დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-52(კ-26) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა. ს-ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხ.) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ს-ემ 2021 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 7 000 ლარის ანაზღაურების დავალება.
სარჩელის თანახმად, ა. ს-ე 2021 წლის 18 ნოემბერს 19 საათსა და 35 წუთზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. 2021 წლის 20 ნოემბერს მის მიმართ შედგა ... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ა. ს-ეის მიმართ, რამდენადაც არ არსებობდა მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების საფუძველი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით წარმოადგენდა მისთვის მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა. ს-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 200 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ა. ს-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ა. ს-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა. ს-ეის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო სამართალწარმოებაში ადვოკატის მომსახურების ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა ა. ს-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში ასახული, პირის მარეაბილიტირებელი გარემოებების არსებობის პირობებში, „უკანონოდ შეფასებადი“ ქმედებების ჩამონათვალი უკავშირდება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროს („მსჯავრდება“, „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა“, „აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება“, „ადმინისტრაციული პატიმრობა“, „დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება“). აღნიშნული ნორმა თანაბრად ადგენს სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე რეაბილიტირებულ პირთათვის კომპენსაციის გარანტიას, შესაბამისად, ნებისმიერ თავისუფლების შეზღუდვის ფორმას (მათ შორის - ადმინისტრაციულ დაკავებას) უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისევე როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, ადმინისტრაციული დაკავებაც თავის არსით ექცეოდა სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის შემადგენლობაში.
პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული დაკავება უფლებაში ჩარევის დაბალი ინტენსივობით ხასიათდებოდა, თუმცა პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემამ, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებამ, შესაძლოა წარმოშვას ნეგატიური განცდები, სტრესული მდგომარეობა, რეპუტაციის შელახვის საფრთხე, რაც თავის მხრივ, წარმოშობდა სახელმწიფოს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას რეაბილიტირებული პირისთვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.
პალატამ მიიჩნია, რომ ა. ს-ეის მიმართ გამოტანილი, საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში არსებული დადგენილება წარმოადგენდა ამ პირის რეაბილიტაციის საფუძველს. დადგენილებით უტყუარად დასტურდებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არარსებობა, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიება - დაკავება, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, უნდა ჩათვლილიყო უკანონოდ. თავის მხრივ, დაკავების უკანონოდ მიჩნევამ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შემზღუდავი ზემოქმედებების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ქმნიდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდავი ღონისძიების ნაკლებად ინტენსიური ხასიათის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამინისტროს ა. ს-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ ა. ს-ეის ქმედებები არ შეიცადა სამართალდარღვევის ნიშნებს, რისი გათვალისწინებითაც შეწყვიტა სამართალდარღვევის საქმის წარმოება, თუმცა ბუნებრივია სასამართლოს არ განუხილავს, არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ა. ს-ეის მიმართ ადმინისტრაციული დაკავების, როგორც საპოლიციო ღონისძიების გამოყენების კანონიერება, ვინაიდან აღნიშნული სცდებოდა მის კომპეტენციას და კანონი არ იძლეოდა შესაძლებლობას სასამართლოს იმავე სხდომის ფარგლებში დაედგინა საპოლიციო ღონისძიების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლიანობა. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოს აწესებენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ვერ იქნა დადასტურებული, თუმცა გადაწყვეტილებებში არ უთითებენ პოლიცია მოქმედებდა თუ არა დაკავებისას კანონიერად, ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე კი მხოლოდ სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის მითითების ხარჯზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება ეწინააღმდეგება კანონს.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დაკავება და ადმინისტრაციული პატიმრობა, არსობრივი, სამართლებრივი და ინტენსივობის გათვალისწინებით, ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიებაა. პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით დააკავოს პირი სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის, ხოლო ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, პირის დაკავება მისი ბრალეულად ცნობის გარეშე, ადმინისტრაციული წესით დაკავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი იმწუთიერად გამოყენების საჭიროებისა და ხშირად დაკავების მეტისმეტად მცირე დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემული პირის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიების გამოყენებისას, საქმის მწარმოებელ ორგანოს არ აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა. ამდენად, ადმინისტრაციული დაკავების მომენტში, პოლიციელი ხელმძღვანელობს კანონისმიერი საფუძვლით.
დაკავება არის საპოლიციო ღონისძიება, რომლის კანონიერებასაც სასამართლო უნდა სწავლობდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისგან განცალკევებულად, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა არის სახდელის სახე, რომელიც მხარეს შეეფარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ განხორციელებული ქმედების უკანონობა. სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის დეფინიცია პირაპირ არ შეიცავს მითითებას რეაბილიტირებული პირისათვის ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დაკავების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების შესაძლებლობაზე. სკ-ის 1005.3 მუხლი შეიცავს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელების - „ადმინისტრაციული პატიმრობისა“ და „გამასწორებელი სამუშაოების“ შესახებ ჩანაწერს. „ადმინისტრაციული დაკავება“, როგორც სამართალდარღვევის საქმეზე რეაბილიტირებული პირისათვის უკანონოდ მისაჩნევი ზემოქმედების ღონისძიება ნორმაში მითითებული არ არის. სასამართლოს მიზანია სწორად გადაწყვიტოს საქმე, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და მათ მიმართ ზუსტად შეფარდებულ კანონს. მართალია, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში რეაბილიტირების შესაძლებლობას, თუმცა არა ადმინისტრაციული დაკავების დროს.
კანონმდებელმა ამომწურავად ჩამოთვალა ის შემთხვევები, რაც წინ უძღვის რესტიტუციას. მოცემულ შემთხვევაში ანალოგია ვერ იქნება გამოყენებული და სასამართლო არ უნდა გასცდეს კანონის მიზანს, რამეთუ იგი არის ამომწურავი და მიემართება კონკრეტულ გარემოებებს. აგრეთვე, ადმინისტრაციული დაკავება ისე, რომ არ დადგენილა მისი უკანონობა, არ იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნეს კანონის ანალოგია, მით უფრო იმ პირობებში, რომ ადმინისტრაციული დაკავება თავისი არსით იმდენად მცირე ჩარევაა ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლებაში, რომ იგი კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დაპატიმრების რეგულაციის სფეროშიც არ ხვდება.
სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლით დადგენილი ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი მორალური ზიანის მოცულობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს გონივრულად და სამართლიანად. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის მთავარი ინდიკატორი ზიანის გამომწვევი ქმედების ხასიათი და სიმძიმეა, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია საქმის ინდივიდუალურ გარემოებებთან. სასამართლომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურების ოდენობა უნდა დაადგინოს შემთხვევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. ამასთან, როგორც წესი, კომპენსაცია ასეთ შემთხვევაში ატარებს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს. ადმინისტრაციული დაკავება კი უფლებაში ჩარევის დაბალი ინტენსივობით ხასიათდება. ა. ს-ემ დაკავების ქვეშ გაატარა დაახლოებით 40 საათი, დაკავებული იქნა 18.11.2021წ. 19:35 საათზე, ხოლო ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა 20.11.2021წ. 15:14:39 საათზე. სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა 200 ლარის ანაზღაურება, რაც მისი მოსაზრებით არის არაგონივრული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებას ითხოვდა უკანონო დაკავებიდან გამომდინარე, შესაბამისად, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა მარეაბილიტირებელი საფუძველი და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ზიანის წარმომშობ გარემოებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა: კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა („ა“ ქვ.პ.); კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად („ბ“ ქვ.პ.); პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა („ც“ ქვ.პ.); არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად („დ“ ქვ.პ.); პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება („ე“ ქვ.პ.); პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) ან გადაცემისათვის (ექსტრადიცია) („ფ“ ქვ.პ.). „თავისუფლების უფლების“ დადგენით, მე-5 მუხლი ითვალისწინებს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ არავის ჩამოერთვას ეს თავისუფლება თვითნებურად. უსაფრთხოება გულისხმობს დაკავების, დაპატიმრების მიმართ თვითნებობის აკრძალვას (ENGEL AND OTHERS v. THE NETHERLANDS (Application no. 5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72) § 58) (იხ. სუსგ №ბს-516(2კ-25), 22.10.25წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შედეგად კომპენსაციის მიღების უფლებას ასევე განამტკიცებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილია მარეაბილიტირებელი აქტი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2021 წლის 18 ნოემბერს, 19:35 საათზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ა. ს-ე, რომლის მიმართ 2021 წლის 20 ნოემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ... ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო სხდომა გაიმართა 2021 წლის 20 ნოემბერს, რომელსაც ესწრებოდა ა. ს-ე. სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 2021 წლის 20 ნოემბერს 14:51:58 საათზე და დასრულდა 15:14:39 საათზე, სასამართლო სხდომა გადაიდო 2021 წლის 22 ნოემბერს, 12:00 საათზე. შესაბამისად, ა. ს-ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით (საქმე №4/7155-20), ა. ს-ეის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა საფუძველი იმისათვის, რომ ა. ს-ეის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის (სუსგ საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ ა. ს-ეის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით წარმოიშვა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება და მიენიჭა შესაბამისი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაც გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების გაზიარების შესაძლებლობას - განსახილველ საქმეში მარეაბილიტირებელი გარემოებების არარსებობის შესახებ. პალატა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება შეიცავს სასამართლოს დასკვნას პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წარდგენილი ქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას. ამდენად, უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიების არამართლზომიერება, რაც წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის უფლებებში აღდგენის - მისი რეაბილიტაციის საფუძვლებს (იხ. სუსგ საქმე №ბს-242(2კ-25), 19.06.2025წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული შეფასება სრულ თანხვედრაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის №ბს-416(კ-20) გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ „დაკავების ღონისძიება განხორციელდა ფორმალურად კანონიერი საპროცესო აქტების საფუძველზე, ისინი, კანონით დადგენილი წესით, წარდგენილ იქნენ სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებებით შეწყდა საქმეთა წარმოება, სამართალდარღვევის შემთხვევების არარსებობის გამო. ამდენად, დადგენილებებით დადასტურდა მოსარჩელეთა არაბრალეულობა და წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო დაკავება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, ვინაიდან დადგენილების გამოტანამდე ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების წესს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაკავების გასაჩივრებას და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, ან როდესაც სადავოდ არის ქცეული ადმინისტრაციული დაკავების პროცედურა და მისი უკანონობა დამოუკიდებლად წარმოადგენს დავის საგანს ისე, რომ არ უკავშირდება საქმეზე საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას - საქმის წარმოების შეწყვეტას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება დაკავებული პირების მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სასამართლოს მიერ შეწყვეტის ანუ მათი მარეაბილიტირებელი გარემოების დადგომით მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი“.
რაც შეეხება მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, ზოგადად, სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა, თითოეულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულობით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუსგ №ბს-509-506(2კ-17), 30.11.2017წ.). ამდენად, დაუშვებელია, დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა გასცდეს გონივრულ ჩარჩოებს და რეალობისაგან მოწყვეტით მიაღწიოს უსაზღვრო ნიშნულს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-ეის თავისუფლების რამდენიმესაათიანი შეზღუდვის გამო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება (სასამართლოს მიერ მიღებულ მარეაბილიტერებელ გადაწყვეტილებასთან ერთად) აკმაყოფილებს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა