დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹10აგ-12 ქ. თბილისი
28 მაისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ მ. წ-ს შორის, რომლის თანახმად, მ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10 000 ლარი.
ამავე განაჩენით ასევე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და დანარჩენ განსასჯელებს შორის, რომლის თანახმად, განსასჯელებს _ ლ. დ-ესა და გ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1-1 წელი უნდა მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დარჩენილი 4-4 კი წელი ჩაეთვლებათ პირობით, 5-5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ნ. ც-ესა და ნ. შ-ეს სსკ-ის 25,172-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5-5 წლის გამოსაცდელი ვადით. ნ. ც-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 75 000 ლარი, ხოლო ნ. შ-ეს _ 5 000 ლარი.
2012 წლის 22 მარტს მსჯავრდებულმა მ. წ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენის გადასინჯვა.
მსჯავრდებული მ. წ-ი შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ მის ქმედებაში არ არსებობდა ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელი შემადგენლობა _ ექსპლუატაციის მიზანი, ხოლო ქმედების ჩადენის დროს, როდესაც განხორციელდა ახალშობილის მიმართ უკანონო გარიგება (2009 წლის 10 დეკემბერი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა 172-ე მუხლის მე-2 ნაწილს. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება უნდა დადებულიყო სსკ-ის 172-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მოხსნის პირობებში. აღნიშნული კი შუამდგომლობის ავტორს ახლად გამოვლენილ გარემოებად მიაჩნია, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვდა განაჩენის გადასინჯვას და სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხსნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით მ. წ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული მ. წ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ მ. წ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება ცნობილი იყო განაჩენის გამოტანის დროს, რაც გამომდინარეობს საჩივრის შინაარსიდანაც. კერძოდ, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანისას სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ბრალდების დასაბუთებულობა და პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის კანონიერება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ მ. წ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.