შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 04.04.2007
საქმის ნომერი
2კ-884აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹884აპ 4 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ ი. ბ-ის

ადვოკატ _ მ. ბ-ას

დაზარალებულების _ ვ. ბ-ის, რ. ბ-ის

თარჯიმანი _ ი. ს-ლი

მონაწილეობით განიხილა დიდუბე-ჩუ ღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-სა და მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ლ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის განაჩენით ლ. კ-ეს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 12 ნოემბრიდან. ლ. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნა 2005 წლის 24 თებერვლიდან 2005 წლის 26 აპრილამდე _ 2 თვე და 3 დღე.

განაჩენით ლ. კ-ეს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. კ-ძე 2005 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, იმყოფებოდა თბილისში, ---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადაწყვიტა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუების გზით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივიდა მოქალაქე ვ. ბ-თან, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა და თითქოს დროებითი სარგებლობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ვ. ბ-ის კუთვნილი, 275 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი „სამსუნგი-X100“, რაც იმავე დღეს 100 ლარად ჩააბარა ლომბარდში, მიღებული თანხა კი დახარჯა. 2005 წლის 24 თებერვალს ლ. კ-ძე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება, რაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის ბრძანებით შეეცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

2005 წლის 4 ნოემბერს, საღამოს საათებში, ლ. კ-ძე და გამოძიებით დაუდგენელი პირები იმყოფებოდნენ კ. გ-ას გამზირზე, რა დროსაც გადაწყვიტეს მოქალაქეთა პირადი ქონების მართლსაწინააღმდეგო გზით მისაკუთრება. დაახლოებით 23 საათზე შენიშნეს ტაქსის ტიპის ა/მანქანა „ჟიგული 2106“ სახ. ¹--, რომელსაც მართავდა რ. ბ-ლი. მათ გააჩერეს ა/მანქანა და მძღოლ რ. ბ-ლს მოსთხოვეს მონტინის ქუჩაზე გაყვანა, რაზედაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. ---ას ჩიხში მოძრაობისას ლ. კ-ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა რ. ბ-ლს გააჩერებინეს ა/მანქანა, რის შემდეგაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს გასტაცეს ფულადი თანხა 22 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2005 წლის 12 ნოემბერს ლ. კ-ძე დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ. ვ-ამ, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განაჩენი ლ. კ-ის მიმართ მიიჩნია ლმობიერად, რის გამოც მოითხოვა მის მიმართ სასჯელის დამძიმება, კერძოდ კი თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. კ-ემ. მისი აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი, რომლებიც დადგინდა სასამართლო სხდომაზე; ასევე არ გაიზიარა სასამართლო გამოძიებისას დადგენილ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, არ გააკეთა სწორი და ობიექტური შეფასებანი; სასამართლომ ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ, დასკვნები აშკარად შეუსაბამოა დადგენილ მტკიცებულებებთან; ყაჩაღობის ეპიზოდში ყველა არსებული მასალა ადასტურებს, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია; რაც შეეხება თაღლითობას, ამ ნაწილში სასჯელი აშკარად მკაცრია, რადგან დაზარალებულს არ მიუღია მნიშვნელოვანი ზიანი. მსჯავრდებულმა მოითხოვა აღნიშნული განაჩენის შეცვლა, კერძოდ: საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის გადაკვალიფიცირება პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 2 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით შეიცვლება 2 წლით გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მის მიმართ და განთავისუფლება სასამართლო დარბაზიდან. მან ასევე მოითხოვა დაზარალებულ ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცრუ ჩვენებისა და ცრუ დასმენისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის განაჩენი ლ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი იქნა კერძო განჩინება, რომლის თანახმადაც დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი დაზარალებულ რ. ბ-ის მიერ ლ. კ-ის ფოტოსურათით ამოცნობის და პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმები.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ. ვ-ამ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

პროკურორი ქ. ვ-უა საკასაციო საჩივრით ითხოვს ლმობიერების მოტივით აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის შებრუნებას მსჯავრდებულის საუარესოდ. ასევე ითხოვს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ვა საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო განხილვის დროს არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები; დაზარალებულის ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობაა; განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აქედან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალდების მოხსნასა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ლ. კ-ის გამართლებას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-ამ აღნიშნა, რომ განაჩენი მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა მოითხოვა განაჩენის შეცვლა მსჯავრდეულის სასიკეთოდ, კერძოდ, ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალდების მოხსნა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ლ. კ-ის გამართლება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. ბ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი. პროკურორს ასევე უკანონოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი განხორციელდა ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 347-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც სასამართლოს განჩინებით დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი როგორც ფოტოსურათებით ამოცნობის, ისე პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმები.

დაცვის მხარე, მართალია, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებებს, მაგრამ არა იმ მოტივაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. მას მიაჩნია, რომ სასამართლომ შეგნებულად გაუკეთა იგნორირება დაცვის მხარის სრულიად დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ფოტოსურათებით ამოცნობის დროს არა მარტო დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები, არამედ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილია დანაშაული, მტკიცებულების ფალსიფიკაციის სახით. აღნიშნულის მტკიცების საფუძველს დაცვის მხარეს აძლევს შემდეგი გარემოებები:

ფოტოსურათებით ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მოწმე პ. თ-ძე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მანქანით მოძრაობისას იგი პოლიციის მუშაკებმა გააჩერეს 2005 წლის 5 ნოემბერს, ღამის 3 საათზე (როცა თენდებოდა 5 ნოემბრის დილა), ხოლო გამომძიებელმა გ. ფ-ამ ჩუღურეთის საპასპორტო სამსახურის ---ს ლ. კ-ის ფოტოსურათის გაცემის თაობაზე მიმართა 2005 წლის 5 ნოემბერს. მაშინ საინტერესოა, როგორღა მოხვდა ლ. კ-ის სურათი ღამით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში. ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ლ. კ-ის სურათი მოპოვებული და ჩაკრულ იქნა ოქმში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ზემოაღნიშნულ ოქმში მეოთხე ფოტოსურათი (პ. თ-ის ჩვენებით დაზარალებულს ამოსაცნობად წარედგინა 3 ფოტოსურათი).

მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ წარადგინა იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი გაყალბებულია, სასამართლო იძულებული გახდა, ეცნო ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად, თუმცა არა დაცვის მხარის მიერ მითითებული ორივე საფუძვლით, არამედ _ მხოლოდ დროის მიუთითებლობის გამო, ანუ საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

დაცვის მხარე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ რ. ბ-ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, არ გამოუკვლევია პირველი ინსტანციის სასამართლოს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაცვის მხარე თვლის, რომ მტკიცებულება გამოკვლეული იყო, მაგრამ მოსამართლეს არ შეუფასებია იგი უტყუარობის თვალსაზრისით. თუ, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, გამოუკვლეველი მტკიცებულება დაედო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან, ამავე კოდექსის 475-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა და უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი დგინდება მხოლოდ განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენაში უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, შეეცადა რა გამოესწორებინა პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომები, თავისივე ინიციატივით საჭიროდ მიიჩნია დაზარალებულ რ. ბ-ის ჩვენების ხელმეორედ გამოკვლევა.

დაზარალებულმა რ. ბ-მა, ისევე როგორც აღნიშნული სს საქმის სამართალწარმოების ყველა წინა სტადიაზე, სააპელაციო სასამართლოში მისცა განსხვავებული ჩვენება, რომელიც კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება წინა ჩვენებებისაგან, კერძოდ: მან მიუთითა, რომ მსჯავრდებული ლ. კ-ძე მას მანქანაში ჩაუჯდა მოგვიანებით, დამყაჩაღებელ 3-4 პირთან ერთად (დამყაჩაღებელთა რაოდენობის დაზუსტებას დღემდე ვერ ახერხებს დაზარალებული რ. ბ-ლი) და არა _ თავდაპირველად, როგორც ამას აქამდე მიუთითებდა ყველა თავის წინა ჩვენებაში, ხოლო იმ თავდამსხმელებთან დაკავშირებით, რომლებიც მას მოგვიანებით ჩაუსხდნენ მანქანაში, განმარტავს, რომ მათი ამოცნობა არ შეუძლია.

მიუხედავად ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობისა, სასამართლომ დაზარალებულის ჩვენება გაიზიარა და ცნო უტყუარ მტკიცებულებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალდების მოხსნა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ლ. კ-ის გამართლება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

დაზარალებულმა ვ. ბ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო დაზარალებულმა რ. ბ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. ბ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ განაჩენი არის აშკარად უკანონო, დაუსაბუთებელი და ზედმეტად ლმობიერი. პროკურორი არ იზიარებს დაცვის პოზიციას, რომელიც აღნიშნავს, რომ დაზარალებულს ამოცნობის დროს მსჯავრდებულის სურათი არ წარდგენია და მისი ჩამატება მოხდა შემდეგ, რიგით მეოთხედ. საქმის მასალებში არსებულ საგამოძიებო მოქმედების მქონე ოთხ ფოტოსურათს შორის ლ. კ-ის სურათი მესამე რიგად არის ჩაკრული. ოთხივე სურათი ავსებს მოცემულ გვერდს ბოლომდე. სურათებს შორის ინტერვალი თანაბარია. ამ ფონზე შეუძლებელია მე-2 და მე-4 ფოტოებს შორის ყოფილიყო იმ ინტერვალით დაშორება, რომ შემდეგში ჩაკრულიყო სურათი. რაც შეეხება სურათის წარმომავლობას, საგამოძიებო მოქმედების ოქმში არ არის დაფიქსირებული მოქმედების დაწყება-დამთავრების დრო, შესაბამისად, მხედველობაში მიიღება 5 ნოემბრის 24 _ საათიანი ინტერვალი. პროკურორი ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ფოტოსურათთან დაკავშირებით და შესაძლებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გამომძიებელმა ფოტოსურათი საპასპორტო სამსახურიდან გამოითხოვა ღამის საათებში, ან პოლიციის სამმართველოს ლ. კ-ის ფოტოსურათი უკვე გამოთხოვილი ჰქონდა სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

პროკურორის აზრით, ასევე უსაფუძვლოა ამოცნობის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა. ის, რომ დაზარალებულს წარედგინა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პირები, წარმოადგენს ვერსიას და შეუძლებელია ამის მტკიცება, რადგან ამოსაცნობად წარდგენილი პირები არც მხარეებს უნახავთ, არც _ სასამართლო შემადგენლობას და, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ი. ბ-ემ მოითხოვა ლმობიერების მოტივით აღნიშნული განაჩენის გაუქმება და მისი გამკაცრება. ასევე, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოიფლდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ იზიარებს პროკურორ ქ. ვ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმების, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო როგორც ფოტოსურათებით ამოცნობის, ისე _ პირის ამოსაცნობდ წარდგენის ოქმები, ხოლო დაზარალებულ რ. ბ-ის (ყაჩაღობის ეპიზოდი) ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად (სადაც იგი ვერ იხსენებს, როდის ჩაუჯდა მანქანაში ლ. კ-ძე და თან განმარტავს, რომ თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია), სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება და მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად, დადგა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის „საფრთხის“ წინაშე, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას იმ საფუძვლით, რომელსაც მიუთითებს მხარე (ცრუ ჩვენება), ავტომატურად მოყვებოდა დაპირისპირებისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობაც და ვინაიდან ბრალდების მხარეს არ რჩებოდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლო იძულებული გახდებოდა, კ-ის მიმართ ყაჩაღობის ეპიზოდში გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, ამიტომ დაზარალებულის ჩვენება ცნო უტყუარ მტკიცებულებად, რაც, პალატის აზრით, არასწორია.

პალატა იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის სასიკეთოდ განაჩენის შეცვლის შესახებ, კერძოდ, ყაჩაღობის ეპიზოდში ბრალდების მოხსნასა და საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ლ. კ-ის გამართლებას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პალატის აზრით, ფოტოსურათებით ამოცნობის დროს დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნა, რასაც ადასტურებს მოწმე პ. თ-ის ჩვენება, რომლის მიხედვით ლ. კ-ის ფოტო არ იყო და რომელიც გაჩნდა მოგვიანებით, მე-2 და მე-4 ფოტოებს შორის.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეეცადა რა გამოესწორებინა პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომები, კერძოდ ის, რომ დაზარალებულის ჩვენება შეფასდა მტკიცებულების უტყუარობის თვალსაზრით და გამოუკვლეველი მტკიცებულება დაედო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თავისივე ინიციატივით საჭიროდ მიიჩნია დაზარალებულ რ. ბ-ის ჩვენების ხელმეორედ გამოკვლევა. მიუხედავად დაზარალებულის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, არასწორად ცნო უტყუარ მტკიცებულებად, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები, რადგან ამავე კოდექსის 475-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: „სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა და უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან”, ხოლო სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: „გამამტყუნებელი განაჩენი დგინდება მხოლოდ განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენაში უტყუარ მტკიცებუელბათა საფუძველზე“, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ლ. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მსჯავრდებულს ბრალდების ეს მუხლები უნდა ამოერიცხოს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში არასწორია და უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

განაჩენი, ლ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდში, გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.