შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 07.11.2008
საქმის ნომერი
83საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

83საზ ქ. თბილისი

7 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ., - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II, IX ნაწილებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის II ნაწილით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის I ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის II ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, IV ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის II ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის III ნაწილით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-100 მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით _ გამასწორებელი სამუშაოები. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი, აღნიშნული დადგენილებით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული დადგენილებით, გ. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის IV ნაწილით, შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან და გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის III ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. გ-ს დარჩა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გადაისინჯა ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებები. აღნიშნული განაჩენი და დადგენილებები შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ა», «გ» და «ზ» ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის II და IX პუნქტები _ 109-ე მუხლის «კ» და 19,109-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტებთან და გ. გ-ს ამ ნაწილში განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი და დადგენილებები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. ს., _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2002 წლის 16 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-სა და გ. ს-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ», «თ», «ო» ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება და გ. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ვ», «თ» და «ო» ქვეპუნქტებით, ხოლო დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ს-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. გ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და «ამნისტიის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად _ სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უკვე გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «ა», «გ» და «ზ» ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის «კ» და 19,109-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1331-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის მე-100 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის I ნაწილით (1999 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა ან დაზიანებისათვის, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ერთ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია _ მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

საქმის მასალების მიხედვით, გ. გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა პოლიციის მუშაკებს, სროლების შედეგად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მრავალ პირთა სიცოცხლეს, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა _ ზ. ც-მ და ვ. გ-მ, დაზიანდა ასევე ზ. ც-ს კუთვნილი ავტომანქანაც, რითაც დაზარალებულმა მიიღო 97 ლარის ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება, თუ მან არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი 150 ლარის ზევით დანაშაულად არ ითვლება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ.გ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მე-100 მუხლის I ნაწილით და, შესაბამისად, უნდა ამოერიცხოს ამ მუხლით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,გ» და «ზ» ქვეპუნქტებით, რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტები სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტით, რომელიც ითავლისწინებდა პასუხისმგებლობას ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,გ» და «ზ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა» და 19,109-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტებით, რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და «ე» ქვეპუნქტები სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

გ. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა» და 19,109-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტებით, არ შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და «ე» ქვეპუნქტებზე, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ გ. გ-ს განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.

ამდენად, მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), 19,109-ე მუხლის «ა» და 19,109-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის III ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლის I ნაწილით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

გ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის I ნაწილით (ძვ.რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,გ» და «ზ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან.

განჩინება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.