დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.04.2005
საქმის ნომერი
ას-90-416-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-90-416-05 22 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 25 დეკემბერს შპს „... ბანკსა” და ზ. ა.-ს შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „... ბანკმა” განვადებით გაყიდა, ხოლო ზ.ა.-მა იყიდა თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 540 კვ.მ. ვინაიდან „ც.-ისა” გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართი თვითნებურად დაილუქა, ზ.ა.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს „ც.-ის” და შპს „კ.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მათ მიერ დალუქული კარების გახსნა. საქმის განხილვისას ც.-ის გამგეობამ მოხსნა ლუქი და საშუალება მისცა, ზ.ა.-ს ესარგებლა შეძენილი ფართით, რის გამოც ზ.ა.-მა შეცვალა დავის საგანი და მოითხოვა 217566 აშშ დოლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის ეროვნულმა ალიანსმა „ც.-მ” და მის მიერ დაფუძნებულმა შპს „კ.-მ” შეგებებული სარჩელი აღძრეს ზ.ა.-ის, შპს „... ბანკის”, ქ.თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს, ნოტარიუს ნ.მ.-ს მიმართ და მოითხოვეს შპს „... ბანკის” 1998წ. 4 დეკემბრის პარტნიორთა კრების ¹10 ოქმის, სამეთვალყურეო საბჭოს 1998წ. 24 დეკემბრის სხდომის ¹16 ოქმის და, შესაბამისად, ზ.ა.-სა და შპს „... ბანკს” შორის 1998წ. 25 დეკემბერს დადებული არასაცხოვრებელი ფართის (განვადებით) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის გაუქმება.

მესამე პირმა _ შპს „... ბანკმა” დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ.ა.-სა და შპს „... ბანკსს” შორის 1999წ. 25 დეკემბერს დადებული 540 კვ.მ-ის განვადებით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ფართის საკუთრებაში დაბრუნება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი, შეგებებული სარჩელი და მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ა.-მა და შპს „... ბანკმა”.

2004წ. 8 ოქტომბერს, სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა ზ.ა.-ი და მისი წარმომადგენელი, ასევე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე „ც.-ი” და შპს „კ.-ის” წარმომადგენელი. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ის 387-ე, 232-ე მუხლები და ზ.ა.-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

სააპელაციო პალატის ამავე სხდომაზე გამოცხადდა შპს „... ბანკის” წარმომადგენელი, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სააპელაციო საჩივარი და სარჩელი განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოება, იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, ვინაიდან, ხელშეკრულების მე-8 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება დაიტოვა. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სკ-ის 405-ე და 508-ე მუხლებზე და 2004წ. 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „... ბანკის” სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზ.ა.-სა და შპს „... ბანკს” შორის 1998წ. 25 დეკემბერს გაფორმებული თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი 540 კვ.მ (განვადებით) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

ზ. ა.-ის წარმომადგენელმა ა. კ.-მა კერძო საჩივარი შეიტანა 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი. ასევე შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ, ზ.ა.-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, 2004წ. 16 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ა.კ.-ის საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი დაუსწრებელი გადაწვეტილება, ხოლო კერძო საჩივარი დატოვა განუხილველი. ზ.ა.-ის წარმომადგენელმა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, ხოლო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

კასატორი მოითხოვს 2004წ. 16 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, ზ.ა.-ი არ მიუწვევიათ სასამართლო სხდომაზე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, არ ყოფილა დაცული 78-ე მუხლის მოთხოვნა, ხოლო ზ.ა.-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, რაზედაც კასატორმა წარმოადგინა ამონაწერი სამედიცინო ბარათიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ ზ. ა.-სა და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა ყოფილიყო ზ.ა.-ი მოწვეული. ამ ნორმის თანახმად, თუ მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო შეუდგება საქმის განხილვას მას შემდეგ, რაც უწყება დაბრუნდება წარწერით, რომელიც ადასტურებს მის მიღებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ, სადაც ბოლო დროს მუშაობდა მოპასუხე. ამ მუხლით დადგენილი შეტყობინების წესი გამოიყენება მოპასუხის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. მოცემულ შემთხვევაში კი მოცემული საქმის წარმოება სასამართლოში აღიძრა ზ.ა.-ის სარჩელით. სასამართლო უწყებები იგზავნებოდა სწორედ იმ მისამართზე, რომელიც მიუთითა ზ.ა.-მ სარჩელში და საჩივარშიც. სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. დადგენილია, რომ ზ.ა.-ს უწყება გაეგზავნა სარჩელში და საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც დაბრუნდა სასამართლოში უწყების მიმტანის მიერ შესრულებული ჩანაწერით, რომ იგი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. საკასაციო პალატა თვლის, სასამართლომ სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად ჩათვალა უწყება ჩაბარებულად, რადგან ზ.ა.-მა და მისმა წარმომადგენელმა არ აცნობა სასამართლოს თავისი მისამართის შეცვლის შესახებ.

რაც შეეხება ზ. ა.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ს, დადგენილია, რომ მას ასევე უწყება ჩაბარდა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი იყო ავად და მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვერ გახდება გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, როცა აღნიშნულის შესახებ მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსკ-ის 241-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კი სამედიცინო ბარათის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ა.კ.-მა მიმართა სს „მ.-ს” 15 დეკემბერს, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 16 დეკემბერს, შესაბამისად, მას შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

კასატორი ვერ მიუთითებს საპატიო მიზეზზე, რომლის გამოც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.

სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით განიხილა, კერძოდ, სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დატოვა განუხილველი ავტორის გამოუცხადებლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კერძო საჩივრის განხილვას. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი განიხილა და გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში ანუ სასამართლომ 8 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივრის თაობაზე გამოიტანა განჩინება, მაშინ, როცა კანონით კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. აღნიშნულის გამო 2004წ. 16 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატა 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარს თუ მიიჩნევს დასაშვებად და დასაბუთებულად, მაშინ უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის მასალებთან ერთად, გადაუგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ზ. ა.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 4900 ლარის გადახდა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.