განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1269აპ-08 7 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ გ. შ-ს დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. შ-ის დამცველის, ადვოკატ ო. Eმ-ს, მსჯავრდებულ ლ. Bბ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ძ-სა და მსჯავრდებულ ი. ი-ის დამცველი ადვოკატების _ დ. ხ-სა და ნ. Aა-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განაჩენით: ი.. ი-ი, _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, უცოლშვილო, მცხოვრები ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹25, ბინა ¹4-ში, _ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «ე» ქვეპუნქტების, აგრეთვე მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ლ. ბ-ძე, _ დაბადებული .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სტუდენტი, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ბათუმში, ........ქ. ¹18-ში, _ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლისა და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «ე» ქვეპუნქტების, იმავე კოდექსის 25-ე მუხლის, მე-19 მუხლისა 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რისთვისაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
განაჩენით ი. ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ჯგუფურად, აგრეთვე _ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ლ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში _ ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის წაქეზება, აგრეთვე _ დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ორი პირის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობა წაქეზების სახით.
აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ი. ი-სა და ლ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ი. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენილი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ორი, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიანი და ორი, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 კალიბრიანი ვაზნები. ზემოაღნიშნულ, გამოსაყენებლად ვარგის ოთხივე საბრძოლო ვაზნას 2007 წლის 14 ივნისამდე იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. ბათუმში, ..... ქუჩა ¹25-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ¹4 ბინაში, კერძოდ, მისაღები ოთახის მაგიდის უჯრაში. ისინი მითითებულ დღეს პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ამასთან იგი, როგორც 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, 2007 წლის 14 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ....... ქუჩაზე მდებარე, 6 მაისის სახელობის პარკში ყოფნისას ჯიბით ატარებდა ცივ იარაღს-ფიქსატორიან დანას. 2007 წლის 14 ივნისს, დაახლოებით ღამის 1 საათზე, მთვრალი ი. ი-ი თავის მეგობართან, ასევე მთვრალ ლ. ბ-სთან ერთად ქვეითად მოძრაობდა ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე არსებულ 6 მაისის სახელობის პარკში. ამ დროს მათ შეამჩნიეს სკამზე მჯდომი, მათთვის უცნობი ორი ახალგაზრდა _ გ. ს-ძე და გ. შ-ა. ისინი მივიდნენ მათთან და სრულიად უმიზეზოდ დაუწყეს კამათი, მიმართეს უცენზურო სიტყვებით, მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი _ ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ი. ი-ი და ლ. ბ-ძე ხმამაღლა წარმოთქვამდნენ უცენზურო სიტყვებს, არაფრად აგდებდნენ პარკში მყოფ მოქალაქეებს და ძალადობისა და ძალადობის მუქარის თანხლებით, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. თავის მხრივ, გ. შ-მ და გ. ს-ძემ თავდაცვის მიზნით თავდამსხმელებს გაუწიეს აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა. ი. ი-მა, გაუჩნდა რა ორი პირის _ გ. ს-სა და გ. შ-ს ხულიგნური ქვენაგრძნობით მოკვლის განზრახვა, შარვლის ჯიბიდან ამოიღო ფიქსატორიანი დანა, გახსნა იგი და განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე დასარტყმელად მოუქნია გ. შ-ს, რომელმაც შეძლო, აეცილებინა მოქნეული დანა. შემდეგ იგი შეეცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას, მაგრამ ფეხი დაუცურდა და დაეცა, ხოლო ი. ი-ი მოექცა მას ზემოდან და შეეცადა, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დაერტყა მისთვის დანა, მაგრამ მოქნეული დანიანი ხელი მას დაუკავა გ. შ-მ და არ აძლევდა დარტყმის საშუალებას, თან ფეხების ქნევით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. იმავდროულად ლ. ბ-ძე აქეზებდა ი. ი-ს ორი პირის _ გ. შ-სა და გ. ს-ის განზრახ მკვლელობაში სიტყვებით _ «ეგ დანა დაარტყი, რაღას უცდი, მოკალიო», რის შემდეგაც ი. ი-მა, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ. შ-ს მარცხენა მხრის არეში მიაყენა ნაკვეთი ზედაპირული ჭრილობა, ხოლო ცემის შედეგად, მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, მარცხენა წვივისა და მარჯვენა ხელის მტევნის არეში მიაყენა დაზიანებები ნაჭდევების სახით. ყოველივე ამას ხედავდა გ. ს-ძე, რომელსაც რამდენიმე მეტრის მოშორებით ასევე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა ი. ი-ს მეგობარი ლ- ბ-აძე. იგი გაემართა გ. შ-ს დასახმარებლად, ხელში აიღო იქვე, ახლოს მდგარი ნაგვის ურნა და ი. ი-ს ჩაარტყა მხრების არეში. ამის შემდეგ ი. ი-მა თავი დაანება გ. შ-ს, შემოტრიალდა გ. ს-საკენ და, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანის ერთხელ დარტყმით მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება _ გულმკერდის არეში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, გულის გამჭოლი დაზიანებით, რის შემდეგაც იგი ლ. ბ-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ. ს-ძე მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ, მსჯავრდებულ ი. ი-ის დამცველმა ადვოკატებმა _ დ. ხ-მა და ნ. ა-მ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ო. ე-მა და დაზარალებულ გ. შ-ს დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ამ.
აპელანტი, მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ძ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ი. ი-ის ქმედებას, რამაც გამოიწვია ლ. ბ-ის უსაფუძვლო მსჯავრდება; ბრალმდებელ მხარეს წაქეზების დასადასტურებლად აქვს მხოლოდ მოწმეთა მიერ დასახელებული სიტყვები _ «დაარტყი ეგ დანა და მოკალი, მაგის....», სხვა წამქეზებელი მოწოდება _ სიტყვიერი ან რაიმე სხვა ფორმით გამოხატული _ არ არსებობს, აღნიშნულს არ ადასტურებს ასევე დაზარალებული და ჩხუბის უშუალო მონაწილე გ. შ-ა; ი. ი-ს, როცა მან თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, არ უთქვამს, რომ მოქმედებდა ვინმეს წაქეზებით, რის გამოც სასამართლოს დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
მსჯავრდებულ ი. ი-ის დამცველი ადვოკატები _ დ. ხ-ი და ნ. ა-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. ი-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე, რასაც ასაბუთებდნენ შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ი. ი-ის ქმედებას; განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-10 მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით, 132-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები; როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრულია და დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი; მტკიცებულებათა შეფასების დროს მთლიანად არის დარღვეული აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, მე-19 მუხლით, 503-ე მუხლის მეორე ნაწილით, 508-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტების აზრით, ი. ი-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტის, იმავე კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, ასევე აღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-სა და დაზარალებულ გ. შ-ს ადვოკატები _ ო. ე-ი და ნ. ჩ-ია თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განაჩენში, კერძოდ, სასჯელისა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, რასაც ასაბუთებდნენ შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი ლმობიერია სასჯელის ნაწილში; სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნა; დანაშაულთა ერთობლიობის გამო მსჯავრდებულებს სასჯელი უნდა დანიშვნოდათ ცალკეული ქმედებისათვის; აპელანტები ასევე ითხოვდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებას 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
იმავე ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს შესაგებელი მსჯავრდებულ ი. ი-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც ითხოვდნენ, რომ სასამართლოს ხსენებული აპელანტებისათვის უარი ეთქვა მათი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მათ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს შესაგებელი ასევე მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც არ ეთანხმებოდნენ აპელანტს, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი საჩივარი იყო სრულიად უსაფუძვლო, რის გამოც შესაგებლის ავტორები ითხოვდნენ ი. ი-სა და ლ. ბ-ის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.
სააპელაციო საჩივრები განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 24 ივლისის განაჩენით აპელანტთა საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეიტანა შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებული ი. ი-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «ე» ქვეპუნქტებისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; მსჯავრდებული ლ. ბ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის, მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლისა და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «ე» ქვეპუნქტების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულთა მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ძის დამცველმა, ადვოკატმა ო. ე-მა, დაზარალებულ გ. შ-ს დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-მ, მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ და მსჯავრდებულ ი. ი-ს დამცველმა ადვოკატებმა _ დ. ხ-ა და ნ. ა-ძემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორები, ადვოკატები _ ო. ე-ი და ნ. ჩ-ა თავიანთი საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, რათა მსჯავრდებულებს _ ი. ი-სა და ლ. ბ-ძეს, გარდა გ. ს-ძის განზრახ მკვლელობისა, დაეკისროთ პასუხისმგებლობა ასევე დაზარალებულ გ. შ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მასში თანამონაწილეობისათვის, ხოლო ამ დანაშაულთა ჩადენის გამო მათ შეეფარდოთ სასჯელის მაქსიმალურად მკაცრი ზომები; მათვე სოლიდარულად დაეკისროთ დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ის სასარგებლოდ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა მათი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
აღნიშნული კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულები გამართლდნენ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ასეთ მცდელობაში თანამონაწილეობის ბრალდებაში, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რადგან არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს. სასამართლოს დასკვნები და შეფასებები ამ ნაწილში აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებითაც სარწმუნოდ დასტურდება ი. ი-სა და ლ. ბ-ძის მხრივ დაზარალებულ გ. შ-ს მიმართ მკვლელობის განზრახვის არსებობა და ამ განზრახვის განხორციელების მცდელობის ფაქტი. კასატორთა აზრით, აღნიშნულზე ცალსახად მიუთითებს არა მხოლოდ დაზარალებულ გ. შ-ს თანმიმდევრული ჩვენებები, არამედ _ მის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიღებული შედეგებიც. ამასთან ერთად, კასატორები აღნიშნავენ აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების ლმობიერებაზეც, რადგან მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და თვით მსჯავრდებულთა პიროვნების მომეტებული საშიშროება, რაც აშკარად გამოიკვეთა მათ ქმედებაში, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯების ასანაზღაურებლად მსჯავრდებულებისათვის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დაკისრების შესახებ, კასატორები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, საკმარისი მტკიცებულებები იქნა წარდგენილი აღნიშნული ზარალის რეალური ხასიათის დასადასტურებლად, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორები, მსჯავრდებულ ი. ი-ის დამცველი ადვოკატები _ დ. ხ-ი და ნ. ა-ძე თავიანთი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ი. ი-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ», «ე» ქვეპუნქტებიდან იმავე კოდექსის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებირვი დევნის შეწყვეტას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მან ჩაიდინა გ. ს-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალა _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნები ი. ი-ს არ ეკუთვნოდა. კასატორები თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებენ შემდეგი მოტივებით: მომხდარი მკვლელობის ფსიქიკური საფუძველი არ ყოფილა ხულიგნური ქვენაგრძნობა, მკვლელობა მოხდა ჩვეულებრივი ორმხრივი ჩხუბის დროს, რომლის დამწყებნი იყვნენ აწ გარდაცვლილი გ. ს-ძე და დაზარალებული გ. შ-ა. ჩხუბის დროს მათ სცემეს მსჯავრდებულებს. ამდენად, როდესაც დანით მძიმედ დაჭრა გ. ს-ძე, ი. ი-ი მოქმედებდა შურისძიების მოტივით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კასატორების აზრით, ასევე უსაფუძვლოა ი. ი-ის ბრალდება, რომ მან განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, რადგან მსჯავრდებულებს შორის არ ყოფილა არც წინასწარი შეთანხმება და არც _ ერთობლივი განზრახვა ვინმეს მოსაკლავად _ ასეთი განზრახვა ვერც იქნებოდა საქმის მასალებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩხუბი დაიწყო სპონტანურად, რა დროსაც ი. ი-ი და ნ. ბ-ძე ცალ-ცალკე ჩხუბობდნენ გ. შ-სა და გ. ს-სთან. მიუხედავად ამისა, სასამართლო უმართებულოდ დაეყრდნო მოწმეების _ გ. გ-ის, ე. ნ-სა და გ. ნ-ს წინააღმდეგობრივ და არათანმიმდევრულ ჩვენებებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საპროცესო კანონის დარღვევით. კასატორები თავიანთ საჩივარში აღნიშნავენ რომ ი. ი-ის ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა და ჩხრეკის ოქმი შედგა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები და ჩხრეკის ოქმი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო კანონიერ მტკიცებულებად, ხოლო ბრალდება _ საფუძვლიანად და დადასტურებულად.
კასატორი, მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დამცველი, ადვოკატი გ. ძ-ა თავისი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებას ლ. ბ-ის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ-ს არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: სასამართლო გამოძიებით არ დასტურდება, რომ ლ. ბ-ძე აქეზებდა ი. ი-ს გ. ს-ს მოსაკლავად; რაც შეეხება დაზარალებულ გ. შ-ს, მისი მკვლელობის მცდელობის ბრალდებასა და ასეთი დანაშაულის წაქეზების ბრალდებაში სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად გაამართლა ი. ი-ი და ლ. ბ-ძე; ობიექტურად, ჩხუბის დროს შექმნილ ვითარებაში, ნაცემ და გაბრუებულ ი. ი-ს არ შეეძლო, გაეგონა ვინმეს მიერ მისთვის დაძახილი სიტყვები, ასეთი კიდეც რომ მომხდარიყო, რაც თვით ი. ი-მაც დაადასტურა, როცა აღნიშნა, რომ ,,მას მისი მისამართით ვინმესგან რაიმე მოწოდება არ გაუგონია». კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე საპროცესო კანონის დარღვევით გამოქვეყნდა ბრალდების იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სასამართლოში ასევე კანონის დარღვევით არ იქნენ წარმოდგენილნი. კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფის შედეგად, არაერთხელ დაირღვა ლ. ბ-ს უფლებები _ მას ჯერ ბრალდება წარუდგინეს ხულიგნობის ჩადენის თაობაზე, ხოლო შემდეგ, სრულიად დაუსაბუთებლად, ბრალი დასდეს განზრახი მკვლელობის წაქეზებაში. საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევებით წარიმართა ასევე სასამართლო განხილვებიც, რამაც საბოლოოდ განაპირობა ლ. ბ-ს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მსჯავრდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ი. ი-ის, ლ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების _ ი. ი-სა და ლ. ბ-ს ბრალდების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული სასამართლო გამოძიება, ასევე სასამართლოს მიერ განაჩენში გაკეთებული დასკვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი პრინციპებით განსაზღვრულ იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის უტყუარად დადგენას. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებისას ვერ იქნა უზრუნველყოფილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა. მაგალითად, არ არის სარწმუნოდ გარკვეული: კონფლიქტის მონაწილე მხარეებიდან პირველმა ვინ გამოიყენა ფიზიკური ძალა ანუ რეალურად ვინ დაიწყო ჩხუბი, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა; რით არის განპირობებული ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილ გ. ს-ს, დანით მიყენებული ერთი სასიკვდილო ჭრილობის გარდა, სხვა არავითარი დაზიანება არ აღენიშნება, მიუხედავად ჩხუბში მისი აქტიური მონაწილეობისა, მაშინ, როდესაც ი. ი-ს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, თუმცა _ ყველა მსუბუქი ხარისხის; წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდების იმ მოწმეების დაკითხვისას, რომლებიც შემდეგ სასამართლოში არ დაკითხულან, იყო თუ არა დაცული საპროცესო კანონით დადგენილი ყველა მოთხოვნა; რატომ მოხდა აღნიშნული მოწმეების ჩვენებების ნაჩქარევად გამოქვეყნება სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამოწურული საპროცესო კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა სასამართლოში მათ წარმოსადგენად; რომელ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო, როდესაც დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებულ გ. შ-ს დანის გამოყენებით დაჭრის მომენტში ი. ი-ი არ მოქმედებდა მისი მოკვლის განზრახვით; რა საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ ლ. ბ-ძე გ. ს-ს მკვლელობის თანამონაწილედ, რეალურად რაში გამოიხატა, სასამართლოს აზრით, ლ. ბ-ს მიერ ამ დანაშაულში შეტანილი წვლილი, მაშინ, როდესაც იმავდროულად დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. ბ-ს ი. ი-ი არ წაუქეზებია გ. ს-ის მკვლელობის ჩასადენად. ბრალდების მხარის ის დასკვნა, რომ ლ. ბ-ძე ი. ი-ს აქეზებდა არა მხოლოდ გ. შ-ს, არამედ _ ასევე გ. ს-ის მკვლელობის ჩასადენად, ობიექტური შეფასებით, მართლაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან _ არც ბრალდების მოწმეთა ჩვენებებიდან და არც თვით დაზარალებულ გ. შ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან.
გარდა ამისა, აშკარად გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენით მიღებული სხვა მატერიალური სისხლისსამართლებრივი გადაწყვეტილებებიც თუნდაც მის მიერ დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი: როდესაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ი-ი გ. შ-ს დანით დაჭრისას არ მოქმედებდა მისი მოკვლის განზრახვით, რატომ გაამართლა იგი აღნიშნულ ეპიზოდში მთლიანად და რატომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ ხომ არ შეიცავდა მისი ქმედება ამ ეპიზოდში სხვა დანაშაულის შემადგენლობას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად დანის გამოყენებით. ამასთან ერთად, როდესაც ი. ი-ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა გ. შ-ს მოკვლის განზრახვა, სასამართლოს, ვინაიდან დადგენილად მიაჩნდა, რომ ლ. ბ-ძე ნამდვილად აქეზებდა ი. ი-ს გ. შ-ს მოსაკლავად, უნდა ემსჯელა იმაზეც: ხომ არ შეიცავდა რ. ბ-ის ქმედება განზრახ მკვლელობის მომზადების შემადგენლობას, საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მეორე წინადადებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც, მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად. ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, რომლებიც შეეხება გ. ს-ს განზრახ მკვლელობის მოტივაციას, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს, მართალია, მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ჩხუბი დაიწყო ლ. ბ-სა და ი. ი-ს მხრივ ხულიგნური ქვენაგრძნობით, მაგრამ მას ასევე უნდა ემსჯელა შემდეგ საკითხებზეც: როდესაც გ. შ-სთან ჩხუბის დროს ი. ი-ს ნაგვის ურნა ჩაარტყა გ. ს-ძემ, ამ უკანასკნელის მიმართ ი. ი-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის შემდეგ მან თავი დაანება გ. შ-ს და დანით ხელში მიტრიალდა გ. ს-სკენ, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა, ამ უკანასკნელის მიმართ ხომ არ წარმოეშვა შურისძიების მოტივი, რომელმაც შეცვალა ხულიგნური მოტივი. დაცვის მხარე ამის თაობაზეც აყენებდა საკითხს თავის სააპელაციო საჩივარში, მაგრამ მას განაჩენში ფაქტობრივად პასუხი არა აქვს გაცემული. საკასაციო პალატის აზრით, ეს საკითხი განხილულ უნდა იქნეს ბრალდების მხარის იმ ვერსიასთან ერთად, რომლის თანახმად, ხსენებულ მომენტში გ. ს-ძე იგერიებდა ი. ი-ის ქმედებას, მიმართულს გ. შ-ს მოსაკლავად.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ი-სა და ლ. ბ-ს ბრალდების საქმის განხილვისას და მათ მიმართ განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა არსებითი საპროცესო დარღვევები, რაც გამოიხატა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილითა და 496-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა არასწორი სამართლებრივი დასკვნების გამოტანა მსჯავრდებულთა ბრალეულობის თაობაზე. მითითებული დარღვევების გამო, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განაჩენი ი. ი-სა და ლ. ბ-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ხელახლა განხილვა უნდა წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სასამართლო გამოძიება უნდა ჩატარდეს სრული მოცულობით _ საამისოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების გზით, რა დროსაც უნდა გაირკვეს და უტყუარად დადგინდეს: 1. კონფლიქტის დაწყებისას პირველმა ვინ გამოიყენა ფიზიკური ძალადობა მეორე მხარის მიმართ; 2. კონფლიქტის მიმდინარეობისას ლ. ბ-ძე კონკრეტულად ვის მოსაკლავად აქეზებდა ი. ი-ს, თუკი ასეთი რამ ნამდვილად მოხდა; 3. ჰქონდა თუ არა ი. ი-ს გ. შ-ს მკვლელობის განზრახვა, ხოლო თუკი მას ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონდა, რა როლი შეასრულა მკვლელობის ჩადენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში ლ. ბ-ს წაქეზებამ თუკი დადგინდება ასეთი წაქეზების ფაქტი და რამ შეუშალა ი. ი-ს ხელი განზრახულის აღსრულებაში; 4. რა რეალური ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია ბრალდების მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ ი. ი-ს კონფლიქტის დაწყებიდანვე გააჩნდა ორი ადამიანის მკვლელობის განზრახვა; 5. თუკი დადგინდა ლ. ბ-ს მიერ ი. ი-ს წაქეზების ფაქტი, მაშინ, სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, რას წარმოადგენს ლ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება დაზარალებულ გ. შ-ს ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდთან მიმართებით _ მკვლელობის მცდელობას თუ მკვლელობის მომზადებას; 6. დაზარალებულ გ. შ-ს ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდში ი. ი-მა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რომელი ქმედება ჩაიდინა _ განზრახ მკვლელობის მცდელობა თუ ხულიგნობა, იარაღად დანის გამოყენებით; 7. გ. ს-ის განზრახ მკვლელობისას ი. ი-ი მოქმედებდა ხულიგნური ქვენაგრძნობით, თუ შურისძიების მოტივით; 8. კონკრეტულად რაში გამოიხატა ლ. ბ-ის ის ქმედება, რომელიც მან განახორციელა იმ მომენტში, როდესაც ი. ი-მა დანა დაარტყა გ. ს-ს და რომლითაც ობიექტური მხრივ მიზეზობრივად ხელი შეუწყო ი. ი-ს განზრახი მკვლელობის შემადგენლობის განხორციელებაში და იგი მიზეზობრივად დაუკავშირდა დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს; 9. აღნიშნულ მომენტში ლ. ბ-ს მხრივ მსგავსი ქმედების დაუდგენლობის შემთხვევაში როგორ უნდა შეფასდეს მის მიერ გ. ს-ის მიმართ ამ უკანასკნელის მკვლელობამდე ჩადენილი ქმედება.
სრულფასოვნად ჩატარებული სასამართლო განხილვის გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მითითებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია მსჯავრდებულების _ ი. ი-სა და ლ. ბ-ის მიმართ საბოლოო და სამართლებრივად სწორი დასკვნების გამოტანა, რის გამოც მოცემულ ეტაპზე დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაზარალებული მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ო. E-სა და დაზარალებულ გ. შ-ს დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ ი. ი-ის დამცველი ადვოკატების _ დ. ხ-სა და ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განაჩენი ი. ი-სა და ლ. ბ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.