დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.06.2026
საქმის ნომერი
ბს-980(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-980(2კ-25) 8 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჩ. ო-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოსარჩელე - გ. თ-ი, მესამე პირი - ვ. ო-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №727 განკარგულება და მის საფუძველზე ამავე კომისიის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული №1937 საკუთრების მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის უფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ჩ. ო-ი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - ვ. ო-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. თ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №727 განკარგულება, დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოსცეს საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევა-შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული №1937 საკუთრების მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის საკუთრების უფლების თაობაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ო-იმა, ჩ. ო-იმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

3.1. კასატორის - ჩ. ო-ის მითითებით, სადავო განკარგულება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკითხი შესწავლილ იქნა კომისიის მიერ სრულყოფილად, მათ შორის, განხორციელდა ადგილზე დათვალიერება. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ გ. თ-ი არ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, საქმეში არ არის მტკიცებულება, რაც საპირისპიროს დაადასტურებს. ასევე საქმეში არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობაში ხელს უშლიდა კასატორი. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია მოცემული დავისთვის, ვინაიდან ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია გაყოფა და არაერთი ტრანზაქცია, კერძოდ, ნასყიდობა და იპოთეკით დატვირთვა, თუმცა შესაბამისი პირები არ იყვნენ მოწვეული სასამართლო სხდომაზე. საყურადღებოა, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული პროექტის საფუძველზე აშენებულია შენობა №1 - 58.56 კვ.მ და შენობა №2 - 21.97 კვ.მ.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მითითებული ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მოცემულია ამ ბრძანებულებით დადგენილი წესის მიზნებისათვის განსაზღვრულ ტერმინთა განმარტება. მიწის თვითნებურად დაკავების დამდასტურებელი დოკუმენტაცია ეს არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე კასატორი ფლობდა და სარგებლობდა აღიარებული უძრავი ქონებით (2007 წლამდე). შესაბამისად, მის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა კანონიერია. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბინაო წიგნს, მასში ფიქსირდება გადაშლა, რაც სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. ამასთან, საბინაო წიგნი გაცემული იყო აწ გარდაცვლილ გ. თ-ის მამაზე და მასში მითითებული მისამართი არ წარმოადგენს სადავო ქონების მისამართს. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია გ. თ-ის რეგისტრაციის შესახებ - თბილისი, ...ს დას. №..., ხოლო მისამართის სახელის ცვლილებას კი, ადგილი არ ჰქონია (№01/160546, 25.06.2024წ). ამდენად, გ. თ-ის მისამართი კავშირში არ არის სადავო ქონებასთან, რაც დასტურდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომ გ. თ-ი 1983 წლის 23 ივნისიდან რეგისტრირებულია ...ს დას. №...-ში.

კასატორის განმარტებით, რეგისტრაცია არ ნიშნავს საკუთრების უფლების წარმოშობას და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად, პირი უნდა ფლობდეს ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს კანონის ამოქმედებამდე, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მათ შორის, განახორციელა მიწის ნაკვეთისა და მასზედ მდგარი შენობის დათვალიერება. დადგინდა, რომ ჩ. ო-ი დაუფლებული იყო და ახორციელებდა ასაღიარებელი ნივთის ფაქტობრივ ბატონობას. ხოლო გ. თ-ი, რომელიც არის საბერძნეთის მოქალაქე და ცხოვრობს საბერძნეთში, არც არასდროს ფლობდა და არც დღეის მდგომარეობით ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით და მასზედ განთავსებული შენობებით.

3.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის №... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა ჩ. ო-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., საერთო ფართობი - 674.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. „ფიზიკური და კერძო სამართლის. იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევისა და კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა ჩ. ო-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, წარმოდგენილი ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), ფოტოსურათებითა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., საერთო ფართობი 674.00 კვ.მ) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული) და ორი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განკარგულება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლისთვისაც კანონმდებელი ითვალისწინებს დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს და მსგავსი აქტის ბათილობა მოითხოვს განსაკუთრებულ დასაბუთებას, ვინაიდან აღნიშნული აქტი გარკვეულ უფლებებს ანიჭებს მესამე პირს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა პირის უფლებებს ან ინტერესს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეფასების გარეშე არ უნდა დატოვოს გასაჩივრებული აქტის მიმართ მესამე პირის, ჩ. ო-ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემამდე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაინტერესებული პირის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ ჩ. ო-ი 2007 წლამდე ფლობდა თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობებს, რაც გახდა შესაბამის ქონებაზე ჩ. ო-ის უფლების აღიარების საფუძველი, გ. თ-ის კი, მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილება შეეძლო იმ პირობებში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები შექმნიდა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ ჩ. ო-ი კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) არ ფლობდა სადავო ტერიტორიას და თუ იარსებებდა იმის ვარაუდი, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება გ. თ-ის განცხადება. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლო ვერ უთითებს ვერც ერთ გარემოებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტს. სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს ორ ფაქტობრივ გარემოებას, მათ შორის, სადავო ტერიტორიაზე გ. თ-ის 1983 წლიდან რეგისტრაციის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. თ-იმა 1990 წლებიდან კავშირი გაწყვიტა სადავო ტერიტორიასთან და საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში (რასაც მეზობლებთან ერთად ადასტურებს თვითონ გ. თ-იც). აღნიშნული ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ საქმეზე (№ბს-690(2კ-19)) განმარტა შემდეგი - რ-იების ოჯახმა მიწის ნაკვეთის მიტოვებით მიწის ნაკვეთზე დაკარგა სარგებლობის და, შესაბამისად, შემდგომში მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. ამდენად, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ყოფილა არანაირი მითითება სადავო განკარგულების არაკანონიერებაზე და დამატებით უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაც პირდაპირ გამორიცხავს გ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარებას, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება 1983 წლიდან რეგისტრაციის ფაქტზე, რომელიც ვერ გახდება საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობა. ასევე, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით აღიარების კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2017 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო ჩ. ო-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით კომისიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაეგზავნა 2017 წლის ნოემბერს. შესაბამისად, გ. თ-ის მიერ კომისიისთვის მიმართვისას, სადავო უძრავ ქონებაზე ჩ. ო-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკა, რომლის მიხედვით, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს უშუალოდ განცხადების განხილვის მომენტში არსებული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე თუ უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როდის გადაიგზავნა კომისიაში განსახილველად ესა თუ ის საკითხი. მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმას, თუ როდის იქნა განხილული კომისიის მიერ საკითხი და რა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა იყო საკითხის განხილვის მომენტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა განსახილველი საკითხი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოწინააღმდეგე მხარეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჩ. ო-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჩ. ო-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩ. ო-იმა და ა. ი-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს განცხადებით (რეგისტრირებული ნომრით №...), რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №34-ში მდებარე 674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს. განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა: დაინტერესებული პირების პირადობის მოწმობების ასლები; ვ. ო-ის პირადობის მოწმობის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ორთოფოტო; კომუნალური გადასახადის ქვითარი; თანხმობები დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე (ტ.1. ს.ფ. 95-105); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 9 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით (თანხმობა) ვ. ზ-ემ და გ. ს-იმა განაცხადეს, რომ ჩ. ო-ის და ვ. ო-ის 674 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აზომილი შპს „ს...ს“ მიერ, მდებარებდა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ს დასახლება ..., №..., ს/კ ... და ქალაქი თბილისი, ...