დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-460(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-460(კ-24) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „...ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „...ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „საბჭო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საბჭოს 01.12.2022 წლის №17913/2/2022 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საბჭოს 01.12.2022 წლის №17913/2/2022 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024 წლის გადაწყვეტილებით საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.2023 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.09.2022 წლის №23333 ბრძანებით მოსარჩელის საჩივარი ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.05.2022 წლის №007-114 საგადასახადო მოთხოვნაზე არ დაკმაყოფილდა.

4.2. მოსარჩელე 08.09.2022 წლის ბრძანებას გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის ელექტრონული გვერდიდან 13.09.2022 წელს. მოსარჩელემ 08.09.2022 წლის ბრძანება და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა საბჭოში 04.10.2022 წელს, ასევე საბჭოს წარუდგინა განცხადება მასზე, რომ ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების (არ მომხდარა მისი ჰოსპიტალიზება და ვერ ადასტურებს დოკუმენტურად) გამო საჩივრის წარდგენა მოხდა რამდენიმე საათის დაგვიანებით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, 3 ოქტომბრის ნაცვლად.

4.3. საბჭოს 01.12.2022 წლის №17913/2/2022 გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდეგში „საგადასახადო კოდექსი“) 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი დარჩა განუხილველი (ს.ფ. 13,14). გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, არ იკვეთება ამ ვადის აღდგენის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საფუძველი.

4.4. საამართლოს განმარტებით, უნდა შეფასდეს, არის თუ არა საჩივრის წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის ერთი კალენდარული დღით გადაცილების გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ,,მკაცრად ფორმალური" ხასიათის და გადამეტებულად ზღუდავს თუ არა მოსარჩელის უფლებას საჩივრის წარდგენაზე. ამისათვის უნდა გაანალიზდეს საგადასახადო დავის ფარგლებში საჩივრის არსი და მისი წარდგენის წესი.

4.5. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ" ქვეპუნქტის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის საჩივრები. ამდენად, კანონმდებელი აუცილებლად მიიჩნევს საჩივრის წარდგენისათვის კანონითვე განსაზღვრული წესის დაცვას, რათა საგადასახადო ორგანოს წარმოეშვას ვალდებულება - განიხილოს საჩივარი და პროცედურა იყოს ეფექტიანი.

4.6. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. ამასთან, ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილით საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

4.7. უდავოა, რომ მოსარჩელე ბრძანებას გაეცნო 13.09.2022 წელს, ამდენად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 14.09.2022 წელს და დასრულდა 03.10.2022 წელს. საჩივარი მოსარჩელემ საბჭოს წარუდგინა 04.10.2022 წელს, ე.ი - აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

4.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრის წარდგენისათვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა ემსახურება სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფას, რათა ამგვარი აქტით განხორციელებული მოწესრიგების კანონიერება გაურკვეველი ვადით არ დადგეს ეჭვქვეშ. გადასახადის გადამხდელს ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია მიაღწიოს ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივრის განხილვას, თუ იგი ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული წესით, დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად, უნდა არსებობდეს საპატიო მიზეზი, რის გამოც გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო საჩივრის დადგენილ ვადაში წარდგენა. ანალოგიური შინაარსის ნორმებს ივალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც (შემდეგში სზაკ), კერძოდ, 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით, ხოლო 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

4.9. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა მისი ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საბჭომ შეფასების მიღმა დატოვა მომჩივნის ახსნა-განმარტებები საჩივრის მცირე დროით წარდგენის მიზეზების შესახებ. საბჭოს 01.12.2022 წლის №17913/2/2022 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მოსარჩელე ვერ ადასტურებს დოკუმენტურად, ,,...არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი" (ს.ფ.14). არასაპატიო მიზეზით გასაჩივრების ვადის თუნდაც ერთი დღით დარღვევის გამო საჩივრის განუხილველად დატოვება განხილული უნდა იყოს არა მკაცრად ფორმალურ მიდგომად, არამედ - მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვად, რაც ადმინისტრაციული ორგანოების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

10. საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, ამავდროულად, საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზებას უკავშირდება საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი (საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი). თუმცა, გასაჩივრების უფლება არ არის დროში შეუზღუდავი უფლება და დაინტერესებულმა პირმა იგი უნდა გამოიყენოს კანონით დადგენილ ვადაში (სუსგ №ბს-1306(კ-19), 16.09.2020წ.). საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.09.2022 წლის №23333 ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 13.09.2022 წელს (ს.ფ. 215). ამდენად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის ათვლა, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დაიწყო 14.09.2022 წელს და დასრულდა 03.10.2022 წელს. დადგენილია და სადავო არ არის, რომ საჩივარი მოსარჩელემ საბჭოს წარუდგინა 04.10.2022 წელს, ანუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 15-18, 27)

13. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

14. სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად - დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. სზაკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

15. მოსარჩელე საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად მიუთითებდა ბუღალტრის ავადმყოფობას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო სსსკ-ის 102.3 მუხლის შესაბამისად, მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის თაობაზე (შდრ. სუსგ Nბს-520(კ-24), 21.01.2025წ.). აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სათანადო მენეჯმენტით ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის ავადმყოფობამ, თუ სხვა საფუძვლით სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. შესაბამისად, ასეთ დროს გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიოდ შეფასებისათვის სამეწარმეო საზოგადოებამ უნდა ადასტუროს, როგორც თანამშრომლის შრომისუუნარობის თუ სხვა საფუძვლით შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის ფაქტი, ისე ის, რომ სამეწარმეო საზოგადოება არსებულ ვითარებაში სხვაგვარად ვერ უზრუნველყოფდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოქმედების ვადაში შესრულებას/საჩივრის წარდგენას. მოცემულ საქმეზე ასეთი წინაპირობები არ დადგინდა, რაც შესაძლებელია, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე გაშვებული ვადის აღდგენის წინაპირობა გამხდარიყო. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბჭოს 01.12.2022 წლის №17913/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ას” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024 წლის გადაწყვეტილება.

3. შპს „...ას” (ს/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს ს. ა-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 224494932217, გადახდის თარიღი: 24.06.2024წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე