დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.03.2013
საქმის ნომერი
2კ-181-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 1811 –13 1 მარტი, 2013 წელი

ლ-ა ლ ,181–13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ი. დ-ას

მსჯავრდებულ - ლ. ლ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ლ. ლ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 263–ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლით ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5.000 ლარი. სსკ-ის 261–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილით, შეკრების წესით, ლ. ლ-ას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15 000 ლარი.

ლ. ლ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 9 ივლისიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ლ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ:

მსჯავრდებული ლ. ლ-ა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 და მე–14 მუხლების თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ პუნქტითა და 263–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული, როგორც რეალური, ისე პირობითად ჩათვლილი სასჯელების შემდგომი მოხდისაგან. შესაბამისად იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ლ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“.

რადგან ლ. ლ-ა დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, რომლის მიერაც ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მის მიმართ კანონიერად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მოქმედება და გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, რომელშიც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით“.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმადაც: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“ და სწორად განსაზღვრა სასჯელის ერთნაირად და პროპორციულად შემცირების წესი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–19 მუხლის თანახმად: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ხოლო იმავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად: „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“. ამდენად, მსჯავრდებულ ლ ლ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები და დამატებით სასჯელად შეფარდებული ჯარიმა კანონიერად დარჩა უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. ქათამაძე