დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.04.2010
საქმის ნომერი
2კ-789აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

789აპ.-09 ქ. თბილისი

7 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

მ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.

პ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე და 55-ე მუხლების თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.

რ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.

ბ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ მ. ზ-ს, პ. ქ-ს, რ. პ-სა და ბ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩა ¹...ში მცხოვრები, მ. ზ-ა 2008 წლის აპრილის თვიდან იმყოფებოდა ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ რ. ი-ს საცხოვრებელ სახლში. 2008 წლის 22 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, მ. ზ-ა ქ. ზ-ნ სოფელ ... მიმართულებით მგზავრობისას შეხვდა თავის ნათესავს, ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ, ... წლის ... მარტს დაბადებულ პ. (იგივე ნ.) ა-ს ძე ქ-ს, რომელსაც თან ახლდნენ მეგობრები, ... რაიონის ... დასახლებაში მცხოვრებნი, ... წლის ... მარტს დაბადებული ბ. ე-ს ძე ნ-ი და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული რ. ა-ს ძე პ-ი. სოფელ ... ჩასვლის შემდეგ ისინი საბანაოდ მივიდნენ მდინარე ... სანაპიროზე. იქ დარჩნენ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. მდინარის პირას ყოფნისას ზემოთ დასახელებული პირები შეხვდნენ იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს გ. და გ. (იგივე გ.) ქ-ს, რომლებმაც დაპატიჟეს თავიანთ სახლში, სადაც ოჯახის დიასახლისმა გაშალა სუფრა. სუფრასთან მ. ზ-მ და მასთან მყოფმა ბიჭებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი _ ორ-ორი ჭიქა არაყი. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე მ. ზ-ა, პ. (იგივე ნ.) ქ-ა, ბ. ნ-ი და რ. პ-ი გავიდნენ გ. და გ. ქ-ს საცხოვრებელი სახლიდან და გაემართნენ რ. ი-ს სახლის მიმართულებით. გზაში, როდესაც გადიოდნენ იმავე სოფელში მცხოვრებ, ... წელს დაბადებულ ლ. თ-ს ასულ ი-ს ჭიშკართან, მ. ზ-მ შესთავაზა მასთან მყოფ ახალგაზრდებს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დასხმოდნენ ლ. ი-ს. პ. ქ-ა, ბ. ნ-ი და რ. პ. დათანხმდნენ მ. ზ-ს წინადადებას და მასთან ერთად განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ლ. ი-ს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. ზ-ა, პ. ქ-ა, ბ. ნ-ი და რ. პ. შევიდნენ ლ. ი-ს ეზოში, მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლთან, მ. ზ-ა და პ. ქ-ა ავიდნენ საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე დამხმარე ნაგებობის სახურავზე, დასაკეცი დანის გამოყენებით გამოიღეს სახლის მეორე სართულის კედელში არსებული ფანჯრის მინა, გააღეს ფანჯარა, რის შემდეგაც მ. ზ-მ, პ. ქ-მ და რ. პ-მ უკანონოდ შეაღწიეს ლ. ი-ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო ბ. ნ-ი დატოვეს გარეთ, რათა ვინმეს გამოჩენის შემთხვევაში გაეფრთხილებინა ისინი. აღნიშნულის შემდეგ მ. ზ-ა, პ. ქ-ა და რ. პ-ი შევიდნენ ლ. ი-ს საძინებელ ოთახში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მოსთხოვეს მას ფულადი თანხის გადაცემა. ლ. ი-მ უთხრა თავდამსხმელებს, რომ ფულად თანხას ინახავდა სახლის პირველ სართულზე. დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და მისი დაფარვის მიზნით, აგრეთვე იმისათვის, რომ ლ. ი-ს არ დაეწყო ყვირილი და არ ეხმო დახმარებისათვის, მ. ზ-მ, პ. ქ-მ და რ. პ-მ გაკოჭეს ლ. ი-ა: თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ფარდის ნაჭრით აუკრეს პირი, რითაც შეუზღუდეს მას სუნთქვის საშუალება. მ. ზ-ა, პ. ქ-ა და რ. პ-ი უშვებდნენ, რომ პირის აკვრას შეიძლებოდა გამოეწვია 81 წლის ლ. ი-ს გაგუდვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გააგრძელეს ფულადი თანხის ძებნა, რა დროსაც მათ ნახეს და აიღეს ლ. ი-ს კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სუნთქვის შეზღუდვის შედეგად, ლ. ი-ა გაიგუდა და გარდაიცვალა, ხოლო მ. ზ-ა, პ. ქ-ა და რ. პ-ი გავიდნენ მისი საცხოვრებელი სახლიდან. მათ ბ. ნ-ს უთხრეს, რომ ლ. ი-ა დაიღუპა, რის შემდეგაც დატოვეს იქაურობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა პ. ქ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლზე მითითება.

