დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 18.11.2025
საქმის ნომერი
ბს-1032(3კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1032(3კ-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები - 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...“ (მესამე პირი); 2. შპს „ი...“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „გ...“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (კასატორი); 2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (კასატორი)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 28 ივლისს ბმა „გ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შეთანხმებული 2019 წლის 25 ივლისის საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1829 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, ამხანაგობა „გ...ს“ კორპუსის წითელ ხაზებში არსებულ გზას, რომლითაც კორპუსის მოსახლეობა სარგებლობს, აქვს მცირე გამტარობა. აღნიშნული გზის სახით არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ან ამხანაგობისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს, თუმცა მოთხოვნა არ კმაყოფილდებოდა. ამხანაგობის წევრებს ქონების აუქციონის გზით შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. 2020 წლის 3 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 410 კვ.მ მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით. აღნიშნული გარემოება აზიანებს ამხანაგობის ინტერესებს. შესაბამისად, ბმა „გ...მა“ მიიჩნია, რომ სადავო აქტები უკანონოა და აზიანებს მოსახლეობის ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ბმა „გ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ შეთანხმებული 2019 წლის 25 ივლისის საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა და მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის №1829 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...მა“ და შპს „ი...მა“, ასევე მოპასუხეებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...მა“ და შპს „ი...მა“, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ხსენებული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე (სამუშაო მისამართი) გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - ა. ნ-ეს. გზავნილი 2025 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა (ტ. 3, ს.ფ. 184) კომპანიის ოფის მენეჯერს - ა. ქ-ას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2025 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო და 2025 წლის 17 ოქტომბერს (პარასკევი) ამოიწურა. საქმეშია ასევე რწმუნებულებები (ტ. 2, ს.ფ. 193, 211), რომელთა შესაბამისად, ადვოკატებს, მათ შორის, ა. ნ-ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...საგან“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ განუსაზღვრელი ვადით, რწმუნებულებები ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის უფლებამოსილებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ჩათვლით. კასატორებმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორეს და არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჟ...სა“ და შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე