დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.07.2003
საქმის ნომერი
3კ/705-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ-705-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ზ.-ის” წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003წ. 14 თებერვალს მასსა და კომპანია “მ.”-ს შორის დადებული იქნა კონტრაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა”. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 31 დეკემბრის ¹544 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, “იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის განსჯადია”, მიეკუთვნება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას.

სს “ზ.-სა და შპს “მ.” შორის დადებული კონტრაქტის მე-16 მუხლის თანახმად “მხარეთა შორის დავა მისი წესების შესაბამისად გადასაწყვეტად გადაეცემა ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. საარბიტრაჟო პროცესი გაიმართება ინგლისურ ენაზე. სადავო ხელშეკრულება არ ყოფილა ვიზირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, შესაბამისად იგი არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.

მოსარჩელე, ასევე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება კაბალურია სს “ფ.-სათვის.” ხელშეკრულების მოქმედების 5 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ გაიზრდება სილიკომანგანუმის ფასი მსოფლიო ბაზარზე ან რამდენად გაიზრდება პროდუქციის თვითღირებულება “მ” ანაზღაურებას მხოლოდ 380 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, პასუხისმგებლობა კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე ეკისრება მხოლოდ ,,ფ.-ს.“

ანალოგიური ხასიათის დარღვევებს აქვს ადგილი აგრეთვე სს “ფ.-სა” და კომპანია “მ.-ს” შორის 2003წ. 19 თებერვალს გაფორმებულ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაშიც და ეს გარიგებაც ბათილად უნდა იყოს ცნობილი.

ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, განცხადების ავტორმა მოითხოვა შეჩერდეს სს “ფ.-სა” და “მ.-ს” შორის 2003წ. 14 თებერვალს ¹1 კონტრაქტის პირველი, მე-5, მე-6, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების მოქმედება, ასევე მოითხოვა ყადაღა დაედოს “ფ.-ს” პროდუქციას, კერძოდ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განლაგებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი გაასხვისოს ან უკანონოდ გაიტანოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2003წ. 14 თებერვალს დადებული ¹1 კონტრაქტის პირველი, მე-5, მე-6, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების მოქმედება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ამავე ქარხნის პროდუქციას, კერძოდ, ბათუმის პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმს.

კოლეგიამ მიუთითა, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების ნაწილში, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოპასუხემ შესაძლებელია გაასხვისოს სადავო 1600 ტონა სილიკომანგანუმი, რითაც შეილახება მოსარჩელის უფლება.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კომპანია “მ.-მ”. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ-ს 193-ე მუხლის თანახმად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო. საქმეში არსებული სადავო ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება საარბიტრაჟო განხილვის გზით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ ისე განიხილა და დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომ იგი არ წარმოადგენდა ამ სარჩელის განმხილველ სასამართლოს და არ გააჩნდა საერთაშორისო კომპეტენცია აღნიშნულ საქმეზე. საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო კომპეტენციას მიკუთვნებული დავების განსჯადობის საკითხი წყდება სსკ-ით დადგენილი წესით. აღნიშნული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ვინაიდან პროდუქციის მიწოდება ხორციელდებოდა ქ. ბათუმში, ხელშეკრულების შესრულების ადგილი, მოცემულ შემთხვევაში არის ქ. ბათუმი. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება საერთაშორისო კომპეტენციის ან განსჯადობის წესების დარღვევით, იწვევს სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოითხოვა რა სარჩელის უზრუნველყოფის წესით სადავო ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შეჩერება, მოსარჩელემ საერთოდ არ მიუთითა გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის ამ სახით უზრუნველყოფის გარეშე გაძნლდებოდა ან შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ სადავო ხელშეკრულების ცალკეული მუხლების მოქმედება შეაჩერა ისე, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რით იყო გამართლებული კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება. ამით სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ს 191-ე მუხლის, 198-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 285-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის მოთხოვნები და ფაქტობრივად მიიღო განჩინება სამოტივაციო ნაწილის გარეშე. სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და მისი მიზანია სასამართლოს მიერ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადასტურება. აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გულისხმობს კანონით გათვალისწინებულ სააღსრულებო მოქმედებათა ჩატარებას. ასეთ პირობებში აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფა საერთოდ გაუმართლებელია.

სადავო ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს წინასწარ აქვს გადახდილი გასაჩივრებული განჩინებით დაყადაღებული 1600 ტონა სილიკომანგანუმის ღირებულება. აღნიშნულ ტვირთზე ყადაღის დადებით კი მოპასუხეს ადგება ზიანი, რადგან ეს განაპირობებს მისი შენახვის ხარჯების გაზრდასა და გემის მოცდენით გამოწვეული სანქციების დადებას.

კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებდა, რომ სასამართლომ კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაუვადა მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის განჩინება. კერძო საჩივრის არსებითად გადაწყვეტამდე გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიებები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მაისის განჩინებით კომპანია “მ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები და კერძო საჩივარი გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პარლამენტის 1994წ. 3 თებერვლის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდა “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” საერთაშორისო კონვენციას. აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო, თუ მასთან შედის სარჩელი საკითხზე, რომელზეც მხარეებმა დადეს ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება, მოვალეა, ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მხარეები გააგზავნოს არბიტრაჟში, თუ არ ჩათვლის, რომ ეს შეთანხმება გაუქმებულია (ბათილია), ძალადაკარგულია და შეუძლებელია მისი შესრულება.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აყენებს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობის საკითხს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონვენციის აღნიშნული ნორმის შესაბამისად სასამართლოს უფლება აქვს არ გაგზავნოს საქმე არბიტრაჟში და თავად განიხილოს გარიგების ბათილობის საკითხი.

სსკ-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ადგილად მითითებულია, როგორც ბათუმი, ასევე ფოთი, სსკ-ს მე-16 მუხლის მეორე მუხლის თანახმად სარჩელი შეტანილია განსჯად სასამართლოში.

სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვა ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში.

თუ სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდება, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება არის ბათილი, სკ-ს აღნიშნული ნორმის თანახმად პროდუქცია, რომელიც გადაეცა მოპასუხეს მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. განცხადებაში მითითებულია ამგვარ გარემოებებზე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების შესრულება არ გაძნელდება.

სსკ-ს 199-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.

აღნიშნული ნორმის თანახმად მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა სასამართლოს ვალდებულება კი არა უფლებაა.

ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოებების არსებობა არ დგინდება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი აქვს, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოწინააღმდეგე მხარემ კი სასამართლოს წარმოუდგინა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხეს აქვს მიღებული პროდუქციის დავალიანება. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კომპანია “მ.-ის” წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა, რომ მას გადახდილი აქვს დაყადაღებული პროდუქციის საზღაური და არ გააჩნია ძველი დავალიანებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კომპანია “მ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.