ს დასახლების ... ქუჩა ...ს №..., ს/კ ...) მიმდებარედ. მათვე დაადასტურეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და კონფიგურაცია (ტ. 1, ს.ფ. 80-82); გ) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა ჩ. ო-ის განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 108); დ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ჩ. ო-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საცხოვრებელ ზონა 2-ში (სზ-2) და მასზე გათვალისწინებული იყო „ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა“ (ტ. 1, ს.ფ. 85); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა (სხდომის ოქმი №652) და მის საფუძველზე, ამავე კომისიის მიერ 2018 წლის 6 ივნისს გამოტანილი №727 განკარგულებით დაკმაყოფილდა ჩ. ო-ის განცხადება. ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №34-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საერთო ფართობი - 674 კვ.მ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და მასზე აღიარებულ იქნა ჩ. ო-ის საკუთრების უფლება. განკარგულების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), ფოტოსურათებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებულ იქნა ჩ. ო-ის საცხოვრებელი სახლი და ორი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) (ტ. 1, ს.ფ. 72-73, 74-79); ვ) საბინაო წიგნის თანახმად, თ-ი პ. ვ.-ს ძე, ჩაწერილი იყო მისამართზე ...ს დას. №25-... (ტ.1. ს.ფ. 28-32); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემულია №1937 საკუთრების მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს №34-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის საკუთრების უფლების თაობაზე (ს.ფ. 17). ზ) საქართველოს მოქალაქის №... რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, რომელიც გაცემულია 1997 წლის 16 თებერვალს, გ. თ-ის რეგისტრაციის მისამართია, თბილისი ...ს დას. სახლი №...; რეგისტრაციის ორგანოს დასახელება: თბილისის სამგორის რაიონის შს სამმართველო (ტ. 1, ს.ფ. 23); თ) საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის საინფორმაციო ბარათის თანახმად, გ. თ-ის რეგისტრაციის ადგილია - თბილისი ...ს დას. №.... რეგისტრაციის თარიღი - 1997 წლის 16 თებერვალი (ტ.1, ს.ფ. 193); ი) გ. თ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 04 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა მისამართზე ქ. თბილისი, ...ს დას. სახლი №..., საკუთრების უფლების აღიარება (ტ.1, ს.ფ. 15); კ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 25 ივნისის №01/160546 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად (25.06.2024 წლის მდგომარეობით) გ. თ-ი 1983 წლის 23 ივნისიდან - დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ...ს დას. №.... ამასთან, სააგენტოში არ ფიქსირდება ინფორმაცია აღნიშნული მისამართის სახელდების ცვლილების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 238-239); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 01 ივლისის №141039 წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ს დასახლება №..., როგორც უძრავი ნივთის მოქმედი ან ყოფილი მისამართი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამისამართო რეესტრში აღრიცხული არ არის (თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად გასცეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ადრეულ პერიოდში მინიჭებულ/შეცვლილ მისამართებთან დაკავშირებით). სააგენტოში დაცულია ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ...ის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ 2008 წელს გამოცემული ენციკლოპედია („თბილისი, ქუჩები, გამზირები მოედნები“), რომლის მიხედვით, ...ს II დასახლება მდებარეობს ...ს და ...ის ქუჩებს შორის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №160 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთს (III ქუჩის და IV ქუჩის მონაკვეთები ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ქუჩად) და მასთან არსებულ სამ შესახვევს ...ს სახელი მიენიჭა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ივნისის №272 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს და ĪV ჩიხს ...ის სახელი მიენიჭა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ივნისის №273 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების V ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამ ჩიხს ...ს სახელი მიენიჭა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ივნისის №274 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების V ქუჩის მონაკვეთს ...ს ქუჩა ეწოდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ივნისის №275 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების IV და V ქუჩის მონაკვეთებს და ...ს II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა ...ს ქუჩა და ...ს I ჩიხი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №159 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ...ს II დასახლებაში ... ქუჩის მონაკვეთს მასთან არსებულ ხუთ ჩიხს და ხუთ შესახვევს ...ს სახელი ეწოდა. ქალაქ თბილისში, ...ს II დასახლების ... ქუჩის მონაკვეთს და მასთან მდებარე ჩიხს ...ს სახელი მიენიჭა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ოქტომბრის №112 განკარგულების (დანართი №1) (განკარგულებაში ტექნიკური შეცდომა გასწორდა საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №248 განკარგულებით (დანართი №2)) საფუძველზე. ამასთან, სამგორის რაიონში, ...ს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ 1 შესახვევს, I და II ჩიხებს ...