გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2025
საქმის ნომერი
ბს-78(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

№ბს-78(კ-20) 23 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ი/მ გ...

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (სასკ 16.1) - ა(ა)იპ „მ......“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება

განხილვის საგანი - თანხის დაკისრება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი/მ გ...ის მიმართ. მოსარჩელემ ი/მ გ...ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 510 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება და მისი უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების შენობა №5-ში 51.01 კვ.მ ფართის (ს/კ ...) გამოთხოვა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, ... №...-ში მდებარე შენობა №5 (ს/კ №...), 2015 წლის 24 მარტიდან, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნულ მისამართზე მდებარე 51,01 კვ/მ ფართით ი/მ გ... არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №004461215 დასკვნის თანახმად, ... №...-ში მდებარე შენობა №5-ში 51,01 კვ/მ უძრავი ქონების (ს/კ №...) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან შეადგენდა 510 ლარს. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - ი/მ გ...ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 510 (ხუთას ათი) ლარის გადახდა; ი/მ გ...ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ... №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა №5-ში 51.01 კვ.მ ფართი (ს/კ ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ გ...მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ „მ......“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით ი/მ გ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის №... წერილით ი/მ გ...ს გაეგზავნა შეტყობინება, რომელშიც მიეთითა, რომ ... №..., შენობა №5-ში მდებარე 51,01 კვ/მ ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც გ... სარგებლობდა არამართლზომიერად, რის გამოც უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი საფასური და ასევე, აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 01 დეკემბრის №004461215 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ... №...-ში მდებარე შენობა №5-ში 51,01 კვ/მ უძრავი ქონების (ს/კ №...) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან შეადგენდა 510 ლარს.

2016 წლის 07 დეკემბერს გ...ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან კვლავ გაეგზავნა შეტყობინება №..., რომელშიც განემარტა, რომ მის მიერ დაკავებული უძრავი ქონება (ს/კ №...), მდებარე: ... №..., შენობა №5 წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც ის სარგებლობდა არამარლთზომიერად. გ...ს ეცნობა, რომ უნდა გადაეხადა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამარლთზომიერად სარგებლობის საფასური, 2015 წლის 24 მარტიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 510 ლარის ოდენობით.

აპელანტი უთითებდა, რომ 2017 წლის 01 იანვარს მასსა და მ...ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც აპელანტი ფართს ფლობდა მართლზომიერად და კანონიერად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული იყო არაერთი დოკუმენტი, რომელითაც განსაზღვრული იყო თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ყოფილი კინოთეატრი ,,...ს“ შენობის მ...სათვის გადაცემის საკითხი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი 2015 წლიდან რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტით არ იყო დადასტურებული სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უზუსტობა, რაც არსებული ჩანაწერის მიმართ განაპირობებდა უტყუარობის პრეზუმფციის გამოყენებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ი/მ გ... შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა თბილისში, ... №...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში განთავსებული ფართით (ს/კ №...), მას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის უნდა დაკისრებოდა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულებით, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება გამოსახლების ნაწილში და აღნიშნა, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ გ...მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მასსა და ა(ა)იპ „მ...ს“ შორის 2016 წლის 1 მარტსა და 2017 წლის 1 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში ფლობდა უძრავ ქონებას მართლზომიერად და კანონიერად.

კასატორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძირეულად ცვლის მის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №538 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა თბ..., რომელსაც მიენიჭა მ...ს სახელი. აღნიშნული თეატრი იმყოფებოდა ფონდის ბალანსზე, რომელსაც იმავე დადგენილებით გადაეცა კინოთეატრ ...ს შენობა (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ში). ფონდისთვის აღნიშნული შენობის გადაცემა კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 აპრილის №393 განკარგულებით, ხოლო მას შემდეგ, რაც 2015 წელს ფონდისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, ფონდმა მიმართა ჯერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო შემდგომ, მის მიერ დაყენებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო - სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „მ......ს“ 2015 წლის 14 აგვისტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე). ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის №1/1-930 ბრძანება, უძრავი ქონების (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილება; ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ამდენად, კასატორმა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით, შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, ა(ა)იპ „მ......ს“ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დგინდება, რომ ა(ა)იპ „მ......ს“ სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმე №3/6541-15) მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება, კერძოდ, ა(ა)იპ მ...ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა(ა)იპ მ......ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ... №..., შენობა №5-ში 51,01 კვ/მ ფართი (ს/კ №...), 2015 წლის 24 მარტიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 01 დეკემბრის №004461215 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ... №...-ში მდებარე შენობა №5-ში 51,01 კვ/მ უძრავი ქონების (ს/კ №...) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 24 მარტიდან შეადგენს 510 ლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის №... წერილით ი/მ გ...ს გაეგზავნა შეტყობინება, რომ უძრავი ქონება (ს/კ №...) მდებარე: ... №..., შენობა №5-ში 51,01 კვ/მ ფართი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც იგი სარგებლობდა არამართლზომიერად, რის გამოც უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი საფასური და ასევე, აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება, თუმცა წერილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 დეკემბრის №... წერილით გ...ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება (ს/კ №...) მდებარე: ... №..., შენობა №5-ში 51,01 კვ/მ ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც იგი სარგებლობდა არამარლთზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ამავე წერილით ეცნობა, რომ მას უნდა გადაეხადა სამეწარმეო საქმიანობისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის საფასური, 2015 წლის 24 მარტიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 510 ლარის ოდენობით. მოცემული წერილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება ასევე არ არის დაცული საქმეში.

გ. რ-ეის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 01 მარტის და 2017 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებულია ერთის მხრივ ა(ა)იპ „მ...ს“ თავმჯდომარე ვ. ა-ასა და მეორეს მხრივ ინდ. მეწარმე გ...ს შორის და რომლითაც დასტურდება, რომ გ...ს იჯარით გადაეცა ქ. თბილისში ...ს ქ. ... ში მდებარე 40 კვ.მ ფართი. საქმის განხილვისას კი მოპასუხემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ფართში განთავსებულია მისი ნივთები და განმარტა, რომ მუშაობა შეჩერებული აქვს, რადგან დაჯარიმებულია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მითითებული კანონის 36-ე მუხლის (ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი) ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

მოცემული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქონების მმართველის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობებია, რომ უტყუარად დასტურდებოდეს, რომ პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). დასაკისრებელი თანხის ოდენობა კი გამოიანგარიშება საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გ. რ-ეის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 01 მარტის და 2017 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებულია ერთის მხრივ ა(ა)იპ „მ...ს“ თავმჯდომარე ვ. ა-ასა და მეორეს მხრივ ინდ. მეწარმე გ...ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ გ...ს იჯარით გადაეცა ქ. თბილისში ...ს ქ. ... ში მდებარე 40 კვ.მ. ფართი, რის სანაცვლოდაც ი/მ გ...ს უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა - თვეში 100 აშშ დოლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე სასამართლოთა მხრიდან დატოვებულია სათანადო შეფასების გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში არ არის ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ი/მ გ... ქონებას დაეუფლა მესამე პირთან - ა(ა)იპ „მ...თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრისა და 7 დეკემბრის წერილები, რომელთა თანახმად, ი/მ გ...ს გაეგზავნა შეტყობინება, რომ ... №..., შენობა №5-ში მდებარე 51,01 კვ/მ ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც გ... სარგებლობდა არამართლზომიერად, რის გამოც უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი საფასური და ასევე, უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ხსენებული წერილების გ. რ-ეისათვის ჩაბარების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი საფოსტო დასტურები. ამდენად, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ...ს ჰქონდა ინფორმაცია სადავო ნივთის არამართლზომიერად, უფლების გარეშე ფლობის შესახებ. უფრო მეტიც, ერთის მხრივ ა(ა)იპ „მ...ს“ თავმჯდომარე ვ. ა-ასა და მეორეს მხრივ ინდ. მეწარმე გ...ს შორის გაფორმებული 2016 წლის 01 მარტის და 2017 წლის 01 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი მოპასუხეს უქმნიდა რწმენას და ნდობას უფლების გადამცემის მართლზომიერებასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ ბს-728(კ-23); 28.09.2023წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვის საკითხს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგნის არაუფლებამოსილ განმკარგავს - ა(ა)იპ „მ...ს“ არ გააჩნდა მესაკუთრის, სახელმწიფოს, მხრიდან მიღებული წინასწარი ნებართვა განკარგვასთან დაკავშირებით. ამასთან, მესაკუთრეს, არც მოგვიანებით მოუწონებია (მათ შორის, არც კონკლუდენტური მოქმედებით - არაუფლებამოსილი განმკარგავის მიმართ წაყენებული მოთხოვნით) განხორციელებული განკარგვა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა შემთხვევა, როდესაც მოხდა სახელმწიფოს ქონების არანამდვილი განკარგვა, რომლის საფუძველზეც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა გადავიდა - ი/მ გ...ზე.

საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმის მიზანია არამართლზომიერი მფლობელის მხრიდან, კომერციული მიზნებისთვის სახელმწიფო ქონების გამოყენების გამო, სახელმწიფოსათვის საფასურის გადახდა, რითაც ფაქტობრივად ხდება სახელმწიფოსათვის მიუღებელი სარგებლის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს (ქონების მმართველის) მხრიდან აუცილებელია სწორედ მოხდეს იმ სუბიექტის განსაზღვრა, რომელიც სარგებლობდა უძრავ ქონებით და რომელსაც ეკისრება მესაკუთრისათვის სარგებლობის საფასურის ანაზღაურების პასუხისმგებლობა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სარგებლობაში გადაცემის საფასური გადახდება ქონებით მოსარგებლეს. კანონმდებელი მოსარგებლის ცნებას იყენებს მიზანმიმართულად, ვინაიდან, მოსარგებლე ქონებით სარგებლობს არანამდვილი მფლობელობის უფლებით, ქონებით სარგებლობა დაკავშირებულია არა იურიდული მნიშვნელობის მქონე უფლებასთან, არამედ ნივთის ფაქტობრივ გამოყენებასთან, მისით სარგებლის მიღებასთან, კანონმდებლობა არ მიუთითებს, პასუხისმგებელი პირი უნდა წარმოადგენდეს პირდაპირ მფლობელს თუ მჭერს, რომელსაც ნივთზე უშუალოდ აქვს ბატონობა, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, რელევანტურია განისაზღვროს თუ ვინ არის ქონებით მოსარგებლე, ვის ინტერესს ემსახურება ქონებით სარგებლობა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ი/მ გ... ქონებას დაეუფლა მესამე პირის - ა(ა)იპ „მ...თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენს არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია ქონების პირდაპირი მოსარგებლე იყო ი/მ გ..., თუმცა ფაქტობრივად, არაპირდაპირ მოსარგებლეს/თანამოსარგებლეს წარმოადგენდა ა(ა)იპ „მ......“, რამდენადაც იგი უშუალოდ იღებდა „საიჯარო ქირას“, შესაბამისად იღებდა სარგებელს ქონების სხვა პირისთვის გადაცემის სანაცვლოდ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავ ქონებით სარგებლობდა მესამე პირი - ა(ა)იპ „მ......“. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი შეფასების გარეშე აქვს დატოვებული როგორც მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარგებლობაში გადაცემის საფასურის დაკისრებისათვის, დამატებითი აუცილებელი გარემოებაა, რომ ქონებით სარგებლობა ხდებოდეს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია - ა(ა)იპ „მ......“ წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, თუმცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 25.5).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის გ. რ-ეისთვის თანხის დაკისრების საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა თუ ვინ იყო ქონებით მოსარგებლე სუბიექტი, ვის მიმართ და რა ოდენობით არსებობდა მოთხოვნის საფუძვლები.

რაც შეეხება, მოსარჩელის მეორე მოთხოვნას - ი/მ გ...ის უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონების შენობა №5-ში 51.01 კვ.მ ფართი (ს/კ ...) გამოთხოვას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ მოცემულ ნაწილში ფაქტობრივად ცნო სარჩელი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ი/მ გ...ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოპასუხე ი/მ გ...ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (565,2 (265.2+300 ლარი)) ნახევრის - 282,6 ლარის (566,2 (265.2+300 ლარი)) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი/მ გ...ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, ი/მ გ...ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის (სახელწიფო საკუთრებში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი/მ გ...ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის (სახელწიფო საკუთრებში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის) დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება;

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მოპასუხე ი/მ გ...ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 565,2 ლარის (265.2+300 ლარი)) ნახევრის - 282,6 ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი