დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2026
საქმის ნომერი
ბს-880(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-880(კ-25) 19 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. კ-იმა 2022 წლის 12 აგვისტოს სარჩელით, ხოლო 2024 წლის 6 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი.

სარჩელის მიხედვით, ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობის უფლებით მიღებული აქვს მოსარჩელესა და მის ძმას გ. კ-ის. 2022 წლის აპრილში მეზობლებისგან შეიტყვეს, რომ ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართეს საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია მხოლოდ ნაწილობრივ მიიღეს.

მოსარჩელის მითითებით, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს, თუმცა ძეგლის სტატუსის გამო შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდება, რაც მატერიალურ ზიანს აყენებს. მოსარჩელის მითითებით, ძეგლის სტატუსი მინიჭებულია კანონმდებლობის დარღვევით, შენობის სათანადო შესწავლის გარეშე, ვინაიდან სააღრიცხვო მონაცემები არ შეესაბამება მშენებლობის რეალურ პერიოდს, ასევე, სტატუსის მინიჭებისას მესაკუთრეებს არ მიეცათ ინფორმირების, მოსაზრების წარდგენისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. კ-იი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანება, იმ ნაწილში რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი. მოპასუხე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსის მინიჭებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესის მიუხედავად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია. კერძოდ, სააღრიცხვო ბარათში სახლი XIX საუკუნის ბოლოს აშენებულ ობიექტად იყო მითითებული, თუმცა საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარადგინა ბორჯომის ქალაქი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სახლი აგებულია არა XIX საუკუნის დასასრულს, როგორც ეს სააღრიცხვო ბარათშია ექსპერტების მიერ მითითებული, არამედ XX საუკუნის პირველ ნახევარში. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა სააღრიცხვო ბარათში არსებულ მონაცემებთან, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული გარემოებები არ ჰქონდა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული.

2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისას ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. კერძოდ, მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული პირი და მესაკუთრის უფლებამონაცვლე, არ იყო ინფორმირებული მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი პოზიცია და მტკიცებულებები. სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა წარმოადგენს მისი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლების რეალიზებაზე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს არქივში არ აღმოჩნდა აქტის მომზადებასთან დაკავშირებული კომისიის მასალები, რაც მიუთითებდა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების საჭიროებაზე.

ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასაკმარისი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ისინი ბათილად ცნო და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანებასთან მიმართებით განმარტა, რომ აღნიშნული აქტი მიღებული იყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციის პირობებში, რომელიც ძალადაკარგულია 2007 წლის 8 მაისის №1708 კანონით. 2007 წლის 8 მაისის ახალი კანონის გარდამავალი დებულების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქტები, მათ შორის ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები, ჩაითვალა ახალი კანონის შესაბამისად გამოცემულად.

პალატამ ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ობიექტის შეტანა შესაძლებელია 6 თვის ვადით, ხოლო ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ და არაუმეტეს დამატებით 6 თვისა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის №3/312 ბრძანებით დამტკიცებული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია სწორედ ამ დროებითი სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში მოქმედებდა, რის გამოც მისი მოქმედების ვადა ამოწურულია და დღეის მდგომარეობით მას იურიდიული ძალა აღარ გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არამოქმედი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო 2006 წლის №3/312 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი წარმოების ჩატარება დაავალა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა იმ აქტის კანონიერებაზე, რომელსაც უკვე დაკარგული ჰქონდა იურიდიული ძალა.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და სამართლებრივ დასკვნებს 2010 წლის N3/87 ბრძანების სადავო ნაწილთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა კანონშესაბამისი იყო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს განსაზღვრავდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, რომლის მე-15 მუხლის თანახმად, ობიექტს უნდა ჰქონოდა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამ გარემოებების შეფასება საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და დარგის ექსპერტის დასკვნას, რომლის საფუძველზეც მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება.

მითითებული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანიჭებდა, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო საბჭოს წარდგინება. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი იყო, რომ სამინისტროში იქმნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით კომპლექტდებოდა. შესაბამისად, უძრავი ქონების ისტორიული ან კულტურული ღირებულების შეფასება სწორედ ექსპერტებისა და საბჭოს მონაწილეობით უნდა განხორციელებულიყო, რის შემდეგაც მინისტრი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ერთადერთ მტკიცებულებად უთითებდა 2006 წლის აგვისტოში შედგენილ №52 და №17655 სააღრიცხვო ბარათებს, რომლებშიც აღწერილი იყო ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აგებული საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე აღნიშნულ დოკუმენტებს დარგის ექსპერტის დასკვნად მიიჩნევდა და მათ საფუძველზე ასაბუთებდა უძრავი ქონებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზარა მოპასუხის მოსაზრებები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და მინისტრის 2007 წლის №3/175 ბრძანების საფუძველზე განმარტა, რომ სააღრიცხვო ბარათი იყო მხოლოდ ობიექტის იდენტიფიკაციის ზოგადი დოკუმენტი და მინისტრის აქტის დანართი, შესაბამისად იგი არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ერთადერთ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ ერთმანეთისგან გამიჯნა კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეყვანისა და ძეგლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი ურთიერთობები და განმარტა, რომ სიაში შეყვანა ავტომატურად არ გულისხმობდა სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან იგი დამატებით პროცედურებს მოითხოვდა. დადგინდა, რომ მოსარჩელის ქონება 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანებით შეყვანილი იქნა შესაბამის სიაში, რასაც წინ უსწრებდა სააღრიცხვო ბარათების შედგენა და რომლის საფუძველზეც დეპარტამენტს დაევალა ექსპერტიზა და მასალების კომისიისთვის წარდგენა, თუმცა ამ ვალდებულების შესრულება არ დადასტურდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ექსპერტიზის ჩატარების ვარაუდის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნა, ხოლო სააღრიცხვო ბარათები ვერ ჩაანაცვლებდა მას. ამასთან, სადავო აქტს არ გააჩნდა საკმარისი დასაბუთება და არ იყო წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რის გამოც იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით გამოცემულად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი საბჭოს დასკვნა არ არსებობდა და სადავო აქტი სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სამართალწარმოებისას წარმოდგენილ იქნა ბორჯომის ქალაქი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სახლი აგებულია არა XIX საუკუნის დასასრულს, როგორც ეს სააღრიცხვო ბარათშია ექსპერტების მიერ მითითებული, არამედ XX საუკუნის პირველ ნახევარში. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა სააღრიცხვო ბარათის მითითებასთან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 2 ივლისის №3/87 ბრძანების მიღების პროცესში არ იყო ჩართული იმდროინდელი სახლის მესაკუთრე და მას არ მიეცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რასაც აპელანტი უარყოფდა და მიიჩნევდა, რომ მსგავსი ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი პირდაპირ არ აწესებდა ამგვარ დათქმას, თუმცა გამოყენებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 95-ე მუხლი, რომლებიც ითვალისწინებდნენ დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და ინფორმირების ვალდებულებას. დადგინდა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, თუმცა მისი ინფორმირება და პროცესში ჩართვა არ დადასტურდა. ამასთან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი მესაკუთრის ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ხელშეკრულება არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის ჩართულობის გარეშე მიღებული აქტი იყო არასრულყოფილად დასაბუთებული და საჭიროებდა ხელახალ შეფასებას მისი მონაწილეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად განმარტა როგორც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის სამართლებრივი მნიშვნელობა. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს საბჭოს მიერ დარგის ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შეფასების არსებით მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების აუცილებელ წინაპირობას.

კასატორის მოსაზრებით, 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანების შინაარსი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს დაევალა სიაში შეყვანილი ობიექტების კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება, სასამართლომ არ გაითვალისწინა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ 2010 წლის 02 ივნისის №3/87 ბრძანება მიღებულია სწორედ შესაბამისი ექსპერტიზისა და მასალების შესწავლის შედეგად. კასატორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქმეში არსებულ სააღრიცხვო ბარათებს (№17655 და სხვა), რომლებიც წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილ ფორმას და შეიცავს ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ მონაცემებს. სააგენტო მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დარგის სპეციალისტის მიერ და ასახავს ობიექტის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას, მათ შორის XIX საუკუნის დასასრულით დათარიღებას, არქიტექტურულ უნიკალურ მახასიათებლებს (ხის აივნები, სვეტები, ჭვირული ფრონტონები, მოაჯირები) და ასევე ობიექტის დაზიანებისა და განადგურების რისკს, რაც საჭიროებდა მისი დაცვის უზრუნველყოფას.

კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, მათ შორის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-1182(კ-21)), სადაც განმარტებულია, რომ სააღრიცხვო ბარათში ასახული ინფორმაცია, როგორც დარგობრივი შესწავლის შედეგი, წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებით წყაროს ობიექტის კულტურული ღირებულების შეფასებისას. შესაბამისად, სააღრიცხვო ბარათების უგულებელყოფა და მათი მტკიცებულებითი ძალის არასათანადო შეფასება სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს მატერიალური სამართლის დარღვევას. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული დარღვევები და დაუშვებლად მიიჩნია საბჭოს დასკვნისა და ექსპერტული შეფასებების არარსებობა, მაშინ როდესაც საქმის მასალები ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო კვლევებისა და ადმინისტრაციული პროცედურების საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ 2010 წლის №3/87 ბრძანება მიღებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-15 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევა არ დასტურდება, რადგან გადაწყვეტილება ემყარება საკმარის მტკიცებულებით ბაზას და დასაბუთებულ ადმინისტრაციულ შეფასებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის შინაარსისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებული შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მიერ შესაფასებელია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების იმ ნაწილის კანონიერება, რომლითაც ბორჯომში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი სადავო აქტის გამოცემისას, ისევე როგორც დღეის მდგომარეობით, რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი („ი.ა“ ქვეპუნქტი).