ს სახელი მიენიჭა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №257 განკარგულების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 21 აგვისტოს წარმოდგენილი №... განცხადებით განხორციელდა უძრავი ნივთის (ს/კ ...; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მისამართად ფიქსირდებოდა: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..., №34) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზე: ... საკადასტრო ერთეულის დაყოფის შედეგად წარმოიქმნა ორი საკადასტრო კოდი: ... და .... დაყოფის შემდგომ, ორივე უძრავი ნივთის მისამართად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაფიქსირდა მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..., №34. სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის ... გადაწყვეტილების (დანართი №4) საფუძველზე, მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..., №34, საკადასტრო კოდით ..., ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №39. სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის ... გადაწყვეტილების (დანართი №5) საფუძველზე, მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..., №34, საკადასტრო კოდით ..., ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ...ს I ჩიხი, №2. სააგენტოს სამისამართო რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების თანახმად, უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით ...) მოქმედ მისამართს წარმოადგენს - ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №39, ხოლო უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით ...) მოქმედ მისამართს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, ...ს I ჩიხი, №2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 01 ივლისის №141039 წერილის თანახმად, სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, სახლი №25 და №... არ იძებნება. ინფორმაცია მოძიებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივის ელექტრონული ბაზის მიხედვით. ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია ტექნიკური აღრიცხვის ბარათები მისამართებით: ქ. თბილისი, ...ს დასახლება მე-IV ქუჩა №18-18ა/მე- ... ქუჩა №25-..., ქ. თბილისი, ...ს დასახლება მე-IV ქ. (...ის) №25, ქ. თბილისი, ...ს დასახლება 13-ე ქ. №25, ქ. თბილისი, ...ს დასახლება 7-ე შეს. №23-25(25), ქ. თბილისი, 2 ...ს დასახლება 5 ქუჩა №25, ქ. თბილისი, 2 ...ს დასახლება 2 ქუჩა №25, ქ. თბილისი, ...ს დასახლება მე- 5 ქ. №25-..., ქ. თბილისი, ...ს დასახლება 6-ე შეს. №25, ქ. თბილისი, ...ს დას. 2-ე შეს. №25, ქ. თბილისი, ...ს დასახლება მე-8 შესახვევი №25 (ტ.2, ს.ფ. 240-262); მ) თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 03 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებას საკრებულო 2006 წლიდან დღემდე პერიოდთან დაკავშირებით უზრუნველყოფს უშუალოდ გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, ხოლო 2006 წლამდე მინიჭებულ სახელწოდებებზე მსჯელობისას შესაბამისი კომისიის მიერ ხდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ...ის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ 2008 წელს გამოცემული ენციკლოპედიის („თბილისი, ქუჩები, გამზირები მოედნები“) ინფორმაციის გამოყენება. ხსენებული ენციკლოპედიის მიხედვით, ...ს II დასახლება მდებარეობს ...ს და ...ის ქუჩებს შორის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ: 2014 წლის 25 ნოემბრის №159 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ...ს II დასახლებაში, ... ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ხუთ ჩიხს და ხუთ შესახვევს ...ს სახელი ეწოდა; 2014 წლის 3 ოქტომბრის №112 განკარგულებით ... ქუჩის მონაკვეთს და მასთან მდებარე ჩიხს ...ს სახელი მიენიჭა ( აღნიშნულ აქტში 2014 წლის 22 დეკემბრის №248 განკარგულებით განხორციელდა ტექნიკური ცვლილება); 2014 წლის 22 დეკემბრის №257 განკარგულების საფუძველზე სამგორის რაიონში, ...ს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ 1 შესახვევს, I და II ჩიხებს ...ს სახელი მიენიჭა; 2019 წლის 24 მაისის №160 განკარგულებით, ...ს II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთს (III ქუჩის და IV ქუჩის მონაკვეთები ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ქუჩად) და მასთან არსებულ სამ შესახვევს ...ს სახელი მიენიჭა; 2022 წლის 10 ივნისის №272 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს და IV ჩიხს ...ის სახელი ეწოდა; 2022 წლის 10 ივნისის №273 განკარგულებით, ...ს II დასახლების V ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ სამ ჩიხს ...ს სახელი დაერქვა; 2022 წლის 10 ივნისის №274 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების V ქუჩის მონაკვეთს ...ს ქუჩა ეწოდა; 2022 წლის 10 ივნისის №275 განკარგულების საფუძველზე, ...ს II დასახლების IV და V ქუჩის მონაკვეთებს და ...ს II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა ...ს ქუჩა და ...ს I ჩიხი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფორმაცია კონკრეტულ მისამართთან დაკავშირებით დაცული არაა, შენობა ნაგებობებისა და საკადასტრო ერთეულების ნუმერაციას უზრუნველყოფს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო (ტ.2, ს.ფ. 263-283).

განსახილველ შემთხვევაში გ. თ-ის მიერ სადავოდაა ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №727 განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №34-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საერთო ფართობი - 674 კვ.მ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და მასზე აღიარებულ იქნა მოცემულ სამართალწარმოებაში მესამე პირის სტატუსით ჩართული - ჩ. ო-ის საკუთრების უფლება. ასევე გასაჩივრებულია დასახელებული განკარგულების საფუძველზე ამავე კომისიის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული №1937 საკუთრების მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს №34-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის უფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად; კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი უწყვეტად - კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან მოყოლებული, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტის ჩათვლით.

მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 95-ე მუხლი არეგულირებს დაინტერესებული მხარის მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2017 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო ჩ. ო-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით კომისიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაეგზავნა 2017 წლის 7 ნოემბერს (ტ.1, ს.ფ.72-73). შესაბამისად, გ. თ-ის მიერ კომისიისთვის მიმართვისას სადავო უძრავ ქონებაზე ჩ. ო-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. გასაჩივრებული განკარგულება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის საკუთრების უფლება იქნა აღიარებული, მიღებულია 2018 წლის 6 ივნისს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩ. ო-ის განცხადებასთან დაკავშირებით ისე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინა ჩ. ო-ის მიერ სადავო ქონების დაუფლებისა და სარგებლობის ფაქტი, რომ არ გაუთვალისწინებია გ. თ-ის მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს წარდგენილი განცხადებით დაფიქსირებული პრეტენზია სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უტყუარად დაედგინა უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი განმცხადებელი, დაინტერესებული პირი, რომელიც სადავო უძრავი ქონების რეალური მფლობელი, მოსარგებლე ან თვითნებურად დამკავებელია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი უწყვეტად - კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან მოყოლებული, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მან სადაო უძრავი ქონება დროებით, ქირით დაუტოვა ჩ. ო-ის და ასევე შეუთანხმდა, რომ მის საზღვარგარეთიდან ჩამოსვლამდე მოევლო სახლისა და ბაღისათვის. მისივე განმარტებით პერიოდულად ჩამოდიოდა მამისეულ სახლში და ქირასაც ღებულობდა. სადაო მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საბინაო წიგნი, რომლის თანახმად, თ-ი პ. ვ.-ს ძე, ჩაწერილი იყო მისამართზე ...ს დას. №25-.... ასევე, საქართველოს მოქალაქის №... რეგისტრაციის მოწმობა, რომლის თანახმად, გ. თ-ის რეგისტრაციის მისამართია, თბილისი ...ს დას. სახლი №... (რეგისტრაციის ორგანოს დასახელება თბილისის სამგორის რაიონის შს სამმართველო). საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვით, გ. თ-ის რეგისტრაციის ადგილია - თბილისი, ...ს დას. №.... საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 29 სექტემბერს ე. ყ-ის და მ. დ-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (ტ.1. ს.ფ. 27), რომლითაც მითითებული პირები ადასტურებენ, რომ გ. თ-ი 1983 წლიდან დღემდე (29.09.17წ) ფლობს 677 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ შენობას, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ...ს დას. №.... მართალია, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება ის გარემოება, რომ თბილისი, ...ს დასახლება სახლი №... და თბილისი, ...ს ქუჩა №34 არის ერთიდაიგივე უძრავი ქონების მისამართი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთხელ მოხდა მისამართის სახელწოდების ცვლილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადგინოს ჩ. ო-ის მიერ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არის თუ არა გ. თ-ის რეგისტრაციის მისამართი და რომელი მათგანი იყო სადავო უძრავი ქონების რეალური მფლობელი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ზემოდასახელებული გარემოებები ქმნის საკითხის ხელახალი კვლევისა და ფაქტის დადგენის საჭიროებას ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, რა დროსაც მოპასუხეს ევალება სადავო აქტთან მიმართებით ისე ჩაატაროს ხელახალი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, რომ გ. თ-ის, როგორც დაინტერესებულ პირს, მიეცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დეტალურად შეისწავლოს და შეაჯეროს განცხადებებით წარდგენილი დოკუმენტები, მოუსმინოს მხარეებს და საჭიროების გათვალისწინებით განხორციელოს ის მოქმედებები, რაც დადგენილია სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს). შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №727 განკარგულების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კასატორის - ჩ. ო-ის პრეტენზიას მოცემულ დავაში მესამე პირების მოწვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივნისის №727 განკარგულება და მის საფუძველზე ამავე კომისიის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული №1937 საკუთრების მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩ. ო-ის უფლების თაობაზე. შესაბამისად, დავის საგნის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ ვინაიდან მან გაასხვისა და იპოთეკით დატვირთა მიწის ნაკვეთი სასამართლო ვალდებული იყო მოცემულ დავაში ასკ-ის მე-16 მუხლის გათვალისწინებით ჩაება იპოთეკარი ან მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჩ. ო-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ჩ. ო-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.08.2025წ. №64691540 საგადახდო დავალებით თ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა