დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2013
საქმის ნომერი
5აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.01.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №5აგ-13 23 იანვარი, 2013 წელი

გ-ე გ.-5აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 135-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული დადგენილებით გ. გ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული დადგენილებით გ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით – შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან და გ. გ-ეს საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. გ-ეს განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გადაისინჯა ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებები. აღნიშნული განაჩენი და დადგენილებები შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტები შესაბამისობაში მოვიდა 109-ე მუხლის „კ“ და 19-109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებთან და გ. გ-ეს ამ ნაწილში განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. გ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი და დადგენილებები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ე სასჯელს იხდის 2002 წლის 16 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული განჩინება შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილით დანიშნულ სასჯელთან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად.

გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებთან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან. განჩინება დანარჩენ – მათ შორის სასჯელის – ნაწილში დარჩა უცვლელად.

2012 წლის 17 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ 2010 წლის 16 ივლისის №3446 საქართველოს კანონის ძალით ამოღებულ იქნა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსთვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წლის 16 ივლისს შეტანილი ცვლილებით არ მომხდარა ქმედების დეკრიმინალიზაცია, პირიქით, კანონმდებელმა აღნიშნული დანაშაული გაითვალისწინა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, გაამკაცრა სასჯელი და ამ დანაშაულის ჩადენისათვის გაითვალისწინა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. სწორედ ამიტომ მსჯავრდებულის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე