შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 15.04.2010
საქმის ნომერი
2კ-213აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

213აპ.-10 ქ. თბილისი

15 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ს. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის 25 ივნისს სენაკში, სანატორიუმ „---» მცხოვრებმა ს. ლ-ამ და მისმა მეზობელმა მ. ხ-ემ იკამათეს, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენიმე წუთში ს. ლ-ა დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე _ სანატორიუმის შენობის მე-5 სართულის ფოიეში, სადაც სხვა მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა მ. ხ-ეც. მათ კვლავ გააგრძელეს დავა, რაც ფიზიკური შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სურდა რა სამაგიეროს გადახდა, ს. ლ-ამ განიზრახა მ. ხ-ისათვის მძიმე დაზიანების მიყენება. მან მოიმარჯვა თანნაქონი დანა და მ. ხ-ეს მიაყენა დაზიანება გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით.

აღნიშნული ქმედებისათვის ს. ლ-ას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან და მის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 25 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით. გაუქმდა ს. ლ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს. გირაოს დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას, მდებარეს სენაკის რაიონის სოფელ ---, მოეხსნა ყადაღა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ლ. ხ-ამ. მათ ითხოვეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად 3 წლის დადგენა.

განაჩენი ასევე გაასაჩივრა პროკურორმა ნ. ს-ემ, რომელმაც იშუამდგომლა ს. ლ-ასათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ს. ლ-ას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 ნოემბრიდან.

კასატორები _ მსჯავრდებული ს. ლ-ა და მისი ადვოკატი ლ. ხ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; ს. ლ-ას ქმედებას არ გამოუწვევია დაზარალებულის შრომისუნარიანობის დაკარგვა; მასთან ამჟამად შერიგებულია; მსჯავრდებული 70 წელსაა მიღწეული; იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში, ხასიათდება დადებითად, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, ორი შრომისუუნარო შვილი და ორი შვილიშვილი, თვითონაც დაავადებულია პროსტატიტით; მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის აფხაზეთიდან გადაადგილებული პირი; არ დაემალა და ითანამშრომლა გამოძიებასთან; ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და ს. ლ-ასათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, პირობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ ს. ლ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის ¹ განკარგულების შესაბამისად, ს. ლ-ა გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ლ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

გარდა ამისა, დაზარალებულმა მ. ხ-ემ სასამართლოში უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა.

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილისა და მე-40 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსარჩელეს უფლება ერთმევა, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 აპრილის ¹ განკარგულების საფუძველზე ს. ლ-ას მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

ს. ლ-ას მიმართ დაზარალებულ მ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის გამო წარმოება შეწყდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განაჩენი ს. ლ-ას მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.