შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 07.07.2008
საქმის ნომერი
2კ-8აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

8აპ ქ. თბილისი

7 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ზ. დ., _ დაბადებული ......... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის მიხედვით, ზ. დ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 5 სექტემბერს ზ. დ. და ი. დ. დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ზ. დ.-ს, წავიდნენ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭელიაღელეში, ა. ჭ.-ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის განზრახვით. დაახლოებით 3 საათზე ზ. დ. წინასწარ განაწილებული დანაშაულებრივი როლის შესაბამისად, დარჩა სახლის წინ მდებარე ხის სკამთან, ხოლო ზ. და ი. დ.-ები შევიდნენ ა. ჭ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისინი სირბილით გამოიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ. დ.-მა ჩათვალა, რომ მათი დანაშაულებრივი განზრახვა (ქურდობა) სისრულეში იყო მოყვანილი და მათთან ერთად მიიმალა.

2006 წლის 5 სექტემბერს ამბროლაურის შს განყოფილებაში ა. ჭ.-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და ამ უკანასკნელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, დაიწყო წინასწარი გამოძიება. მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ზ. დ.-მა 2006 წლის 4 სექტემბერს მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 2006 წლის 5 სექტემბერს, 3 საათზე, იგი, ზ. და ი. დ.-ების შეთავაზებით, მივიდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭელიაღელეში მდებარე ა. ჭ.-ს საცხოვრებელი სახლის წინ. ზ. და ი. დ.-ები ღობეზე გადახტომის გზით შევიდნენ ეზოში ბენზინის გამოსატანად, თვითონ კი დარჩა იქვე არსებულ ხის სკამთან. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ზ. და ი. გადმოხტნენ ღობეზე და მოუწოდეს მას გაქცეულიყო, რის შემდეგაც იგი ი. დ.-თან ერთად გაიქცა კაჩაეთის მიმართულებით. 2006 წლის 17 ნოემბერს ზ. დ.-მა მოწმის სახით დამატებითი დაკითხვისას მთლიანად უარყო ზემომითითებული ფაქტები და აჩვენა, რომ ი. დ. 2006 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 23 საათის შემდეგ, საერთოდ არ უნახავს, ხოლო ზ. დ.-თან ერთად ა. ჭ.-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახლის მხრიდან შემოესმათ ყვირილის ხმა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ზ. დ.-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. დ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივით: კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2006 წლის 3 ოქტომბერს ზ. დ. დააკავეს ამბროლაურის რაიონის შს სამმართველოს თანამშრომლებმა და წაუყენეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. აღნიშნული ბრალდება არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქმის მასალებით არ იკვეთება, მიისაკუთრა თუ არა საერთოდ რაიმე ფარულად ზ. დ.-მა. როგორც ზ. დ., ასევე სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები აღნიშნავენ, რომ ზ. დ.-ზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება და იძულება. ისინი აიძულებდნენ ზ. დ.-ს, მიეცა ჩვენება ი. და ზ. დ.-ების წინააღმდეგ, შედეგად მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან. თუ ზ. დ. არ დათანხმდებოდა მათ და არ მოაწერდა ხელს მათივე შედგენილ ჩვენებას, მას ემუქრებოდნენ მრავალწლიანი პატიმრობით. ზ. დ. იძულებული გახდა, მოეწერა ხელი გამოძიების მიერ შეთავაზებულ ჩვენებას და იგი საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს პატიმრობიდან. შემდეგ რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს პრეცედენტული ფაქტი, ვინაიდან ზ. დ.-მა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა საპროცესო შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება სსსკ-ის 6796-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებიდან ერთი თვის შემდეგ ამბროლაურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ზ. დ. და წაუყენეს ასევე გამოგონილი ბრალდება სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რასაც შემდგომში მოჰყვა 177-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წაყენება.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლს, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალად ზ. დ.-ს და რაც დადასტურებულია ზემოთ ხსენებული სასამართლოების მიერ, აღნიშნული არაფრით არ არის დადასტურებული საქმის მასალებით და ეს წარმოადგენს როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს ,,ფანტაზიის ნაყოფს». წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას. განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. საქმეზე არ არის შეკრებილი არათუ საკმარისი, არამედ, საერთოდ, არანაირი მტკიცებულებები იმისა, რომ ზ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ. გ.-ს ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ ზ. დ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე არ არის შეკრებილი არანაირი მტკიცებულებები იმისა, რომ ზ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ, რადგან ასეთი დასკვნისთვის საქმის მასალებში საფუძველი არ მოიპოვება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით ზ. დ.-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო მის მიერ 2006 წლის 4 ოქტომბერს და იმავე წლის 17 ნოემბერს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც ზ. დ.-მა მოწმის სახით დაკითხვისას მისცა ჩვენებები, ასევე დაიწყო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და ზ. დ. ცნობილ იქნა ბრალდებულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შემადგენლობის სუბიექტი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაშიც თავადაც იმხილება, რის გამოც ზ. დ.-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და შესაბამისად, შეუმსუბუქდეს სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ზ. დ.-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ზ. დ.-ს საქართველოსსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.