1. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.2