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ვერ ხერხდებოდა ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებდა, მინისტრი უფლებამოსილი იყო მაინც შეეტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდებოდა ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. მე-5 პუნქტის შესაბამისად, ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილიყო 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლებოდა მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქციით) მე-6 პუნქტის თანახმად, სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენდა საბჭოს. მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდებოდა, რომ არ არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილი იყო ამოერიცხა ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2006 წლის აგვისტოში შედგენილი უძრავი ძეგლის №52 სააღრიცხვო ბარათის და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის №17655 სააღრიცხვო ბარათის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (მდებარე: ბორჯომი, ...ს ქ.№...) აგების თარიღია XIX საუკუნის ბოლო. ძეგლის მოკლე დახასიათების მიხედვით, ბორჯომისთვის ტიპიური გეგმის მქონე ორ სართულიანი სახლი ხის აივნებით მდებარეობს ...ს ქუჩაზე, ეზოს სიღრმეში, ქუჩისაგან გაიმიჯნება ღობით. სახლთან მისვლა შესაძლებელია ალაყაფის კარიდან აღმართზე „აცოცებული“ ქვის მაღალი კიბეების ავლით. სახლი შემკულია ხის აივნებით, დახვეწილი სვეტებით, ჭვირული ფრონტონებითა და მოაჯირებით. სახლი ზოგადი შეფასებით არის საშუალო. დაზიანებულია სახლის შემამკობელი ხის დეტალები, სახურავი. საჭიროა სახურავის შეკეთება, ხის დაზიანებული დეტალების გამოცვლა. დაზიანების გამომწვევ მიზეზად მიეთითა, ხანდაზმულობა, ბუნებრივი მოვლენები. ხოლო მოსალოდნელ საშიშროებას წარმოადგენს სახლის შემამკობელი ხის დეტალების დაკარგვა.

სააღრიცხვო ბარათების განხილვის შედეგად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 12 სექტემბრის №3/312 ბრძანებით, დამტკიცდა ქ. ბორჯომის უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა თანდართული სია, მათ შორის, 46-ე ნომრად მიეთითა საცხოვრებელი სახლი (მდებარე: ...ს ქ.№...), აგების თარიღი XIX საუკუნის დასასრული. მითითებული ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს დაევალა თანდართულ სიაში მოცემული ობიექტების კულტურული კულტურული ფასეულობების დადგენის მიზნით 6 თვის ვადაში ჩაეტარებინა ექსპერტიზა და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიისათვის.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მიერ 2010 წლის 2 ივნისს მიღებული იქნა №3/87 ბრძანება, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ამ ბრძანების №1 დანართში მითითებულ ობიექტებს თანდართული (დანართი №2) სააღრიცხვო ბარათების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების №1 დანართში მე-14 ნომრად მიეთითა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ბორჯომი, ...ს ქ. №...-ში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამინისტროს არქივში არ აღმოჩნდა აქტის მომზადებასთან დაკავშირებული კომისიის მასალები. ამასთან, ბრძანების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ძირითადი მასალა იყო 2006 წლის აგვისტოში შედგენილი უძრავი ძეგლის №52 სააღრიცხვო ბარათი და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის №17655 სააღრიცხვო ბარათი.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მიერ 2010 წლის 2 ივნისს მიღებული იქნა №3/87 ბრძანების საფუძვლად გამოყენებული 2006 წელს შედგენილი სააღრიცხვო ბარათები და მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები საცხოვრებელი სახლის აგებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებს შეიცავდა - სააღრიცხვო ბარათის მიხედვით სახლი აგებული იყო XIX საუკუნის დასასრულს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ბორჯომის ქალაქი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერით, მისი აგების თარიღად მითითებული იყო XX საუკუნის პირველი ნახევარი. უძრავი ობიექტის/ძეგლის აგების თარიღის (თუკი ეს ცნობილია) მითითების ვალდებულება სხვა აუცილებელ მონაცემებთან ერთად კი გათვალისწინებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბერის №3/175 ბრძანებით დამტკიცებული „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესით“, რომლის მე-3 მუხლი ზუსტად განსაზღვავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო როგორც პირველადი, ისე დამატებითი და განახლებადი მონაცემების მითითების აუცილებლობას, რა გარემოებებიც გადაუმოწმებელი სახითაა ასახული ზემოაღნიშნულ სააღრიცხვო ბარათებში, ბორჯომში, ...ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანება სადავო ნაწილში, გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რაც სასამართლოს ანიჭებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ს/ნ204562311) დაუბრუნდეს 11.08.2025წ. №11281 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა