დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2008
საქმის ნომერი
2კ-753აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

753აპ ქ. თბილისი

14 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის განაჩენზე ნ. ი-სა და მ. ხ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ნ. ი-ი, _ დაბადებული ..... წლის .... -ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 24,373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის მოწყობა.

ამავე განაჩენით მ. X., _ დაბადებული .... წლის ......-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის აგვისტოში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დააკავეს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ს. კ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ს. კ-ს მეუღლე ლ. კ-ი თავისი ნათესავის _ გ. კ-ს მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატ ნ. ი-ს, რომელსაც სთხოვა მეუღლის ინტერესების დაცვა. ისარგებლა აღნიშნული სიტუაციით და ნ. ი-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა ლ. კ-ს ქონებას (ფულად თანხას) და თავისი მომსახურებისათვის აღებული 300 აშშ დოლარის გარდა, დამატებით, ექსპერტიზისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, ლ. კ-ს გ. კ-ს მეშვეობით მოსთხოვა 15000 აშშ დოლარი. ლ. კ-მ მხოლოდ 2500 აშშ დოლარის მოგროვება შეძლო, საიდანაც 2006 წლის აგვისტოში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. კ-მ ნ. ი-ს გადასცა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი (ეროვნულ ვალუტაში _ 3509 ლარი), რაც მან თაღლითურად მიითვისა.

აღნიშნულის შემდეგ ნ. ი-მა ლ. კ-ს მოსთხოვა 10000 აშშ დოლარის გადახდა, რაც მას უნდა გაენაწილებინა საქმეზე ზედამხედველი პროკურორისათვის, რომელიც მისი მეზობელი იყო, და მოსამართლისათვის, რის სანაცვლოდ ს. კ-ს შეუმსუბუქდებოდა მაკვალიფიცირებელი მუხლი და შესაძლებელი გახდებოდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ჯარიმის გადახდით, დამატებით _ 15000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ლ. კ-ს არ გააჩნდა აღნიშნული თანხა, ნ. ი-ს განუმარტა, რომ საკუთარი საცხოვრებელი ბინის დაგირავებით შეძლებდა თანხის სესხებას. ნ. ი-მ მას გააცნო თავისი თანამშრომელი თ. გ., რომელიც მიეხმარებოდა მას თანხის სესხებისათვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მართლაც, 2006 წლის 29 სექტემბერს ლ. კ-მ, ნ. ი-სა და თ. გ-ს დახმარებით, შეძლო თავისი ბინის დაგირავება და 5%-იანი სარგებლის გადახდით სესხის სახით მიიღო 10000 აშშ დოლარი (ეროვნულ ვალუტაში _ 17360 ლარი). აღნიშნული თანხა მან, თავისი ძმის _ დ. კ-სა და თ. გ-ს თანდასწრებით, გადასცა ნ. ი-ს მის ოფისში, მდებარე თბილისში, პეკინის 33-ში. მითითებული თანხა ნ. ი-მ თაღლითურად მიითვისა და ლ. კ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.

ჰქონდა რა ჩადენილი ზემოხსენებული დანაშაული, ნ. ი-მ არ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა და 2007 წლის აპრილის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, განიზრახა, მოეწყო დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობ მ. ხ-ს, რომელსაც 1500 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, კერძოდ: საგამოძიებო ორგანოებისათვის მას უნდა განეცხადებინა და მიეცა ჩვენება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომ, თითქოსდა, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაქირავებულ ფართში, არარსებული პირი ნ. კ. (რომელიც, თითქოსდა, სარგებლობდა მობილური ტელეფონით _ ............) და ვინმე „მ.» ეწეოდნენ ყალბი აქციზური მარკებისა და სხვა დოკუმენტების დამზადებას, რასაც სხვადასხვა ადგილზე უკეთებდნენ რეალიზაციას.

2007 წლის 14 აპრილს მ. ხ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზემოაღნიშნული, არარსებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹74078192 საქმეზე, ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-2001 მუხლის 1-ლი ნაწილით. მ. ხ-ს ჩამოერთვა ხელწერილი ცრუ დასმენაზე საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ და დაიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან დაადასტურა თავის განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები. გამოძიებამ ჩაატარა მთელი რიგი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. ამდენად, ამ ქმედებამ ხელი შეუშალა სასამართლო ხელისუფლებისა და საგამოძიებო ორგანოების ნორმალურ საქმიანობას, ფუჭად დაიკარგა ამ ორგანოების ენერგია და დრო.

2003 წლის ოქტომბერში მ. ხ-მ განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივიდა ყოფილ თანამშრომელ ლ. მ-სთან, რომელიც დაავადებული იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის კოქსართროზით, საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას და არ გააჩნდა ამისათვის საჭირო თანხა _ 5347 ლარის ოდენობით. მ. ხ-მ, ლ. მ-სა და მის მეუღლეს _ დ. ჯ-ს აღუთქვა დახმარება და შეჰპირდა მათ, რომ თბილისის საკრებულოდან, თავისი ნაცნობების დახმარებით, გადმორიცხავდა ოპერაციისათვის საჭირო თანხას, რისთვისაც საზღაურის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი. მ. ხ-მ დ. ჯ-ს ნდობა ბოროტად გამოიყენა, სხვადასხვა დროს, ნაწილ-ნაწილ გამოართვა მას აღნიშნული თანხა და მიიმალა, რითიც დაზარალებულს მიაყენა 500 აშშ დოლარის (ეროვნულ ვალუტაში _ 1050 ლარის) მნიშვნელოვანი ზიანი.

ჩადენილი ჰქონდა რა დანაშაული, მ. ხ-მ 2005 წლის ზაფხულში, ზუსტი დრო დაუდგენელია, განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობ მ. ე-ს, რომელიც, მ. ხ-სთან შეთანხმებით, მივიდა ნაცნობთან _ ნ. ქ-თან და აცნობა, რომ, მსურველების არსებობის შემთხვევაში, 300 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მ. ხ. კომპანია „.......» დააწყებინებდა მუშაობას. ნ. ქ-მ ამის შესახებ უამბო მეუღლეს _ დ. ქ-სა და ნაცნობს _ გ. ბ-ს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, დაეწყოთ მუშაობა და ამის სანაცვლოდ გადაეხადათ მოთხოვნილი თანხა. მ. ხ-მ და მ. ე-მ ბოროტად გამოიყენეს აღნიშნული პირების ნდობა და თბილისში, ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ქ-ს გამოართვეს 300 აშშ დოლარი, ხოლო გ. ბ-ს _ 170 აშშ დოლარი, რასაც თაღლითურად დაეუფლნენ და დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნ. ი-ს _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 10 ათასი ლარის ოდენობით. ნ. ი-ს დაზარალებულ ლ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 22500 ლარის გადახდა, მ. ხ-ს დაზარალებულ დ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 1050 ლარის გადახდა.

ნ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 მაისიდან, ხოლო მ. ხ-ს _ 2007 წლის 29 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე _ 2006 წლის 17 ივნისი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა პ. ხ-მ. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ ნ. ი-ს ადვოკატი ზ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო იყო მიკერძოებული, არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ამართლებდა ნ. ი-ს; აღნიშნულის გამო განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აგებულია ძირითადად დაზარალებულ ლ. კ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე; სასამართლომ არ იმსჯელა კანონის დაცვით გაფორმებულ 2006 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებაზე, რომელიც, თუ ლ. კ-მ მასზე ხელი მოაწერა, დაზარალებულს უნდა ჰქონოდა წაკითხული, ხოლო, თუ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, უნდა გარკვეულიყო ხელმომწერის ვინაობა; სააპელაციო პალატამ ასევე არ იმსჯელა ნ. ი-ს მიერ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, რითიც დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლი; ნ. ი-მ დაიცვა ხელშეკრულების გაფორმების ყველა კანონიერი მეთოდი; იმ შემთხვევაში, თუ ლ. კ-მ მოტყუებით მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე, მაშინ ეს არის მოტყუებით დადებული გარიგება, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით; ვინაიდან, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, გასულია ხელშეკრულების გასაჩივრების ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია და ის არავის უცვნია ბათილად, ხოლო განაჩენში ნ. ი-ს მიერ თაღლითობის ჩადენაზე მითითება _ აბსურდულია.

კასატორის აზრით, სასამართლომ ხელშეკრულებაზე წინ დააყენა დაინტერესებული მოწმეების ჩვენებები; ვინაიდან ადვოკატმა ნ. ი-მ კანონიერი გზით ვერ მიაღწია საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ლ. კ-მ გადაწყვიტა ჰონორარის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება პროცენტის დამატებით, რაზეც ნ. ი-საგან მიიღო უარი; იმის ნაცვლად, რომ ლ. კ-ს წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად მიემართა სასამართლოსათვის სამოქალაქო წესით, მან 2007 წლის 17 მარტს განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და ისინი განაწყო ნ. ი-ს წინააღმდეგ პროკურორისა და სასამართლოს დასახელებით, რომლებისთვისაც ადვოკატს, თითქოსდა, ფული უნდა გადაეცა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, რაც გახდა ნ. ი-ს მიმართ არაობიექტური და ტენდენციური გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი; ის ფაქტი, რომ ლ. კ-სთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი მასა და ადვოკატ ნ. ი-ს შორის დადებული ხელშეკრულების რეალური არსი, დასტურდება ლ. კ-ს 2007 წლის 16 თებერვლის განცხადებითაც, რომლითაც იგი ითხოვდა ადვოკატისაგან, მიემართა პროკურატურისათვის ს. კ-სთან საპროცესო გარიგების დადების მიზნით, რაც ნ. ი-მ შეასრულა, მაგრამ მიიღო უარყოფითი პასუხი; დაზარალებულისათვის კარგად იყო ცნობილი განსხვავება ქრთამის მიცემასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შორის, ამიტომ ის თვითონ არის თაღლითობის თანაავტორი.

საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები _ სამართლიანი სასამართლოსა და სამართლიანი და დასაბუთებული განაჩენის მიღების უფლება; ბუნდოვანი და დაუკონკრეტებელია ნ. ი-ს მიერ, თითქოსდა, თაღლითური გზით მითვისებული თანხის საბოლოო ოდენობა; საბრალდებო დასკვნაში მითითებული რიცხვების დაანგარიშებით, ამ თანხამ, ალბათ, უნდა შეადგინოს 20869 ლარი, ლ. კ-ს მიერ ხელმოწერილი ოფიციალური იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტებით კი _ 18900 ლარი; ამასთან, განაჩენში არასწორადაა მითითებული, რომ, თითქოს, მსჯავრდებულმა მთლიანად მიითვისა აღნიშნული თანხა; გაუგებარია, გამოძიებამ და სასამართლომ რატომ არ გაითვალისწინეს ს. კ-ს ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდილი თანხა; ნ. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს საშემოსავლო გადასახადი _ 2000 ლარის ოდენობით; ლ. კ-სა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებების გაზიარებით, ნ. ი-ს მიერ, თითქოსდა, თაღლითური გზით მითვისებული მაქსიმალური თანხა არ აღემატება 8869 ლარს, მაგრამ სასამართლო იმდენად არაობიექტური იყო, რომ „მსჯავრდებულს იმდენ თანხას დააკისრებდა, რამდენსაც პროკურატურა მოითხოვდა».

სასამართლომ არ გაიზიარა თ. გ-ს ჩვენება, წინასწარმა გამოძიებამ 5 თვის განმავლობაში საერთოდ არ დაკითხა ის; თ. გ-საგან ობიექტური ჩვენების მიღებისათვის ხელის შეშლის მიზნით, წინასწარმა გამოძიებამ, საგამოძიებო მოქმედების საბაბით, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ერთი დღით ადრე მიიყვანა საგამოძიებო ორგანოში, სადაც იგი პრაქტიკულად დაიკითხა ნ. ი-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რითიც შენიღბული ფორმით სცადეს მასზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა _ უშედეგოდ; დაკითხვისას თ. გ-მ არ დაადასტურა ლ. კ-სა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები და დამაჯერებლად განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ ნ. ი-სათვის გადახდილი თანხა იყო მხოლოდ ჰონორარი და ვინმესთვის ქრთამის მიცემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა; სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა ეს ჩვენება, სამაგიეროდ, გაიზიარა ლ. კ-ს ძმის, რძლისა და მეუღლის ბიძაშვილის მოგონილი ჩვენებები მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ, რ. დ. მხარეთა თანასწორობის უფლება.

გაუგებარია, რატომ ჩათვალეს წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ, რომ ადვოკატმა ნ. ი-მ 2007 წლის 17 მარტის მდგომარეობით უკვე მოატყუა ლ. კ-ი და ფაქტობრივად მიიჩნია იგი ეჭვმიტანილად თაღლითობაში (თუმცა ოფიციალურად ის არ ცნეს ეჭვმიტანილად), მაშინ, როდესაც იმ დროისათვის და თუნდაც 2007 წლის 28-30 მაისისათვის ს. კ-ს საკითხი დასრულებული არ იყო; ადვოკატმა მისი ინტერესები დაიცვა მხოლოდ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში და, იურიდიული დოკუმენტების შესაბამისად, მას უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა დარჩენილ სასამართლო ინსტანციებში, რისი საშუალებაც არ მიეცა; აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა ნ. ი-ს დაპატიმრებისა და გასამართლების ერთადერთი საფუძველი _ ლ. კ-სა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები; მათ გარდა, ბრალდების მხარის არც ერთმა მოწმემ (გ. კ-მ, ზ. რ-მ, ვ. დ-მ) არ დაადასტურა ლ. კ-ს ჩვენებები იმის შესახებ, რომ 10 ათასი აშშ დოლარი ადვოკატს ქრთამის სახით უნდა გადაეცა რომელიმე თანამდებობის პირისათვის; აღნიშნული პირები დაზარალებულმა თავად დაასახელა მოწმეებად, მაგრამ მათ დაადასტურეს მხოლოდ ლ. კ-ს მიერ სესხის აღების ფაქტი, რომელიც სჭირდებოდა საპროცესო შეთანხმებისათვის; ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსის გათვალისწინებით, გაურკვეველია, რა კონტექსტში მოიყვანა იგი სასამართლომ თავის განაჩენში ნ. ი-ს საწინააღმდეგოდ.

დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოზე მოწმედ დაკითხულმა თ. გ-მ კატეგორიულად უარყო ნ. ი-ს მიერ თაღლითობის ჩადენა და აჩვენა, რომ ადვოკატი ლ. კ-ს არ შეჰპირებია თანხის პროკურორის ან მოსამართლისათვის გადაცემას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მისაღწევად; ამრიგად, ამ ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული და ადვოკატზე განაწყენებული ლ. კ-სა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებით, რომლებიც საქმის მასალებით არ დასტურდება და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, ამიტომ მხოლოდ დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ცრუ ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; მათი ჩვენებების შეფასებისას არ შეიძლება მხედველობაში არ იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, მათივე ჩვენებებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 2006 წლის აგვისტო-სექტემბრიდან იყო ცნობილი, რომ ნ. ი-ს მხრიდან მზადდებოდა მძიმე დანაშაულის _ ქრთამის მიცემა-აღების ჩადენა, მაგრამ მათ ამის შესახებ სათანადო ორგანოებს არ შეატყობინეს, პირიქით, მათ ადვოკატს მისცეს თანხმობა და, როგორც თვითონ აღნიშნავენ, ფულიც; მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, ლ. კ-მ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ეს გარემოებებიც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა.

რაც შეეხება ნ. ი-სათვის საქართველოს სსკ-ის 24,373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, ადვოკატის აზრით, ამ ეპიზოდშიც რაიმე უტყუარი მტკიცებულება მოპოვებული არ ყოფილა; მ. ხ. თავდაპირველ ჩვენებებში ნ. ი-ს რაიმე დანაშაულის ჩადენაში არ ამხელს; მხოლოდ 2007 წლის 28 მაისს, მოწმის სახით დამატებით დაკითხვისას, მან განმარტა, რომ მის მიერ 2007 წლის 14 აპრილის დაწერილი განცხადება და ჩვენება იყო არასწორი და ასეთი განცხადების შედგენის ინიციატორი იყო ნ. ი-ი, რომელმაც ამ ქმედებისათვის მას შესთავაზა 1500 ლარი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მ. ხ-მ კვლავ შეცვალა მამხილებელი ჩვენება და განაცხადა, რომ მან დაარწმუნა ნ. ი-ი, რომ მის მიერ მითითებული სტამბა ნამდვილად არსებობდა, სადაც სისტემატურად მზადდებოდა ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და აქციზური მარკები და მის მიერ დასახელებული პირები რეალურად არსებობდნენ; ამ ინფორმაციისათვის ნ. ი-ს არ უნდა მიეცა 1500 ლარი, მაგრამ უნდა ესესხებინა 1000 ან 2000 ლარი; აღნიშნულ ჩვენებაში მ. ხ-მ კატეგორიულად უარყო ნ. ი-ს მიერ დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის ორგანიზება. 2007 წლის 17 ოქტომბერს მ. ხ-ს ადვოკატმა წარმოადგინა მ. ხ-ს შუამდგომლობა, რომლითაც ის ითხოვდა დამატებით დაკითხვას, ვინაიდან წინა სხდომებზე, ნ. ი-ს სასარგებლო ჩვენების მიცემისას, იყო შეუძლოდ; მიუხედავად იმისა, რომ დარღვეული იყო შუამდგომლობის წარდგენის ხუთდღიანი ვადა, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა იგი, მაგრამ სხდომაზე მ. ხ-მ კვლავ არ მისცა ნ. ი-ს საწინააღმდეგო ჩვენება, გახდა ცუდად, რის გამოც სხდომა გადაიდო მეორე დღისათვის; 2007 წლის 18 ოქტომბერს აშკარა იყო, რომ მ. ხ. ხორციელდებოდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან კვლავ მისცა ცრუ ჩვენება ნ. ი-ს მიმართ; აღსანიშნავია, რომ ობიექტური და სწორი ჩვენების მიცემისას მ. ხ. იყო ჯანმრთელი და არავითარი საჩივარი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია; საყურადღებოა, რომ არაერთი დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ ეს პირი სისტემატურად, წლების განმავლობაში ატყუებდა ადამიანებს მათგან თანხების გამოძალვისა და მითვისების მიზნით, რის გამოც მასზე გამოცხადებული იყო ძებნა; ასეთ ვითარებაში სარწმუნო არ არის მ. ხ-ს ბოლო ჩვენებები, რომლებიც მიცემულია შეღავათიანი სასჯელის მიღებისა და თავის გადარჩენის მიზნით. საბოლოოდ, ნ. ი-ს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, მ. ხ-ს ამ ეპიზოდისათვის მიესაჯა სასჯელის მინიმუმი _ 1 წელი, ხოლო ნ. ი-ს მაქსიმუმი _ 3 წელი.

ადვოკატ ზ. ხ-ს აზრით, გარდა მ. ხ-ს არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და აშკარად არასწორი ჩვენებებისა, ნ. ი-ს მიმართ ამ ეპიზოდში სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება; თავად ნ. ი-ს განმარტებით, მ. ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მისი დადასტურების შემთხვევაში, მას ესაჭიროებოდა ს. კ-ს საქმეზე გამოსაყენებლად. ნაცვლად იმისა, რომ დეტალურად შეემოწმებინათ მ. ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გამოძიებამ, მობილური ტელეფონების კუთვნილობიდან გამომდინარე, გააკეთა მცდარი დასკვნა, რომ დასახელებული პირები მოგონილი იყო; საგამოძიებო ორგანოებმა არ მიიღეს ზომები მუხიანის დასახლებაში მდებარე სტამბაში მომუშავე პირების დასადგენად, მათი შესაძლო კავშირების შესასწავლად ს. კ-სთან; განსაკუთრებით საყურადღებოა ვინმე ა. ბ-ს პიროვნება, რომელიც ადრე პასუხისგებაში იყო მიცემული ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-რეალიზაციისათვის და ამჟამადაც პასუხისგებაშია მიცემული ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40, 42-ე, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნები, სსსკ-ის მე-10, 132-ე, 503-ე მუხლები; გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა, სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, გამამტყუნებელი განაჩენისათვის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძვლად დადება; სასამართლომ ნ. ი-სთან მიმართებით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; უკანონოდ არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ხელშეკრულებაზე ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით და მოწმის სახით ი. ძ-ს დაკითხვაზე, რომელიც იყო ნ. ი-ს პარტნიორი, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის საოქმო დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ადვოკატი ზ. ხ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ნ. ი-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს გასაჩივრებული განაჩენის დაუსაბუთებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

დაზარალებული ლ. კ-ი თავის ყველა ჩვენებაში მიუთითებს, რომ ნ. ი-ი ითხოვდა თანხას, რომელიც, მისივე თქმით, ლ. კ-ს დაპატიმრებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით უნდა გადაეცა პროკურორისა და მოსამართლისათვის. მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება არ შედგა, ნ. ი-მ დაზარალებულს უთხრა, რომ მიღებული თანხა მისი ჰონორარი იყო და ,,ჯიბეში ჩავიდეო".

ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა _ ნ. მ-მ და დ. კ-მ. მათ განმარტეს, რომ ნ. ი-ს ჯერ 2000, შემდეგ კი 10 000 აშშ დოლარი გადასცეს. ნ. ი-ი არწმუნებდა, რომ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, მაგრამ შემდეგ განუცხადა _ ეს ფული ჩემი ჰონორარი იყოო.

მოწმე გ. კ-ც ადასტურებს, რომ ნ. ი-ი დამატებით ითხოვდა 10 000 აშშ დოლარს ,,საქმის დასამთავრებლად" და იძლეოდა საპროცესო შეთანხმების გარანტიას.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, თითქოს ნ. ი-სათვის წარდგენილი ბრალდება ემყარება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებს.

მოწმე ზ. რ-ი განმარტავს, რომ ესწრებოდა ნ. ი-სათვის თანხის გადაცემას. საუბრისას შეიტყო, რომ ლ. კ-ს თანხა სჭირდებოდა თავის დაპატიმრებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.

მოწმე ვ. დ. მიუთითებს, რომ იპოთეკური სესხის მისაღებად შეაფასა ლ. კ-ს საცხოვრებელი ბინა. შეიტყო, რომ დაზარალებულს 10000 აშშ დოლარი სჭირდებოდა თავის დაპატიმრებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.

ამდენად, ლ. კ-ს მიერ აღწერილ ვითარებას, გარდა დაზარალებული მხარისა, სხვა პირებიც ადასტურებენ.

კასატორი მიუთითებს 2006 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე, როგორც დაცვის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტზე, რომელსაც, მისივე მტკიცებით, ხელი მოაწერა ლ. კ-მ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლ. კ-მ მიუთითა, რომ ხელი მოაწერა სხვა დოკუმენტს წარწერით _ ,,შემოსავლების სალარო". მოწმე დ. კ-ც აღნიშნავს, რომ თავის დას ნ. ი-მ ხელმოსაწერად გადასცა ჩეკი. კასატორის ჩვენების საპირისპიროდ, ამ საკითხზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა (ტ. 2, ს.ფ. 580) და გაიზიარა ლ. კ-ს განმარტება, რომ მან ხელი მოაწერა სხვა დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში იმ გარემოებას, თუ როგორ აღმოჩნდა ხელშეკრულებაზე დაზარალებულის ხელმოწერა, განსახილველ საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და მასზე ვერც სასამართლო იმსჯელებდა.

გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია მ. ხ-ს მსჯავრდების ნაწილშიც. ამ უკანასკნელის მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებითა და 373-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა უტყუარად დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის დაზარალებულების _ დ. ქ-სა და დ. ჯ-ს ჩვენებებით.

ამასთან, საბრალდებო დასკვნით და ორივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ი-მ თაღლითურად მიითვისა ჯერ 2000 აშშ დოლარი (3509 ლარი), შემდეგ კი 10 000 აშშ დოლარი (17 360 ლარი), ე.ი. სულ 20869 ლარი. ნ. ი-ს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 22 500 ლარის გადახდა ისე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა და არანაირად არ დაასაბუთა თანხის ეს რაოდენობა. შესაბამისად, მსჯავრდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს თანხის ის ოდენობა, რაც უტყუარად დგინდება საქმეში არსებული მასალებით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ ნ. ი-ს დაზარალებულ ლ. კ-ს სასარგებლოდ საბოლოოდ დაეკისროს 20869 (ოცი ათას რვაას სამოცდაცხრა) ლარის გადახდა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.