დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.06.2011
საქმის ნომერი
18აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18აგ-11 თბილისი

20 ივნისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მარტის განაჩენით გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის, იმავე კოდექსის 108-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გ. ო-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ შეუმცირდა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. გ. ო-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2011 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

შუამდგომლობაში მსჯავრდებული გ. ო-ე განმარტავს, რომ მას ხულიგნობა არ ჩაუდენია; განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდებს და არა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; გამომძიებელმა გააყალბა მტკიცებულებები, გადამალა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არ ადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას; საქმეში არსებული სასაქონლო ექსპერტიზის ¹... დასკვნა არ ასახავს სწორ მონაცემებს და იგი ყალბია; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გამოიყენა სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილი; დაირღვა მის მიმართ საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას, მის გაუქმებას, თავისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლზე, მის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული გ. ო-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მას ხულიგნობა არ ჩაუდენია. კასატორის განმარტებით, აღნიშნული D დასტურდება, როგორც ქიმიური ექსპერტიზის, ასევე ¹...სქ, ¹.../სქ და ტრასოლოგიური ექსპერტიზის ¹248/ა დასკვნებით, აგრეთვე მ. ბ-ს, მ. და ტ. შ-ებისა და ე. და ჯ. გ-ების სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებით, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი თავს არ ცნობენ დაზარალებულად, რადგან გ. ო-ს მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ძალადობა ან ძალადობის მუქარა გამოუყენებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.