შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹126/საზ ქ. თბილისი
20 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და თ. გ-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 7 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით _ 11 წლით, ხოლო 119-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმ დროს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მ. მ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაზარალებულ ი. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2621 ლარის გადახდა.
ამავე განაჩენით თ. გ-ის, მიმართ სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე. თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. ჩ-ეს, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. მ-ძე დაუკავშირდა მეზობლებს _ თ. გ-სა და გ. ჩ-ეს და განიზრახეს, რომ თავს დასხმოდნენ ქ. ტყიბულში, ---ის ქ. ¹7ა-ში მცხოვრებ ვ. გ-ის ოჯახს. ამ მიზნით, 2000 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე ისინი მივიდნენ ვ. გ-ის სახლთან, გ. ჩ-ძე დარჩა გარეთ, ხოლო მ. მ-ემ და თ. გ-ემ ნიღბებით შეაღწიეს სახლის პირველ სართულზე. მ. მ-ძე თანნაქონი დანით დაემუქრა ვ. გ-ეს, ხოლო შემდეგ კისრის არეში მიაყენა ზერელე კანქვეშა ჭრილობა და მოსთხოვა ფული და ოქროულობა, ჯიბიდან კი ამოუღო 19 ლარი. თ. გ-ემ მას გამოართვა მე-2 სართულის გასაღები. ბოროტმოქმედებმა დაზარალებულის დახმარებით გააღეს მე-2 სართულის კარი, ყუთში ჩადეს ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. ამ დროს მ. მ-ძე ისევ სცემდა ვ. გ-ეს და სქელი ქსოვილით ეცადა მის დახრჩობას. თ. გ-ძე უშლიდა _ „თავი დაანებე, ნუ მოკლავო”. ამის შემდეგ მათ წაიღეს ყუთი და მუსიკალური ცენტრი, ჩავიდნენ დაბლა, თ. გ-ემ ნივთები მიიტანა რკინის ღობემდე, გადააწოდა გ. ჩ-ეს, ხოლო მ. მ-ძე დაბრუნდა სახლის 1-ელ სართულზე, შეჰყვა ვ. გ-ეს და სასტიკად სცემა ხელებითა და ფეხებით თავისა და გვერდების არეში, რითიც მას მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა 2000 წლის 19 ივლისს.
ამრიგად, მ. მ-ემ და თ. გ-ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში შეღწევით; მ. მ-ემ ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გ. ჩ-ემ _ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
მ. მ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2000 წლის 8 ივლისიდან, ხოლო თ. გ-სა და გ. ჩ-ეს _ 2000 წლის 7 ივლისიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მ. მ-ეს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 11 წლამდე; განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტს წინ დაემატა წინადადება: “განსასჯელ გ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებზე” და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 4 წლამდე; მსჯავრდებულ თ. გ-ეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. მ-ძე საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე სსკ-ის 119-ე მუხლი ამოღებულია. ამიტომ ითხოვს მის მიმართ დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებიდან ზემოაღნიშნული მუხლის ამორიცხვას.
მსჯავრდებული თ. გ-ძე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის მასალების შესწავლას, მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და შეფარდებული სასჯელის მუხლის სანქციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მ. მ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ. გ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ მ. მ-ეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თ. გ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ-სა და თ. გ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი აღნიშნული ქმედებისათვის აწესებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასჯელის ზედა ზღვარი.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივებით სასამართლო გადაწყვეტილება გ. ჩ-ის მიმართაც უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: გ. ჩ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი „გ” ქვეპუნქტით (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით), რომლის სანქცია ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 12 წლამდე, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე, რომლის სანქციაა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რადგან ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სანქციის ზედა ზღვარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით 119-ე მუხლი გაუქმდა და ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას მოიცავს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის სანქციაა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გახდა მძიმე კატეგორიის დანაშაული. აღნიშნული გარემოებაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი. შესაბამისად, მ. მ-ის ქმედება სსკ-ის 119-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
თ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 7 მარტის განჩინება შეიცვალოს: მ. მ-სა და თ. გ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე;
მ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამ მუხლით სასჯელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. მ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის _ თ. გ-სა და გ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.