განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№8441-13 27 მარტი, 2013 წელი
კ.ი ვ., 8441-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. ვ-ას
მსჯავრდებულ _ ვ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 10 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით – 2 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის დადგენილებით ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განაჩენით ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 3 თვით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. კ-ს განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლისა და 4 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით ვ. კ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ვ. კ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრისა და 2008 წლის 4 იანვრის განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 3 აპრილიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის ათვლის თარიღად მითითებული უნდა იყოს 2008 წლის 7 ოქტომბერი და არა – 2009 წლის 3 აპრილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღში შესწორების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. კ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ს სასჯელის ვადის მოხდა უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2008 წლის 7 ოქტომბრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ვ. კ-ს სასჯელის ვადის მოხდა აეთვალოს 2008 წლის 7 ოქტომბრიდან.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე