დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
249საზ თბილისი
2 დეკემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტების საფუძველზე _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით უ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტების საფუძველზე _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების (მითითებული რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ უ. ძ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების _ ზ. ღ-ს, თ. ქ-სა და მ. კ-ს სარჩელები, კერძოდ: გ. ბ-სა და უ. ძ-ს ზ. ღ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2940 ლარის გადახდა, ხოლო გ. ბ-ს ზ. ღ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2508 ლარის გადახდა; გ. ბ-ს თ. ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1305 ლარის გადახდა; გ. ბ-სა და უ. ძ-ს მ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4710 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩა ღიად მოთხოვნის წარმოუდგენლობის გამო.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ:
გ. ბ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ უ, ძ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტების, ასევე 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება.
მსჯავრდებულ გ. ბ-ს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხა ნ. დ-ს ქურდობის ეპიზოდი;
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;
მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს მიმართ განაჩენიდან ამოირიცხა მითითება დაზარალებულ ე. ა-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ თანხის - 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის დაკისრების თაობაზე.
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს ი. ტ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;
მსჯავრდებულ გ. ბ-ს მ. გ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;
მსჯავრდებულ გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი _ 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 1 (ერთი) თვით და მოსახდელად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ უ. ძ-ს დანიშნული სასჯელი _ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 1 (ერთი) თვით და მოსახდელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 14 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულმა გ. ბ-მა, არ დაადგა რა გამოსწორების გზას, კვლავ ჩაიდინა დანაშაული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საფართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილის საქუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.
მსჯავრდებული გ. ბ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კერძოდ, განჩინებიდან საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ამორიცხვასა და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. Bბ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ თავის საჩივარში მითითებული მოთხოვნა - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი მისი ქმედების კვალიფიკაციის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იმავე საჩივარში მას მითითებული არა აქვს იმ გარემოებაზე, რაც დაკავშირებული იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ისეთ ცვლილებასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებად და მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (განჩინების) გადასინჯვის საფუძვლად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ უ. ძ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ, ზემომითითებულ გარემოებათა გამო, გასაჩივრებული განაჩენი მისი მსჯავრდების ნაწილში ასევე უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომსაქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567_568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.