება მხოლოდ ორ ოთახს. საცხოვრებელი სახლი არ აკმაყოფილებს საცხოვრებელი შენობის მიღებულ ნორმებს. შენობის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის გამოყენება საცხოვრებლად, მისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის მიზანშეწონილი.

ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩის პირველ შესახვევში №5-ში განთავსებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა (არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) სადაც დროებით ჩასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მისი კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა აღდგენითი და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაც დაკავშირებულია მნიშნველოვან ფინანსურ დანახარჯებთან. შენობის კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გამოყენება საცხოვრებლად არაა მიზანშეწონილი. შენობა არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ შენობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესს. შენობის სახურავის ავარიულმა მდგომარეობამ და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირველი სართულის ხის გადახურვის და მასზე მოწყობილი ხის ფიცრების იატაკის დაზიანება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა პირველ სართულზე დასახლებულ პირებს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზურნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 11 მარტის №03/5667 წერილის მიხედვით, ჯა. ფ-ას, ნ. ც-ასა და ჯ. ფ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ას მათი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმის (№79) საფუძველზე, ჯა. ფ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი არასაკმარისი ქულების გამო. ასევე განემარტათ, რომ ჯა. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემდგომი განხილვა მოხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 პრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებისა და მინიჭებული ქულის რიგითობის გათვალისწინებით.

განსახილველ შემთვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების ბრალეულობა და მართლწინააღმდეგობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკირების საფუძველი. შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა კოლეგიის შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მხრიდან ვერ მოხდა გონივრული ვარაუდის შექმნა შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეული იქნა ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად. ამდენად, ვინაიდან, საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელეთა განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეებს სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლით უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

ნ. ც-ამ, ჯა. და ჯ. ფ-ებმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში;

კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას სასამართლოში დამოუკიდებელი წარმომადგენელი არ ჰყოლია, ამიტომ, მათი მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს სასამართლო პროცესში მონაწილეობის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა;

ამასთან, კასატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოითხოვენ მორალური ზიანის ანაზღაურებას არა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძველზე, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების გამო;

კასატორები, ასევე, მოითხოვენ მათ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ნ. ც-ას, ჯ. და ჯა. ფ-ების საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ნ. ც-ას, ჯ. ფ-ას და ჯა. ფ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორედ გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორებმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ნ. ც-ა, ჯა. ფ-ა და ჯ. ფ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. 2014 წლის 30 ივნისს ჯა. ფ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ოჯახი შედგება 3 წევრისაგან: თავად მოსარჩელე - ჯა. ფ-ა, მეუღლე - ნ. ც-ა, შვილი - ჯ. ფ-ა. ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია: ზუგდიდი, ... პირველი შესახვევი №5. დევნილის სარეგისტრაციო ნომერია ... .

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯა. ფ-ას ოჯახის განაცხადის ბოლო შეფასება მოხდა 2021 წლის 16 თებერვალს და განაცხადს მიენიჭა 5.50 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: 1) 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებულად მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 2) 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. 3) 1.00 ქულა - ნ. ც-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ ზომიერად გამოხატული. 4) 1.00 ქულა - ჯ. ფ-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ ზომიერად გამოხატული. დამატებით მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე და ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 ოქმით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ჯა. ფ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების გამო (კომისიამ დააკლო ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე -1.5 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები / არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-408/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯა. ფ-ას ოჯახს არასაკმაირისი ქულების გამო უარი ეთქვა ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2021 დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 17 ნოემბრის №79 ოქმის საფუძველზე განმცხადებლისთვის ქულათა დაკლება განხორციელდა ნ. ც-ას, ჯა. და ჯ. ფ-ების ოჯახის ფაქტობრივი მდგომარეობის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიზლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობაში შედიან შშმ პირები. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უაპელაციოდ გაიზიარა კომისიის დასკვნა და დაუსაბუთებლად, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ექსპერტიზის აქტის უგულებელყოფით მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

განსახილევლ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებების მოხმობით დაესაბუთებინა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ აქტის მართლზომიერება, შესაბამისად, კანონიერია მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ.ზუგდიდში, ნ. ც-ას, ჯა. ფ-ას, ჯ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - 2 ოთახიანი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რაც შეეხება ნ. ც-ას, ჯა. და ჯ. ფ-ების მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების მიერ რაიმე სახის უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება; ამრიგად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების ბრალეულობა და მართლწინააღმდეგობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რის გამოც არ არსებობს მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დასკირების საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა, რომ თავად მოსარჩელეებს არცერთ ეტაპზე არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებებისთვის ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მიერ შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე.

რაც შეეხება ნ. ც-ას, ჯა. და ჯ. ფ-ების მოსაზრებას, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი განხორციელდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

დისკრიმინაციას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც, რომლის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინით უზრუნველყოფაზე უარი განპირობებული იყო დისკრიმინაციული ნიშნით - შშმ. სტატუსის გამო.

დისკრიმინაციასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელეთა განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მათ მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ნ. ც-ას, ჯ. და ჯა. ფ-ების შედავებას წინამდებარე დავაში დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსი და უფლებამოსილების ფარგლები უნდა შეფასდეს მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე; საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელია სუბიექტი, რომელიც კანონით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციას და წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს. განსახილველ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შექმნილია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სისტემაში, მოქმედებს სააგენტოს კომპეტენციის (დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება) ფარგლებში და ახორციელებს სააგენტოსთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ნაწილს. ამიტომ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს სააგენტოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შედეგს. ადმინისტრაციულ ორგანოში გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალური სუბიექტის - საააგენტოს დირექტორის, ასევე კოლეგიური შემადგენლობის - კომისიის, საბჭოს ან სხვა ორგანოს მონაწილეობით, თუმცა ეს არ შეცვლის იმ ორგანოს სტატუსს, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებს გადაწყვეტილების მიმღები. ამრიგად, კომისიისა და სააგენტოს მიერ ერთი და იმავე პირის საქმეში წარმომადგენლად მონაწილეობა კანონიერია, რამეთუ მის კომპეტენციაში შედის როგორც სააგენტოს, ასვეე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების დასაბუთება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ნ. ც-ას, ჯ. და ჯა. ფ-ების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა