შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 07.09.2009
საქმის ნომერი
42საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

42/საზ-09 ქ. თბილისი

7 სექტემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ.ო-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:

მ. ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ.ო სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 19 ოქტომბრიდან.

კ. ჭ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე და მე-60 მუხლების თანახმად, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 19 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ო მთლიანად გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 19 ოქტომბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული კ.ჭ მთლიანად გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით მ.ო მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული მ. ო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მ. ო მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ.ო დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.

პალატამ ასევე სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ კ.ჭ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით კ. ჭ მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ კ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ კ. ჭ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს და, შესაბამისად, დანიშნული სასჯელიც უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. ო-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების _ მ. ო-ს და კ. ჭ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.