დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.07.2013
საქმის ნომერი
2კ-1880-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№18801-13 15 ივლისი, 2013 წელი

რ-ე ა 18801-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ქ-ს

მსჯავრდებულ - ა. რ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 40000 ლარი, 263–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 20000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით - დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 60000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 24 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ ა. რ-ს პირადი საქმე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–14 და მე–18 მუხლების თანახმად, ერთნაირად და პროპორციულად გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლს მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, როგორც პირობითი მსჯავრისაგან, ასევე გამოსაცდელი ვადისაგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. რ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ კანონის მე-19 მუხლის გამოყენებაზე, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. რ-ს მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე