შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1256აპ 27 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ-ს დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ-ი, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ..................... რაიონის სოფელ..............., ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით თ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და აღნიშნული განაჩენით თ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რის გამოც თ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 9500 (ცხრა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენებით თ. ქ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის:
იგი 1998 წლის 2 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მას მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც იმავე კოდექსის 471 მუხლის საფუძველზე გადაევადა 2 (ორი) წლით.
1998 წლის 1 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ. ქ-ი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. 1999 წლის 30 იანვარს იგი შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან ვადაზე 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ადრე, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1999 წლის 10 აგვისტოს თ. ქ-ი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას მიესაჯა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2002 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ თ. ქ-ი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას მიესაჯა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2007 წლის მაისის დასაწყისში თ. ქ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი «კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატისა და კარაბინის ხელის ტყვიამფრქვევისათვის განკუთვნილი 5 (ხუთი) სამხედრო ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. მითითებულ სამხედრო ვაზნებს იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა .................... რაიონის სოფელ ........., თავის საცხოვრებელ სახლში არსებულ საძინებელ ოთახში, საწოლის ზეწრის ქვეშ. აღნიშნული ვაზნები 2007 წლის 13 მაისს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა.
მანვე, ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ძებნილმა, იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ნასამართლობის მოხსნამდე და გაქარწყლებამდე, არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ, 2007 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 1 საათიდან 6 საათამდე შუალედში, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მივიდა ქ................ მდებარე მოქალაქე რ. ა-ს კუთვნილ ლუდის კაფე-ბართან. აღნიშნული შენობის უკანა მხარეს არსებული, დამცავი რკინის კონსტრუქციის გისოსების გამონგრევით მათ უკანონოდ შეაღწიეს შენობაში და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულ რ. ა-ს კუთვნილ: 1 ცალ «ლომისის» ფირმის ლუდის ჩამოსასხმელ აპარატს, ღირებულს 1000 ლარად; 2 ცალ ლუდის უჟანგავი რკინის კონსტრუქციის 50 _ ლიტრიან ბოცას, ღირებულს 167 ლარად, რომლის საცალო ღირებულება შეადგენს 83,5 ლარს; 2 ცალ ლუდის 50 _ ლიტრიანი ბოცის რედუქტორს, ღირებულს 167 ლარად, რომლის საცალო ღირებულება შეადგენს 83,5 ლარს, და ფულად თანხას _ 900 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს სულ მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი _ 2250 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2007 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თ. ქ-მ უკანონოდ შეაღწია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ........ მდებარე, მოქალაქე მ. ბ-ს კუთვნილ კაფე-ბარში, სადაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ქონებას: ერთ ბოთლ ხორბლის არაყს, ღირებულს 8 ლარად; ერთ ბოთლ არაყს _ «დაღითს», ღირებულს 5 ლარად; ხუთ პატარა ბოთლ გამაგრილებელ სასმელ «ფანტას», ღირებულს 2 ლარად; სამ ცალ ძეხვს, ღირებულს 6,50 ლარად; ერთ ცალ პურს, ღირებულს 50 თეთრად; ორ კოლოფ სიგარეტ «ელემს», ღირებულს 3,20 ლარად; ერთ კოლოფ სიგარეტ «პირველს», ღირებულს 1 ლარად; ექვს ცალ ნაყინს, ღირებულს 3 ლარად; ერთ ცალ თევზს, ღირებულს 2 ლარად; ორ ბოთლ მინერალურ წყალს _ «ნაბეღლავს», ღირებულს 2,20 ლარად; ხუთ ცალ კვერცხს, ღირებულს 1 ლარად, და ფულს _ 80,60 ლარისა და 10 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს სულ მიაყენა 132 ლარის ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მსჯავრდებული თ. ქ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა განაჩენით მისთვის შერაცხულ ბრალდებას. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თითის ანაბეჭდს, რომელიც არავინ იცის, ვისია და რა გზით მოხვდა კაფე-ბარის დოკუმენტებზე. აპელანტი თ. ქ-ი მეორე საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან, მისი აზრით, წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა მიკერძოებულად და ცალმხრივად. 2007 წლის 23 ივნისს, დანაშაულის ჩადენის დროს, იგი ჯერ კიდევ არ იყო გასამართლებული 2007 წლის 13 ივნისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით და მას უკანონოდ წარედგინა ბრალდება, რომლის საფუძველზეც მის მიმართ დადგინდა უკანონო განაჩენი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით. სასამართლომ სასჯელი დაუნიშნა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილ იქნა საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქციით, რაც არაერთგზის დანაშაულს განმარტავდა როგორც ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დანიშნულიყო ერთი და არა _ ორი სასჯელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოცემული სისხლის სამართლის საქმეები გააერთიანა ერთ წარმოებად.
სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ შეუტანია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. ქ-მ აღიარა თავის მიერ ქურდობების ჩადენა, რის გამოც მან და მისმა ადვოკატმა ფ. ბ-მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს თ. ქ-ს ქურდობის ორივე ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე დამნაშავედ ცნობა, აგრეთვე ამ დანაშაულისათვის მის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში მისი გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2008 წლის 11 ივლისის განაჩენით მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა თ. ქ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ თ. ქ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თ. ქ-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან (თავისუფლების აღკვეთა თოთხმეტი წლისა და ცხრა თვის ვადით; ჯარიმა ცხრა ათას ხუთასი ლარის ოდენობით) ამორიცხა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები (თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და ცხრა თვის ვადით; ჯარიმა ოთხი ათასი ლარის ოდენობით) და მას საბოლოო სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 5500 ლარის ოდენობით, რაც თ. ქ-ს დანიშნული ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ თ. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ქურდობის ნაწილში თ. ქ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და ამ ნაწილში მისთვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე: კასატორს მიაჩნია, რომ ქურდობის ნაწილში უსაფუძვლოდ დაკვალიფიცირდა თ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდების მხარე არ ედავებოდა თ. ქ-ს წარსულ ნასამართლობებს, რაც აისახა კიდეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, ხოლო, როდესაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ თავისი განაჩენით თ. ქ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, ამით დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თ. ქ-ს მსჯავრდებას, ის არის სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს. ამასთან, კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ თ. ქ-მ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გულწრფელად აღიარა და მოინანია თავის მიერ ჩადენილი ქურდობის ორივე ეპიზოდი, რის გამოც ის იმსახურებს შეღავათს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. ქ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თ. ქ-ს უსაფუძვლოდ დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ისეთი ქურდობისათვის, რომელიც ჩადენილია იმის მიერ, ვინც წინათ ორჯერ ან მეტჯერ იყო მსჯავრდებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. 2007 წლის 14 დეკემბერს თ. ქ-ს ბრალდების საქმეზე მის მიერ 2007 წლის 23 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …… დაზარალებულ მ. ბ-ს კუთვნილ კაფე-ბარში ჩადენილ ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით მის მიმართ შედგენილ საბრალდებო დასკვნაში, რომლითაც მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, მითითებულია, რომ 1999 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ და 2002 წელს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ იგი გაასამართლეს ქურდობებისათვის. 2007 წლის 23 ივნისს, თ. ქ-ს მიერ ბოლო დანაშაულის ჩადენისას, ხსენებული განაჩენებით მსჯავრდების შედეგად წარმოშობილი ნასამართლობა არ იყო გაქარწყლებული ან მოხსნილი კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა თ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ქ-ს დაუსაბუთებლად შეერაცხა ბრალდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ქმედების ჩადენის თაობაზე, როგორიცაა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მართალია, ხუთი საბრძოლო ვაზნა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი საწოლიდან, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები შემდეგზე: ბოლოს როდის იმყოფებოდა თ. ქ-ი თავის ოთახში, სადაც აღნიშნული საწოლი იდგა; თ. ქ-ს არყოფნისას მისი საწოლი ოთახი იყო თუ არა დაკეტილი, რაც გამორიცხავდა იქ სხვა პირთა შესვლის შესაძლებლობას; შედიოდნენ თუ არა ამ ოთახში ოჯახის სხვა წევრები; მათგან ბოლოს ვინ, როდის, რა მიზნით იმყოფებოდა იქ და ჰქონდა თუ არა შეხება მის საწოლთან; ოჯახის სხვა წევრებს ჰქონდათ თუ არა შემჩნეული საბრძოლო ვაზნები ხსენებულ ოთახში ან საწოლში ჩხრეკის ჩატარებამდე. ეს საკითხები არ ყოფილა დასმული და გამოკვლეული საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩატარებისას. ასეთ პირობებში, როდესაც არ არის გამორიცხული ჩხრეკის ჩატარებამდე ზემოაღნიშნული საბრძოლო მასალის თ. ქ-ს საძინებელ ოთახში სხვა პირის მიერ შეტანისა და შენახვის ეჭვი, მხოლოდ ჩხრეკის ოქმი, ასევე ამ ჩხრეკის შედეგების დადასტურება მისი მონაწილე და დამსწრე პირების მიერ, ვერ ჩაითვლება საკმარისად თ. ქ-ს მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ვერსიის სარწმუნოდ მიჩნევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ქ-ს უდანაშაულობის გამომრიცხავი და მისი ბრალის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც არ შეიძლება მას შეერაცხოს საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება.
ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საპროცესო კანონის დარღვევით გააერთიანა აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში თ. ქ-ს მიმართ არსებული ორი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელთა საფუძველზე დადგენილ განაჩენებზე დაცვის მხარემ ცალ-ცალკე შეიტანა სააპელაციო საჩივრები. საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, ერთ წარმოებად გააერთიანოს თუნდაც ერთი და იმავე პირის მიმართ სააპელაციო სასამართლოში შესული, სხვადასხვა საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივრები, ერთობლივად განიხილოს ისინი და მათ თაობაზე გამოიტანოს ერთი განაჩენი ან სხვა სახის შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება. მიუხედავად აღნიშნული არსებითი დარღვევისა, გასაჩივრებული განაჩენი ვერ გაუქმდება, რადგან საკასაციო საჩივარი შეტანილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მსჯავრდებულის სასიკეთოდ ქმედების კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული თ. ქ-ი ქურდობის ორივე ეპიზოდში თავს ცნობს დამნაშავედ, მის მიმართ საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებისა და უკანონოდ გაერთიანებული საქმეების ცალ-ცალკე განხილვის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ გამოტანილ იქნეს ორი გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისი სასჯელების დანიშვნით. შემდგომში კი, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 614-ე მუხლისა, უნდა მოხდეს ორი განაჩენით დანიშნული სასჯელების შეკრება, რაც, საბოლოო სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, დაამძიმებს მსჯავრდებულ თ. ქ-ს მდგომარეობას, კერძოდ, გამოიწვევს მის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი საბოლოო სასჯელის დანიშვნას, ვიდრე გასაჩივრებული განაჩენით ამჟამად აქვს შეფარდებული.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
სააპელაციო სასამართლომ თ. ქ-ს მიმართ საქმის განხილვისას და ამ საქმეზე განაჩენის დადგენისას დაუშვა არსებითი საპროცესო დარღვევები, რის გამოც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 564-ე მუხლის «ბ»ქვეპუნქტისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ქ. ქ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამასთან ერთად, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი.
რაც შეეხება იმავე განაჩენით მსჯავრდებულ თ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულ ძირითად და დამატებით სასჯელებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განსაზღვრულია ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად და უსამართლოდ, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ქ-შვილის დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. ქ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის მიმართ დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები, ხოლო საბოლოოდ მსჯავრდებულ თ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვროს აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელები: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.