შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 04.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1133აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1133აპ ქ. თბილისი

4 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით გ. მ, _ დაბადებული .. .. .. წლის .. მაისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებითა და 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ საფლავის მიწისზედა ნაგებობების დაზიანება ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. მ. 2003 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ამხანაგებთან _ ს. ა. და ი. კ-სთან ერთად, ბოლნისის რაიონის სოფელ ......... მცხ. A. რ-ს კუთვნილი .... მარკის ავტომანქანით, იმყოფებოდა ამავე რაიონის სოფელ ....ში. მანქანას მართავდა ს. ა. სოფლის სასაფლაოს გვერდით გამავალ გზაზე მოძრაობისას ი. კ-მ სასაფლაოზე შენიშნა, რომ ერთ-ერთ საფლავს, მიწისზედა ნაგებობის სახით, შემოვლებული ჰქონდა ფერადი ლითონის _ დურალუმინის ფიგურული ფორმების მესერი და მანქანაში მყოფ პირებს შესთავაზა, დაეზიანებინათ ზემოაღნიშნული მესერი, ხოლო საფლავიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დურალუმინის ფიგურული ფორმები გაეტაცებინათ, მოეხდინათ მათი რეალიზაცია და მიღებული თანხა თანაბრად გაენაწილებინათ. თავიანთი ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. მ. თანამზრახველებთან ერთად გადავიდა მანქანიდან. მათ ამოიღეს ქანჩის მოსახსნელი ხელსაწყო და რკინის მოკლე ძალაყინი, მივიდნენ ჯ. მ-ს საფლავთან, აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენებით დააზიანეს და საფლავიდან გაიტაცეს 58 ცალი ფიგურული ფორმის დურალუმინის დეტალი. გატაცებული დეტალები მათ ჩატვირთეს ავტომანქანის საბარგულში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაახლოებით მესამე დღეს, გ. მ-მ თავის თანამზრახველებთან ერთად მოახდინა ზემოაღნიშნულ ნაკეთობათა რეალიზაცია ქალაქ მ-ში. მიღებული თანხა _ 160 ლარი _ მათ თანაბრად გაინაწილეს. ბოროტმოქმედებმა თავიანთი ქმედებით დაზარალებულ გ. მ-ს მიაყენეს 464 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მისმა ადვოკატმა ნ. ბ-მ. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ. მ-ს გამართლება.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა და გ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 იანვრიდან. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა ექსტრადიციისას პატიმრობაში ყოფნის დრო.

მსჯავრდებული გ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არსებობს 258-ე მუხლი, ასევე _ ქურდობა მნიშვნელოვანი ზიანით. აღნიშნულის გამო იგი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას მინიმუმამდე, საქართველოსა და აზერბაიჯანის კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ. ლ. შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არც მსჯავრდებული უარყოფს. სააპელაციო სასამართლოში გ. მ-მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ამასთან, საბრალდებო დასკვნით გ. მ-ს ბრალი ედებოდა არა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ და ჯგუფურად დაუფლებაში, არამედ საფლავის მიწისზედა ნაგებობის ჯგუფურად დაზიანებაში, რასაც ითვალისწინებს ამ მუხლის მხოლოდ 1-ლი ნაწილი და რომელსაც მაკვალიფიცირებელი ნიშანი არა აქვს. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავს მხოლოდ მეორეს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით ჩადენილი ქურდობისა და მიცვალებულისადმი ჯგუფურად გამოვლენილი უპატივცემულობისათვის გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად გ. მ-ს გადმოცემის შესახებ, რადგან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს მიცვალებულისადმი უპატივცემულობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს _ ,,ჯგუფურობას», ხოლო გ. მ-ს მიერ ქურდობით გამოწვეული ზიანის ოდენობა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით არ წარმოადგენს მნიშვნელოვანს.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში გ. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ამავე კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით და, შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს სასჯელი.

გარდა ამისა, გ. მ-ს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს ექსტრადიციისას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 28 დეკემბრიდან _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის დადგენილების გამოტანის დღიდან, 2008 წლის 25 იანვრამდე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში გ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ. მ-ს ქმედება სსკ-ის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 25 იანვრიდან;

მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს ექსტრადიციისას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2008 წლის 25 იანვრამდე _ 28 (ოცდარვა) დღე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.