მ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. პ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, არ აღმოფხვრილა ის დარღვევები, რომელიც იყო დაშვებული წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს. რ. პ-ს მსჯავრი დაედო იმ დანაშაულებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. წინასწარი და სასამართლო გამოძიების ეტაპებზე დაირღვა მტკიცებულებათა გამოკვლევის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ საქმეში არ მოიპოვება რ. პ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე უტყუარი მტკიცებულება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ი-ს ჩვენებით, მოწმეების _ ო. ი-ს, ი. ი-ს, კ. კ-ს, ბ. ქ-ს, ჟ. ა-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა _ რ. პ-მ, პ. ქ-მ და მ. ზ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საბრალდებო დასკვნითა და I-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ზ-მ შესთავაზა მასთან მყოფ ახალგაზრდებს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დასხმოდნენ ლ. ი-ს. პ. ქ-ა, ბ. ნ-ი და რ. პ-ი დათანხმდნენ მ. ზ-ს წინადადებას და მასთან ერთად განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ლ. ი-ს. მ. ზ-მ, პ. ქ-მ, რ. პ-მ უკანონოდ შეაღწიეს ლ. ი-ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო ბ. ნ-ი დატოვეს გარეთ, რათა ვინმეს გამოჩენის შემთხვევაში გაეფრთხილებინა ისინი.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა I-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის მიცემულ სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ ამასთან, განაჩენით დადგენილად ჩათვალა, რომ მსჯავრდებულები _ მ. ზ-ა, პ. ქ-ა, რ. პ-ი და ბ. ნ-ი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ჩაედინათ ქურდობა, მაგრამ ბინაში უკანონო შეღწევის შემდეგ მათი ქმედება გადაიზარდა უკვე ყაჩაღურ თავდასხმაში, ხოლო ბ. ნ-ი დატოვეს გარეთ, რათა ვინმეს გამოჩენის შემთხვევაში გაეფრთხილებინა ისინი.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას, ჩაედინათ ქურდობა, მაგრამ შემდგომში საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ მათი ქმედება უკვე გადაიზარდა ყაჩაღურ თავდასხმაში.

საქართველოს სსკ-ის 26-ე მუხლის მიხედვით, ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზეა ამსრულებლების _ მ. ზ-ს, პ. ქ-ს, რ. პ-ს მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელსაც არ მოიცავდა მათი თანამონაწილის _ ბ. ნ-ს განზრახვა, რომელიც იყო გარეთ, რათა გაეფრთხილებინა ისინი ვინმეს გამოჩენის შემთხვევაში და, ცხადია, მისთვის უცნობი იყო, თუ რა ხდებოდა მისი თანამონაწილეების მხრიდან ბინაში. მსჯავრდებულებს ჰქონდათ წინასწარი შეთანხმება ქურდობის ჩადენაზე და ამ განზრახვით შევიდნენ ლ. ი-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ. ზ-ს, პ. ქ-სა და რ. პ-ს ქმედება გადაიზარდა ყაჩაღურ თავდასხმაში.

ამდენად, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ამსრულებლების ექსცესს და ბ. ნ-ს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რაზეც იყო წინასწარი შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებთან, რის გამოც ბ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებზე, ხოლო მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებზე, ხოლო მას მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.