დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.11.2004
საქმის ნომერი
ას-793-1054-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-793-1054-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აქციების უკან დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. კ.-ის წარმომადგენელმა ი. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორის, მ. გ.-ის, მიმართ და მიუთითა, რომ მისი მამა – ს. კ.-ი წლების განმავლობაში მუშაობდა სს “ტ.-ში” მძღოლად და ფლობს აღნიშნული საზოგადოების 3661 აქციას (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარს). მოსარჩელემ იქვე განმარტა, რომ 2001წ. მაისში საწარმოს გენერალურ დირექტორ, მ.გ.-სა და მძღოლებს, მათ შორის, ს. კ.-ს შორის დაიდო ზეპირი გარიგება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მ.გ.-ე ჩამოიყვანდა მანქანებს და დაასაქმებდა მძღოლებს. ამისათვის კი, მ.გ.-ის განმარტებით, საჭირო იყო ბანკიდან კრედიტის გამოტანა. ბანკი კრედიტს მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ გ.-ეს ექნებოდა აქციათა პაკეტის 51%, რისთვისაც მან მძღოლებს მოსთხოვა კუთვნილი აქციების დროებით სარგებლობაში გადაცემა და პირობა მისცა, რომ 2-3 თვეში უზრუნველყოფდა მათ დასაქმებას. იმის გამო, რომ მ.გ.-ემ არ შეასრულა ზემოაღნიშნული პირობები, არ ჩამოიყვანა ავტობუსი, არ უზრუნველყო ს. კ.-ი სამუშაოთი, ამასთან, არ დააბრუნა აქციები, მოსარჩელემ მოითხოვა მხარეებს შორის 2001წ. 11 აგვისტოს ¹11-0561 ნომრით რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გადაცემის განარგულების ბათილად ცნობა და შპს “კ.-ის” მეშვეობით კუთვნილი 3661 აქციის დაბრუნება.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. კ.-ის წარმომადგენლის, ფ. კ.-ის, სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ს. კ.-სა და მ. გ.-ს შორის 2001წ. 11 აგვისტოს ¹11-0561 შპს “კ.-ის” მიერ რეგისტრირებული, ს. კ.-ის კუთვნილი 3661 ცალი აქციის მოპასუხე მ.გ.-ეზე გადაცემის განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე მ.გ.-ეს დაევალა აქციების სრული ოდენობით ს.კ.-ისთვის დაბრუნება, ხოლო შპს “კ.-ის” აქციათა რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორის მ. გ.-ის წარმომადგენელმა ნ. მ.-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 20 მაისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სსკ-ის 272-ე და 231-ე მუხლების შესაბამისად, განუხილველად დატოვა სს ტ.-ის” გენერალური დირექტორის, მ. გ.-ის, სააპელაციო საჩივარი.

მ.გ.-ის წარმომადგენელმა ნ.მ.-ემ 2004წ. 20 მაისის განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა აღნიშული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი თავის მარწმუნებელთან ერთად 20 მაისს 10 საათზე გამოცხადდა თბილისის საოლქო სასამართლოში და ელოდებოდა პროცესის დაწყებას, რაც გვიანდებოდა. ვინაიდან მას 12 სთ და 30 წუთზე დანიშნული ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესი, იძულებული გახდა წასულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლომ, 2004წ. 28 ივნისის განჩინებით უარი უთხრა მ. გ.-ის წარმომადგენელ ნ. მ.-ეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ 2004წ. 20 მაისის სასამართლო სხდომაზე სხდომის მდივნის მიერ 10 სთ-ზე მოძიებული იქნა მხარეები, სხდომა შედგა 10 სთ-ზე და 30 წთ-ზე, მაგრამ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და განსახილველად გადააგზავნა საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატაში სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2004წ. 20 მაისს 10.00 საათზე. სააპელაციო პალატის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სხდომა დაიწყო 2004წ. 20 მაისს 10.30 საათზე და დამთავრდა 10.45 საათზე. სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნობათ სასამართლო სხდომის დღის შესახებ, სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორი მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 231-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორი და მისი წარმომადგენელი საოლქო სასამართლოში სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ დანიშნულ დროს _ 2004წ. 20 მაისს, 10 საათზე და ელოდებოდნენ სხდომის დაწყებას, მაგრამ ისინი პროცესზე არავინ მიიწვია, მათ 12.00 საათზე დაურეკეს მოსამართლე მ.ფარცვანიას თანაშემწეს, რომელმაც უპასუხა, რომ მოსამართლე ჯერ არ იყო მისული და ურჩიეს დალოდებოდნენ, მაგრამ, ვინაიდან ნ.მ.-ეს სხვა სასამართლოში დანიშნული ჰქონდა პროცესი 12.30 საათზე ამიტომ ვეღარ დაელოდა სხდომის დაწყებას. კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419–ე, 420-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ტ.-ის” გენერალური დირექტორის წარმომადგენელ ნ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 მაისის და 28 ივნისის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება