დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.12.2005
საქმის ნომერი
ას-366-705-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-366-705-05 ას-366-705-05 7 დეკემბერი 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლია 1 სექტემბერს შპს “ა.” და შპს “კ. დ. მ.” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 390.000 აშშ დოლარზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი სესხით სარგებლობისათვის ძირითადი თანხის წლიური 10%-ის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2002წ. 1 სექტემბრამდე.

აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს “კ.-დ. მ.” მიმართ შპს “ა.” დაუთმო ა. თ-ეს, 2001წ. 27 თებერვლის დათმობის ხელშეკრულებით, რომელმაც დაიკავა შპს “კ. დ. მ.” კრედიტორის ადგილი.

ა. თ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “კ. დ. მ.” მიმართ, რომლითაც მოითხოვა სასესხო ვალდებულების შესრულება.

საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით შპს “კ. დ. მ.” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. მას აეკრძალა თავისი ქონების განკარგვის უფლება და გადაეცა ამავე განჩინებით დანიშნული გაკოტრების საქმეთა მმართველს, რის შემდეგაც მოპასუხე შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, მოცემულ საქმეში წარმოადგენს გაკოტრების საქმეთა მმართველი.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის შპს “კ. დ. მ.” გაკოტრების მმართველის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სესხის ძირითადი თანხის 390.000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილში უარყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “კ. დ. მ.” დაეკისრა 429.000 აშშ დოლარის გადახდა ა. თ-ის სასარგებლოდ. მოპასუხე შპს “კ. დ. მ.” დაეკისრა 5000 ლარის გადახდა ა. თავაძის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენელმა ჯ. გ-მა 2003წ. 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მან განმარტა, რომ 2000წ. 1 სექტემბერს შპს “კვისკო დიპლომატ მოტორსსა”

და შპს “ა.” შორის დაიდო 390 000 აშშ დოლარის ერთწლიანი სესხის ხელშეკრულება, ყოველწლიურად 10%-ის დარიცხვით. მოგვიანებით შპს “ა.” შპს “კ. დ. მ.” მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო ა. თ-ეს, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ. საქმის განხილვამდე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 1 აგვისტოს განჩინებით, შპს “კ. დ. მ.” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და საზოგადოების ხელმძღვანელობას აეკრძალათ საზოგადოების ქონების განკარგვა. განმცხადებლის მითითებით, შპს “კ. დ. მ.” გაკოტრების მმართველად უკანონოდ დაინიშნა ზ. ლ-ე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა არაკეთილსინდისიერად. ზემოხსენებულ დავაში ზ.ლოსაბერიძის მიერ შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღიჭურვა ალ.თავაძის ინტერესების დამცველის _ გ. ს-ის საადვოკატო ფირმაში მომუშავე მ. ს-ე. ისინი ხელს უწყობდნენ სასამართლოში შპს “კ. დ. მ.” საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას და უარს ამბობდნენ მათ გასაჩივრებაზე. შპს “კ. დ. მ.” კერძო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. აღნიშნული განჩინება საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. ა. თ-ის წარმომადგენლის _ გ. ს-ის მიმართვის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის განჩინებით გაკოტრების კრედიტორ ა.თ-ეს დაუბრუნდა განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. გლდანი-ნაძალაევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება და შპს-ს ხელმძღვანელობას თავისი უფლებამოსილება 2001წ. 20 აგვისტოს მდგომარეობით აღუდგა. კასატორთა მოსაზრებით, სადავო სასამართლო კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება რეალურად გამოტანილია შპს-ს კანონიერი წარმომადგენლების დაუსწრებლად, სათანადო მხარის მონაწილეობის გარეშე. განმცხადებელმა მიუთითა სსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტზე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”, “ე”, “ვ” პუნქტებზე, 424-425-ე მუხლებზე, 426-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინებით შპს “კ. დ. მ.” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიის განჩინება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 ნოემბრის განჩინებით შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლების მ. ლ-ისა და ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად დასახელებულ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებებზე და ამ განჩინებების დადასტურებულ ფაქტებზე და არ მიუცია მათთვის სამართლებრივი შეფასება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 თებერვლის განჩინებით შპს “კ. დ. მ.” განცხადებას, მოპასუხე ა.თ-ის მიმართ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად საზოგადოების გაკოტრების მმართველის დანიშვნის გაუქმების შესახებ განჩინებას არ ითვალისწინებდა. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება და მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის განსაზღვრული უფლება სარჩელის ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” და “მ” პუნქტების საფუძველზე კოლეგიამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობდნენ და მისთვის მიუწვდომელი იყო სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეულია სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ განმცხადებელმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოს მიმართა ერთი წ. შემდეგ.

სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრისა და 2005წ. 24 თებერვლის განჩინებები, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლებმა მ. ლ-მა და ჯ. გ-მა. კასატორის განმარტებით, მათი ბრალის გარეშე (მოწინააღმდეგე მხარის დაუსაბუთებელი პოზიციისა და სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ მისი გაზიარების შედეგად) ვერ წარუდგინეს სასამართლოს მტკიცებულება მხარის და მისი წარმომადგენლების არალეგიტიმურობის შესახებ; კასატორის აზრით, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მისთვის გახდა ცნობილი, როდესაც 2002წ. 23 სექტემბერს ხელზე ჩაიბარეს განჩინების ასლი. ამდენად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანეს ერთ თვეში, ანუ 23 დღეში. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრისა და 2005წ. 24 თებერვლის განჩინებების გაუქმების შესახებ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები. შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლებმა მ. ლ-მა და ჯ. გ-მა გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლები (მ. ლ-ი და ჯ. გ-ი) საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ სსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტსა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანის დროს საქმეში მონაწილეობდა შპს “კ. დ. მ.” გაკოტრების მმართველი ზ. ლ-ე, რომელსაც არ ქონდა მონაწილეობის უფლება. ამ გარემოებას კასატორი ასაბუთებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებებით. კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით უკანონოდ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და უკანონოდ დაინიშნა გაკოტრების მმართველი ზ. ლ-ე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილის განჩინებით და რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინება და ამდენად, საქმეში მონაწილეობა უნდა მიეღო შპს “კ. დ. მ.” კანონიერ წარმომადგენელს. კასატორის მოსაზრებით, რადგან აღარ არსებობს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საფუძველი, სსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველი არ იყო უფლებამოსილი, წარმოედგინა საზოგადოება სასამართლოში, რის გამოც, საქმის განხილვის დროს მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ იყო მოწვეული.

კასატორი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ შპს “კ. დ. მ.” გაკოტრების მმართველი ზ. ლ-ე და ა. თ-ე იყვნენ შეთანხმებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგზე.

კასატორმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულია ის, რომ მიღებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საოლქო სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა და ამით მათი უფლებების შეზღუდვა იყო უკანონო და უსაფუძვლო.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ამგვარ მოსაზრებას, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა გაკოტრების მმართველი, რაც დასტურდებოდა სამეწარმეო რეესტრში გამხორციელებული რეგისტრაციით.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად “გაკოტრების მმართველი თავისი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელია გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის წინაშე.” მოსარჩელე წარმოადგენდა კრედიტორს, ანუ გაკოტრების საქმის წარმოების მონაწილეს, რომლის უფლებამოსილება დასტურდებოდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით და გაკოტრების მმართველის საზოგადოების წარმომადგენლად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებების შედეგად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გაუქმება (რაც იწვევს გაკოტრების მმართველის წარმომადგენლობის შეწყვეტას), არ შეიძლება გახდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი სსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად.

კერძოდ, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმება (და არა წარმომადგენლობის (მინდობილობის) ბათილად ცნობა) არ იწვევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

განსახილველი ნორმით უზრუნველყოფილია სასამართლო წესით დაცვის უფლების დარღვევის აღდგენა. ამ ნორმოს საფუძველზე აღძრული განცხადებების განხილვისას სასამართლო ამოწმებს, დაირღვა თუ არა მხარის “უფლება სასამართლოზე”, რომლის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს უფლება ხელმისაწვდომობაზე, ანუ საპროცესო უფლება, მის სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული დავა სასამართლო განხილვის საგანი გახადოს და სამოქალაქო საპროცესო უფლება დაიწყოს სამართალწარმოება სასამართლოში. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს, დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლება (ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლები).

იმის გათვალისწინებით, რომ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა შპს “კ. დ. მ.” ქონებაზე, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით განხილულ იქნა სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე მოვალის პასუხისმგებლობის საფუძვლიანობა, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსულება, მცხეთის რაიონული სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ 2001წ. 1 აგვისტოს განჩინების საფუძველზე და “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გააჩნდა გაკოტრების მმართველს (ზ. ლ-ე), რომელსაც უფლება ჰქონდა სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესი ეწარმოებინა თავისი წარმომადგენლის (მ. ს-ის) მეშვეობით. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა გაკოტრების მმართველის, როგორც ამ უფლების მფლობელის, სასამართლო წესით დაცვის უფლება.

განსახილველი ნორმა იცავს სასამართლო წესით დაცვის უფლების მფლობელს და უზრუნველყოფს ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნით ამ უფლების მფლობელი გახდა გაკოტრების მმართველი.

ამრიგად, სსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუქტის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ანუ შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლის სასამართლოზე მონაწილეობის უფლება არ იყო დარღვეული, რადგან იგი მონაწილეობდა სასამართლო პროცესზე, ხოლო იმ დროისათვის სხვას არ გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლად პროცესზე მოეწვია პირები, რომლებიც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, არ წარმოადგენდნენ საზოგადოებას, ანუ არ იყვნენ ამ უფლების მფლობელები.

საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში ( თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებები) განხილვის საგანს არ წარმოადგენდა გაკოტრების მმართველის ზ. ლ-ის საქმიანობის, მისი არაკეთილსინდისიერების ან ამ საქმიანობით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის არსებობის საკითხი. იმ შემთხვევაშიც თუ დადგენილი იქნებოდა ასეთი ფაქტები, აღნიშნული გახდებოდა ახალი სარჩელის აღძვრის და არა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც მ. ლ-ისა და ჯ. გ-ის უარი ეთქვად გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე კასატორის მოთხოვნა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საოლქო სასამართლოათვის არ იყო ცნობილი, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა და გაკოტრების მმართველის დანიშვნა იყო უკანონო და უსაფუძვლო, ანუ სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი გაკოტრების მმართველის არაუფლებამისილების შესახებ.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარესათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ანუ სასარჩელო მოთხოვნისა და შესაგებელის კანონიერების დადგენისათვის, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები, უნდა არსებობდნენ საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ ახალ გარემოებებისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობაში ბრალის არ არსებობის ფაქტი. ამრიგად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ფაქტი უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ამის შესახებ მხარისათვის ცნობილი არ იყო. ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (იხ. სასამართლოს პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 მარტის განჩინება ¹ას-25-341-04).

მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებებში აღნიშნულია შემდეგი: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხის განხილვის დროს სასამართლოს პირველი ინსტანციაში არ იყო წარდგენილი შპს “ა.”, როგორც იურიდიული პირის, რეგისტრაციის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; განცხადებას არ ახლდა ვ. ს-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებას (შპს “ა.” სახელით მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს აწერდა ვ. ს-ი.); პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოესმინა მოვალისათვის და დაედგინა ვალის არსებობა.

ამრიგად, აღნიშნული განჩინებები მიუთითებენ იმაზე, რომ სასამართლოში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა გაკოტრების მმართველის არაუფლებამოსილების საკითხი. სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის არაკანონიერების საკითხი, რაც იწვევს გაკოტრების მმართველის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას.

პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლი არ წარმოადგენს განსახილველი ნორმით გათვალისწინებულ იმ მტკიცებულებას (ან გარემოებას), რომელიც გამოიწვევს საქმის წარმოების განახლებას, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მხარის წარმომადგენლობის უფლებამოსილება არის სასამართლოში მისი მონაწილეობის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლების მ. ლ-ისა და ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ნოემბრისა და 2005წ. 24 თებერვლის განჩინებები.

დაევალოთ შპს “კ. დ. მ.” წარმომადგენლებს მ. ლ-სა და ჯ. გ-ს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300033114 გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის; მიმღები _ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახდო შემოსულობების ანგარიშის ¹ 200122900 საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107 ანგარიშზე – 4800 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.