დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2021
საქმის ნომერი
2კ-158-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1581-21 ქ. თბილისი

ი-ა ი-ა, 1581-21 4 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ი-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენით ი. ი-ა, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 100000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ი. ი-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 24 აგვისტოდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 100000 ლარი და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ი. ი-ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 7 თვითა და 30 დღით ადრე. მსჯავრდებული ი. ი-ა გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 25 დეკემბერს.

3. 2021 წლის 21 იანვარს მსჯავრდებულ ი. ი-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების მიზნით, მისი პირადი საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ი-ას გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ი-ას დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ი. ი-ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 7 თვითა და 30 დღით ადრე). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ი. ი-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან ითხოვა მსჯავრდებულ ი. ი-ას პირობითი მსჯავრისაგან სრულად გათავისუფლება, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ ი. ი-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელებზე.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე პირობითი მსჯავრისაგან მსჯავრდებულ ი. ი-ას სრულად გათავისუფლების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (რომელთა ჩადენისათვის მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა) არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელისგან გათავისუფლებას და არც დანიშნული სასჯელის შემცირებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ი-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი