დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.05.2004
საქმის ნომერი
ას-136-832-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.05.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-136-832-03 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს «გ.-ის» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გამარტივებული წესით, გადახდის ბრძანებით სს «ჭ.-ისათვის» 392160 აშშ დოლარის დაკისრება.

განმცხადებელმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ 2002წ. 5 ივნისს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „გ.-მ“ სს „ჭ.-ს“ სესხად გადასცა 200000 აშშ დოლარი 2 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გირაოთი დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 500 ტონა მანგანუმის კონცენტრატი. აღნიშნული შეთანხმება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2002წ. 25 აგვისტომდე სარგებელთან ერთად, წლიური 36%. ვადის ამოწურვისა და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 1 აპრილის გადახდის ბრძანებით სს «ჭ.-ს» შპს «გ.-ის» სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 392160 აშშ დოლარი.

აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, რის გამოც სასამართლომ გასცა სააღსრულებო განკარგულება, ხოლო კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე კი გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

შპს «გ.-ის» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვა სს «ჭ.-ის» სახელზე რიცხული 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატის დაყადაღება, რომელიც მდებარეობს ქ.ფოთის პორტში, საბაჟო ზონაში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 მაისის განჩინებით შპს «გ.-ის» წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ყადაღა დაედო სს «ჭ.-ის» სახელზე რიცხულ 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატს, რომელიც მდებარეობს ფოთის ნავსადგურის საბაჟო ზონაში.

კოლეგიის 2003წ. 28 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს «ჭ.-ისა» და კომპანია «მ.-ის» წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა სს «ჭ.-ის» წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება იმყოფება «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონით განსაზღვრულ რეჟიმში და მის მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება.

სასამართლო კოლეგიამ ასევე გაიზიარა კომპანია «მ.-ის» წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ ყადაღადადებული ქონება 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატი წარმოადგენს არა მოვალის (სს «ჭ.-ის»), არამედ კომპანია «მ.-ის» საკუთრებას.

სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი და 2003წ. 3 ივნისის განჩინებით გააუქმა 2003წ. 28 მაისის განჩინება სს «ჭ.-ის» სახელზე რიცხული 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატის დაყადაღების შესახებ, ხოლო 4 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი ყადაღის მოხსნის შესახებ.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «გ.-ის» წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა 2003წ. 3 ივნისის განჩინების გაუქმება. ასევე, ამ განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მითითებული არც ერთი არგუმენტი არ შეესაბამება სინამდვილეს. სს «ჭ.-ი» იმყოფება არა გაკოტრების, არამედ რეაბილიტაციის რეჟიმში და მასზე არ ვრცელდება «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების აკრძალვა. მხარეთა შორის გარიგება დადებულია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისა და გაკოტრების საქმის შეწყვეტის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს ასევე სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაყადაღებული ქონება არ არის მოვალის საკუთრება, რადგან სატრანსპორტო დოკუმენტებში ტვირთის გამგზავნად აღნიშნულია სს «ჭ.-ი». სკ-ის 680-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, გამგზავნი უფლებამოსილია, განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მიმღები განკარგვის უფლებას იძენს სატრანსპორტო ზედნადების გაფორმებისთანავე. კონკრეტულ შემთხვევაში მიმღებზე (კომპანია «მ.-ი») ზედნადები არ ყოფილა გაფორმებული და მას ტვირთი მიღებული არ ჰქონია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ტვირთი მიმღებს მიღებულიც რომ ჰქონდეს, მას ტვირთზე საკუთრების უფლება მაინც არ წარმოეშობოდა, რადგან სსკ-ის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად, აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრეს არ ჰქონდა დაგირავებული ნივთის გასხვისების უფლება მათთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

სსკ-ის 197-ე მუხლის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი განჩინების აღსრულების შეჩერებას მოითხოვს სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 ივლისის განჩინებით შპს „გ.-ის“ წარმომადგენლის მოთხოვნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის განჩინებით აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად გატარებული სააღსრულებო ღონისძიებები. ასევე დაკმაყოფილდა შპს „გ.-ის“ წარმომადგენლის განცხადება სახელმწიფო ბაჟის _ 4300 ლარის გადახდის გადავადების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ 2003წ. 4 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქ. ფოთის პორტში, საბაჟო ზონაში არსებული 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატს მოეხსნა ყადაღა და დღეისათვის რეალიზებულია.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სს „ჭ.-ის“ წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2003წ. 3-5 აგვისტოს პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთში არსებული კარიერიდან მანგანუმის მადნის მოპოვების საქმიანობაზე. ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპოვებული მადნის განკარგვის შემდეგ ანგარიშსწორებისას, გაიქვითებოდა სს „ჭ.-ის“ დავალიანება შპს „გ.-ის“ მიმართ, ხოლო თავის მხრივ, „გ.-მ“ იკისრა ვალდებულება, ამ ხელშეკრულების პირობების დაცვის შემთხვევაში არ მოსთხოვს სს „ჭ.-ს“ 2002წ. 5 ივნისისა და 9 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის დაუყოვნებლივ და მთლიან გადახდას, არ გაატარებს იძულებითი ამოღების ღონისძიებებს და ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ აღარ დაარიცხავს პირგასამტეხლოს სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის.

შპს „გ.-ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ საქმეში სადავო არაფერი არა აქვს, მაგრამ კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება არ გააჩნია.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დავის საგანი _ ქ. ფოთის პორტში არსებული 7000 ტონა მანგანუმის კონცენტრატი _ რეალიზებულია და ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასევე, დადგენილია, რომ მოდავე მხარეები პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ დავალიანების გადახდის სხვა ფორმაზე. აქედან გამომდინარე, არ არსებობს დავის საგანი, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივარის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „გ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ივნისის განჩინება.

შპს „გ.-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 4300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.