დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.01.2011
საქმის ნომერი
30საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 30საზ-10 ქ. თბილისი

21 იანვარი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენით:

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის IV პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 26 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ.Kკ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა გ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ვ-მ 2010 წლის 15 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა უკანონო განაჩენი.Aაპელანტები ითხოვდნენ სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ დანაშაულის მცდელობისას მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლებოდა დანიშნულიყო მაქსიმალური სასჯელის მასქიმალური ზომის 3/4-ზე მეტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებული გ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ვ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თავიანთი საჩივრის განხილვასა და მის დაშვებულად ცნობას, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგებზე.

კასატორები ასევე ითხოვენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: მსჯავრდებულ გ.Kკ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის¾3/4-ს, აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მსჯავრდებულს ბრალი დაედო 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის, მას არ შეიძლებოდა დანიშვნოდა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და, შესაბამისად, სასჯელად უნდა დანიშვნოდა მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმის _ 20 წლის 3/4 _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.M

მსჯავრდებული გ.Kკ-ე და მისი ადვოკატი ასევე უთითებენ: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის III ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა უკანონო განაჩენი, რითაც დარღვეულია კონსტიტუციური სამართლიანობის პრინციპი.

საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზემომითითებული უკანონო განაჩენი კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ გასაჩივრებულა და სსსკ-ის 593-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებს არ წარმოადგენს, ხოლო ამჟამად მოქმედ კანონში აღნიშნული შეცდომის გამოსწორებისათვის სამართლის ნორმა არ არსებობს, შედეგად კი გვაქვს უკანონო განაჩენი და მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირ მითითებული ნორმა არ არის მისი აღმოფხვრისათვის, რაც აშკარად წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით: “საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. Y

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობის გამო, მათი საჩივრის განხილვისას ანალოგიით გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 564-ე, 565-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. ზემოხსენებული კი მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში (საჩივარში) დასაბუთებული არ არის.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.