დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-226(კ-26) 16 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ა-ო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ა-ომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №1000658069 დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 8 იანვრის №1000691840 დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე; გ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განიხილოს მ. ა-ოს 2019 წლის 11 მარტის განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე და განიხილოს მ. ა-ოს 2019 წლის 8 ნოემბრის განცხადება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 27 მაისს გამოცემული №1000658069 უარყოფითი დასკვნა და დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ა-ოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 8 იანვარს გამოცემული №1000691840 უარყოფითი დასკვნა და დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მ. ა-ოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით აპელანტ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებით, მოცემულ შემთხვევაში კი, მ. ა-ოსათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის №302 ბრძანებულება დღემდე ძალაშია და იგი არ გამხდარა სადავო. ამასთან, მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების განცხადება შეიძლება განხილულ იქნეს ისეთი პირის მიმართ, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, სააგენტომ შეუძლებელია განიხილოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი იმ პირის მიმართ, ვისაც შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა. სააგენტო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას ერთობლივად განიხილოს პირისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი (მით უფრო, რომ ის ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე არ არის) და მისთვის აღდგენის წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ზემოაღნიშნული გარემოებები ფაქტობრივად გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს ხდის.
2019 წლის 7 მაისს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დასადგენად საჭირო იყო განმცხადებელთან გასაუბრება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენელი დაუკავშირდა განმცხადებელს განცხადებაში მითითებულ ნომერზე, მას გაეგზავნა ტექსტური შეტყობინება, რომელიც ამცნობდა, რომ 2019 წლის 23 მაისს 11 საათზე დაბარებული იყო გასაუბრებაზე. 2019 წლის 24 მაისის მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმიდან ირკვევა, რომ მ. ა-ო, მოწვევის მიუხედავად, არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, შესაბამისად, მის შესახებ ინფორმაცია კომისიისათვის უცნობი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა სააგენტოს მიერ დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. 2019 წლის 4 ივნისის №4708 წერილით პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან სააგენტოს ეცნობა, რომ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, რაც ჩაითვლება პრეზიდენტის მიერ პირისათვის საქართველოს მოქალქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმად. საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულებით მ. ა-ოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. მოცემულ სასამართლო დავაში მხარე არ ასაჩივრებს პრეზიდენტის ბრძანებულებას, თუმცა „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. გაუგებარია, სამართლებრივად როგორ დარეგულირდება აღნიშნული საკითხი, ვინაიდან მხარე ითხოვს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე დასკვნის ბათილად ცნობას და სააგენტოსათვის დადებითი დასკვნის მომზადების დავალებას, თუმცა ამავდროულად, ძალაშია პრეზიდენტის ბრძანებულება ამავე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №1000658069 დასკვნა მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოებებიც, რომ სააგენტო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა განმცხადებელთან დაკავშირებას. პროცესზე გამოირკვა ისიც, რომ მას ტელეფონის ნომერი სწორად ჰქონდა მითითებული და შესაბამისად, ამ მხრივ სააგენტოს მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მხრიდან პრეზიდენტის ბრძანებულების მიღებას ადასტურებს ისიც, რომ მან შემდგომ სააგენტოს მიმართა მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისათვის, რაც ცალსახად იმ პირებისათვის არის განკუთვნილი, ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის. სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი სააგენტოს მხრიდან განმცხადებელთან დაკავშირების მცდელობა, რაც ასევე, არ არის სადავო გარემოება. აღსანიშნავია, რომ მხარე არ ყოფილა შეზღუდული კვლავ მიემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი სადავოდ არასდროს გაუხდია.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის წინაპირობები. ასევე, უსაფუძვლოა თანმდევი მოთხოვნა - სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ. ა-ო არის საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ 20-22); ბ) 2019 წლის 11 მარტს მ. ა-ომ „სხვა ქვეყნის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ“ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. განცხადებაში მიუთითა ტელეფონის ნომერი: ...; ასევე მიეთითა მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი .... საქმეში წარმოდგენელი სამახსოვრო ბარათით დადგენილია, რომ მ. ა-ოს 2019 წლის 11 მარტის №10000658069 განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია ეხილა ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge-ზე. მასვე, ეცნობა, რომ განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის (გასაუბრებაზე მოწვევის, შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილების) მოძიება შესაძლებელი იყო სააგენტოს ვებ-გვერდზე განცხადების სარეგისტრაციო ნომრისა და კოდური სიტყვის გამოყენებით. ამავე ბარათით მ. ა-ოს განემარტა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო დაინტერესებული პირი ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში მოეწვია გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაფრთხილებულ იქნა, მასზედ, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო საქმე დაეტოვებინა განუხილველად. განცხადების/შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელი იყო ტელეფონის ნომერზე: 2 405 405. სამახსოვრო ბარათი ხელმოწერილია მ. ა-ოს მიერ (ს.ფ 80-83, 180-181); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურს. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის №2/751 წერილით, სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მ. ა-ოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა (ს.ფ 77); დ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 7 მაისის №8572 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის მ. ა-ოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და გასაუბრებაზე დაიბარა (ს.ფ 66-68); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 7 მაისს, მ. ა-ოს - ... ტელეფონის ნომერზე გაუგზავნა SMS შეტყობინება და 2019 წლის 23 მაისს 11:00 საათზე გასაუბრებაზე დაიბარა (ს.ფ 186-187); ვ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 24 მაისის №9444 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე და სხდომის ოქმში მიუთითა, რომ კომისიისთვის მ. ა-ოს შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო, ვინაიდან მოწვევის მიუხედავად, არც თვითონ და არც წარმომადგენელი გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ. სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და მიიჩნია, რომ მ. ა-ო არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და მ. ა-ოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველოს/საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-ოს (საქმის №1000658069) მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაცია, მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა (ს.ფ 70-72); ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 24 მაისის №9444 სხდომის ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 27 მაისს მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა. დასკვნის თანახმად, არსებობდა მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წლის 27 მაისს, ხოლო პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცემულა (ს.ფ 25-26, 41, 65); თ) საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის №302 ბრძანებულებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მ. ა-ოს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ 37); ი) 2019 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ. ა-ომ. განცხადებაში მიუთითა ტელეფონის ნომერი: ... და მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრობს დაბადებიდან - ... წლის ...დან. საქმეზე წარმოდგენელი სამახსოვრო ბარათით დადგენილია, რომ მ. ა-ოს 2019 წლის 8 ნოემბრის №10000691840 განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია ეხილა ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge-ზე. მასვე, ეცნობა, რომ განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის (გასაუბრებაზე მოწვევის, შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილების) მოძიება შესაძლებელი იყო სააგენტოს ვებ-გვერდზე განცხადების სარეგისტრაციო ნომრისა და კოდური სიტყვის გამოყენებით. ამავე ბარათით მ. ა-ოს განემარტა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო დაინტერესებული პირი ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში მოეწვია გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაფრთხილებულ იქნა მასზედ, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო საქმე დაეტოვებინა განუხილველად. განცხადების/შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელი იყო ტელეფონის ნომერზე: 2 405 405. სამახსოვრო ბარათი ხელმოწერილია მ. ა-ოს მიერ (ს.ფ 154-157, 152-153); კ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მ. ა-ოს 2019 წლის 8 ნოემბრის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 11 ნოემბრის ინფორმაციით, საკადრო შემოწმების შედეგად, მ. ა-ოს შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (ს.ფ 134). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 9 დეკემბრის MIA 3 19 03298952 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ წერილში მითითებული პირების (მათ შორის, მ. ა-ოს) მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურა არ მიმდინარეობს (ს.ფ 135). საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2019 წლის 3 დეკემბრის №2/3532 წერილის მიხედვით, საქართველოს დაზვერვის სამსახურს წერილში მითითებული პირების (მათ შორის მ. ა-ოს) შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ 132-133). ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 11 ნოემბერს წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა, მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დროებითი უფლების აღდგენაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ს.ფ 130). აღნიშნულ მიმართვაზე პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სააგენტოს აცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ. ა-ოს შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა (ს.ფ 131); ლ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 20 დეკემბრის №21854 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ტესტირებაზე დაიბარა მ. ა-ო (ს.ფ 127-128); მ) 2019 წლის 18 დეკემბერს 19:42:26 საათზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაფიქსირებულია, რომ ტელეფონი: ... იყო გამორთული. 2019 წლის 20 დეკემბერს 14:57:02 საათზე დაფიქსირებულია შეტყობინება რომ ტელეფონი: ... იყო კვლავ გამორთული. 2019 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მ. ა-ოს - ... ტელეფონის ნომერზე გაუგზავნა შეტყობინება და 2019 წლის 30 დეკემბერს 15:00 საათზე დაიბარა ტესტირებაზე (ს.ფ 186-187); ნ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №22213 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ვერ შეამოწმა მ. ა-ოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, ვინაიდან მოწვევის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა ტესტირებაზე (ს.ფ 125-126); ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 8 იანვარს მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მ. ა-ოს ცოდნის დონე არ შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზე იყო მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2020 წლის 8 იანვარს, ხოლო პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცემულა (ს.ფ 123-124, 122, 120, 121).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული ორგანული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 211 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.
დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.
ზემოაღნიშნული დებულების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2019 წლის 11 მარტს მ. ა-ომ „სხვა ქვეყნის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ“ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 7 მაისს მ. ა-ოს - ... ტელეფონის ნომერზე გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება და 2019 წლის 23 მაისს 11:00 საათზე გასაუბრებაზე დაიბარა, რომელზეც მოსარჩელე არ გამოცხადებულა. კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველოს/საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-ოს (საქმის №1000658069) მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაცია, მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 24 მაისის №9444 სხდომის ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 27 მაისს მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნატურალიზაციის სახეა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, (1) საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად; (2) პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
მითითებული ორგანული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 322 მუხლის თანახმად, (1) საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად; ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისა და კანონის 322 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი – ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად. დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნას აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია; (2) ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისას, მიუთითებს ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს. გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს; (7) გასაუბრების გზით ცოდნის დონის შემოწმებისას, კომისია წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით არკვევს განმცხადებლის ცოდნის დონეს; (8) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, აღდგენის წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე და სპეციალური წესით მინიჭების საკითხების განხილვისას, შესაბამისად, სახელმწიფო ენის და/ან საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შეფასებისას, კომისია იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ. ა-ომ. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 20 დეკემბრის №21854 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ტესტირებაზე დაიბარა მ. ა-ო. 2019 წლის 18 დეკემბერს 19:42:26 საათზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაფიქსირებულია, რომ ტელეფონი: ... იყო გამორთული. 2019 წლის 20 დეკემბერს 14:57:02 საათზე დაფიქსირებულია შეტყობინება, რომ ტელეფონი: ... იყო კვლავ გამორთული. 2019 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მ. ა-ოს - ... ტელეფონის ნომერზე გაუგზავნა შეტყობინება და 2019 წლის 30 დეკემბერს 15:00 საათზე დაიბარა ტესტირებაზე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №22213 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ვერ შეამოწმა მ. ა-ოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, ვინაიდან მოწვევის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა ტესტირებაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 8 იანვარს მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც მ. ა-ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე, ასევე, მისთვის აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მომზადებულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მ. ა-ო გასაუბრებასა და ტესტირებაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ ვერ შეძლო საქართველოსთან პირის მჭიდრო კავშირის შეფასება, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას, კომისიამ ვერ შეძლო დაედგინა მ. ა-ოს ცოდნის დონე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე... აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას... საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ მ. ა-ოს მიმართ არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების მოტივით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ პირობებში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებულ დასკვნებს საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ა-ო გასაუბრებასა და ტესტირებაზე არ გამოცხადებულა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეფასებულა მ. ა-ოს საქართველოსთან კავშირის სარწმუნოობა. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ტელეფონის ნომერი იყო გამორთული. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ა-ოს ტესტირებაზე დაბარების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ამავე ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ტესტირების შესახებ მოსარჩელის სათანადოდ ინფორმირების ფაქტს, რის გამოც, ვერ შეფასდა მოსარჩელის ცოდნის დონე.
ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2026წ. №02399 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა