შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.09.2011
საქმის ნომერი
2კ-240აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹240აპ-11 19 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით.

დ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 29 სექტემბრიდან.

განაჩენით დ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გასაღების მიზნით დამზადება-გასაღება და გამოყენება;

მანვე ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გასაღების მიზნით დამზადება-გასაღება და გამოყენება.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ი/მ ,,დ. ბ-ა’’ 1999 წლის 17 ივნისს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია ფოთის საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ¹, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2004 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე. ინდმეწარმის საქმიანობის საგანია საბითუმო ვაჭრობა მყარი, თხევადი, გაზირებული საწვავითა და მომიჯნავე პროდუქციით.

2006 წლის ივნისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დ. ბ-მ განიზრახა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის _ შესყიდვის აქტის გასაღების მიზნით დამზადება, მათი გასაღება და გამოყენება, რათა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთო საქონელი - სამშენებლო ბლოკი კანონიერ ჩარჩოში მოექცია და ბუღალტრული აღრიცხვიანობა მოეწესრიგებინა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 18 ივნისს დაამზადა შესყიდვის აქტი, რომ თითქოს ფიზიკური პირის – დ. ქ-საგან შეძენილი ჰქონდა 2480 ცალი ბლოკი 2976 ლარად, რაც რეალურად არ განხორციელებულა, ვინაიდან დ. ქ-ს დ. ბ-მ სინამდვილეში გადაუხადა 1500 ლარი. ხსენებული სასაქონლო შესყიდვის აქტი დ. ბ-მ გამოიყენა თავის ბუღალტერიაში, რათა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთო საქონელი მოექცია კანონიერ ჩარჩოში და მოეწესრიგებინა ბუღალტრული აღრიცხვიანობა.

დ. ბ-მ 2006 წლის ივნისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, განიზრახა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის - შესყიდვის აქტის გასაღების მიზნით დამზადება, მათი გასაღება და გამოყენება, რათა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთო საქონელი - მარმარილოს ქვა კანონიერ ჩარჩოში მოექცია და ბუღალტრული აღრიცხვიანობა მოეწესრიგებინა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 15 ივლისს დაამზადა ერთი ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი – შესყიდვის აქტი, რომ თითქოს ფიზიკური პირის – ე. ჭ-საგან შეიძინა 95 კვ.მ მარმარილოს ქვა, ღირებული 3240 ლარად, რაც რეალურად არ განხორციელებულა, ვინაიდან დ. ბ-ს ე. ჭ-საგან აღნიშნული მარმარილო არ შეუძენია. ხსენებული სასაქონლო შესყიდვის აქტი დ. ბ-მ გამოიყენა ბუღალტერიაში, რათა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთოO საქონელი მოექცია კანონიერ ჩარჩოში და მოეწესრიგებინა ბუღალტრული აღრიცხვიანობა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ: დ. ბ-ს ქმედებების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ, ერთ განგრძობად დანაშაულად, სასჯელის შემცირებასა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ: დ. ბ-ს ქმედებების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ, ერთ განგრძობად დანაშაულად, სასჯელის სახით ჯარიმას ან/და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. ბ-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მისი სანდოობის, დასაშვებობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისია დასკვნისათვის, რომ დ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ასევე დგინდება, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია სრულად, მაგრამ, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, დ. ბ-ს მსჯავრდება ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გასაღების მიზნით დამზადება-გასაღებასა და გამოყენებაში (ორი ეპიზოდი) ემყარება არასწორ დასკვნას, დანაშაულებრივი ქმედების არასწორი კვალიფიკაციით.

საქმის მასალების მიხედვით, დ. ბ-ა იყო ინდმეწარმე და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა მყარი, თხევადი, გაზირებული საწვავითა და მომიჯნავე პროდუქციით. 2006 წლის ივნისსა და ივლისში მან განიზრახა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთო საქონლის - მარმარილოს ქვისა და სამშენებლო ბლოკის კანონიერ ჩარჩოში მოქცევა, რათა ამით მოეწესრიგებინა წლიური ბუღალტერია. განზრახვის განსახორციელებლად მან დაამზადა 2006 წლის 18 ივნისითა და 15 ივლისით დათარიღებული ყალბი შესყიდვის აქტები, რომ თითქოს ერთ შემთხვევაში დ. ქ-საგან შეძენილი ჰქონდა 2480 ცალი ბლოკი, ღირებული 2976 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში – ე. ჭ-საგან შეძენილი ჰქონდა 95 კვ.მ მარმარილოს ქვა, ღირებული 3240 ლარად, რაც რეალურად არ განხორციელებულა. ხსენებული აქტები დ. ბ-მ გამოიყენა თავის ბუღალტერიაში, რათა მის მიერ ადრე შეძენილი უსაბუთო საქონელი მოექცია კანონიერ ჩარჩოში და მოეწესრიგებინა ბუღალტრული აღრიცხვიანობა.

ჩადენილი ქმედებისათვის დ. ბ-ს მსჯავრი დაედო ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის გამო, ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გასაღების მიზნით დამზადება-გასაღებასა და გამოყენებაში (საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, როდესაც მსჯავრდებულმა დ. ბ-მ გადაწყვიტა, დაემზადებინა ორი ყალბი შესყიდვის აქტი, ამოძრავებდა ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა -მოეწესრიგებინა თავისი საწარმოს წლიური ბუღალტრული აღრიცხვიანობა. შესაბამისად, თითოეული შესყიდვის აქტის დამზადებისას მას არ აღძვრია დამოუკიდებელი დანაშაულებრივი განზრახვა, ამიტომ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ერთი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ქმედებას. დ. ბ-ს მიერ განხორციელებული ერთი და იმავე ხასიათის ორი დანაშაულებრივი ქმედება შინაარსობრივად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც ერთიანი ჯაჭვის რგოლები, რაც ცხადყოფს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში სახეზეა სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული _ განგრძობადი დანაშაული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. ბ-ს სასიკეთოდ, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (ორი ეპიზოდი) უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ერთი ეპიზოდი), რისთვისაც მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად უნდა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: დ. ბ-ს ქმედებები დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.