დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820141224010134656
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №701-24 7 ნოემბერი, 2024 წელი
ს–ი ნ., N701-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. ა–ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 3 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა ნ. ს–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, ნ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ძირითადი თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ ნ. ს–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 10 აპრილიდან.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ს–ს მიმართ გავრცელდა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი. ნ. ს–ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეოთხედით და ნ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ასევე დამატებით სასჯელზე 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა და ნ. ს–ს ძირითად სასჯელად მოსახდელად დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ. ს–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 105 დღით.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ნ. ს–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ: ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ნ. ს–ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენითა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება და პატიმრობიდან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 1331 მუხლით, 1332 მუხლით, 1351 მუხლით, 142-ე−1443 მუხლებით, 1501 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე−159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 1721 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−2351 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−2552 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 2731 მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე−345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 3531 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით.
4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებასა და გადაწყვეტილებას ნ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ნ. ს–ს, როგორც ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულ ქალს, სამართლებრივად სწორად, ერთი მესამედით შეუმცირა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენითა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით მოსახდელად განუსაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ამასთან, ნ. ს–ი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაზეც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
6. ამდენად, მართალია ნ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს შეეხო ამნისტიის კანონის მოქმედება და დანიშნული სასჯელი შემცირდა, თუმცა ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, საბოლოო სასჯელი კი ნ. ს–ს დანიშნული აქვს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უსაფუძვლოა მოთხოვნა ნ. ს–ს დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. ა–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე