შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№104აპ-13 25 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ე დ., 104აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ რ. თ-ას
ადვოკატების – ი. ჩ-ის, ა. თ-ის
მსჯავრდებულების _ დ. მ-ის, ზ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მჭედლიძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ისა და მსჯავრდებულ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: დ. მ-ე – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზ. მ-ე – საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 17 მაისს, ღამით, დაახლოებით 1 საათზე, დ. მ-ემ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ტერიტორიაზე, --- უბანში, მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის --- უბნის უფროს რეინჯერ მ. ა-ეს, მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიღებული დაზიანებების შედეგად მ. ა-ე ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულებრივი კვალის დაფარვისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, იმავე ღამეს დ. მ-ემ თანასოფლელ ზ. მ-ესთან ერთად მ. ა-ის გვამი გადაიტანა საფეხმავლო გზიდან მოშორებით, რათა იგი შეუმჩნეველი ყოფილიყო სხვა პირთათვის.
2012 წლის 19 მაისს მ. ა-ის გვამი იპოვეს იმავე უბნის რეინჯერმა თ. ც-ემ და გარდაცვლილის თანასოფლელებმა.
აღნიშნული ქმედებებისათვის დ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 20 წლით, ხოლო ზ. მ-ეს სსკ-ის 375-ე მუხლით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შემცირდა ერთი მეოთხედით და დ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, ხოლო ზ. მ-ეს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელთა მოხდა დაეწყოთ 2012 წლის 20 მაისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. მ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ჩ-ემ, ასევე – მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ.
მსჯავრდებულმა დ. მ-ემ და ადვოკატმა ი. ჩ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს განაჩენის გაუქმება და დ. მ-ის გამართლება. ასევე გამართლება ითხოვა მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი – მსჯავრდებული ზ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სწორად არ შეაფასა მტკიცებულებები, რასაც შედეგად მოჰყვა ვარაუდებსა და დაუდასტურებელ ფაქტებზე დამყარებული უკანონო განაჩენის გამოტანა; განაჩენში მითითებული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ზ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით არ შეიძლება ცალსახა დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; სასამართლომ მთლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და შეგნებულად არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ზ. მ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
მსჯავრდებული დ. მ-ე და ადვოკატი ი. ჩ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ არც ერთი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც კი არ ადასტურებს დ. მ-ის შემხებლობას მ. ა-ის მკვლელობასთან; სააპელაციო სასამართლოს დ. მ-ის ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებინა მაქსიმუმ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით; სასამართლოს დასაშვებ მტკიცებულებებად არ უნდა ეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების – თ. ც-ისა და ბ. მ-ის ჩვენებები; არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გვამის ექსჰუმაციის თაობაზე და საეჭვო ვითარებაში დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ეს სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული ჰქონდა რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით, რომელიც არ დადგენილა რა იყო და არც ამოღებულა; სასამართლომ დაუსაბუთებლად სარწმუნოდ არ მიიჩნია დ. მ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლითაც იგი დანაშაულში ამხელდა გ. მ-ესა და რ. მ-ეს, რომლებიც იმ ღამით ვიღაცას უმოწყალოდ ურტყამდნენ და რომელთაც მოგვიანებით შეუერთდა თ. ც-ე.
გარდა აღნიშნულისა, კასატორები აღნიშნავენ, რომ დ. მ-ე ფაქტობრივად 2012 წლის 18 მაისს, 21 საათზე, მიიყვანეს ხარაგაულის პოლიციაში და ამის შემდეგ მას შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რაც, საქართველოს სსსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის დაკავებას ნიშნავს; კანონის თანახმად, დ. მ-ეს ბრალი უნდა წარდგენოდა 2012 წლის 20 მაისის 21 საათამდე, მაგრამ მას ბრალი წარუდგინეს 2012 წლის 22 მაისს, რის გამოც, სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, თუნდაც კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ. მ-ე და ადვოკატი ი. ჩ-ე ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და დ. მ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ჩ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ზ. მ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტიდან (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო ზ. მ-ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზ. ჭ-ის, ჯ. ჭ-ისა და დ. კ-ის თანხვედრილი და თანმიმდევრული ჩვენებებით ირკვევა, რომ ,,---’’ ჭალაში ჩამოსვლამდე, 17 მაისს, დაახლოებით პირველი საათისათვის, წამოეწიათ მამაკაცი, რომელმაც გააფრთხილა ისინი, რომ შეჩერებულიყვნენ, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბორჯომში იყო დარეკილი და საგუშაგოზე მაინც დააკავებდნენ. ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და გზა განაგრძეს უფრო სწრაფად. ,,---’’ ჭალაში ჩასასვლელ ვიწრო ბილიკზე გადაადგილდებოდნენ ფეხით. ამ დროს დ. მ-ე მიდიოდა მათ წინ განცალკევებით, დაახლოებით 60-70 მეტრის დაშორებით. როცა იგი ჩავიდა გავაკებულ ადგილზე, ცხენზე შეჯდა და გააჭენა, ხოლო როდესაც ისინიც ჩავიდნენ დაღმართზე, რამდენიმე წუთში დ. მ-ე უკან გამობრუნდა ცხენით. იგი იყო შეშინებული, აღელვებული და თქვა, რომ წინ ვიღაც კაცი გადმოუხტა, რომელიც შეეცადა მის შეჩერებას აღვირში ხელის ჩავლებით, რა დროსაც, სავარაუდოდ, წაიქცა. ამიტომ აუცილებელი იყო დამალულიყვნენ და ჩასულიყვნენ იქვე მდინარეში. მართლაც, მისი მითითებით, ყველანი ცხენებიანად ჩავიდნენ მდინარეში და ჩააქრეს ფანრები. მდინარეში ჩასვლის შემდეგ დ. და ზ. მ-ეები იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა გადაემალათ თოფები, გავიდნენ მდინარიდან და გაუჩინარდნენ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში, თუმცა უკან დაბრუნებულ დ. მ-ეს, მათდა გასაოცრად, თოფი ისევ თან ჰქონდა. მათივე განმარტებით, დ. და ზ. მ-ეების დაბრუნებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე მათ ზედა მხარეს შენიშნეს ფანრის შუქი, რომელიც მალევე გაქრა ხეებში. დაბრუნებულმა დ. მ-ემ მათ უთხრა, რომ რეინჯერმა დაიჭირა მათი ძაღლები და წავიდა, რის გამოც უკვე შეეძლოთ სახლში დაბრუნება.
მოწმის სახით დაკითხული თ. ც-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 16 მაისს, დილის 9 საათზე, მის უშუალო ხელმძღვანელ, უფროს რეინჯერ მ. ა-ესთან ერთად იმყოფებოდა გეგმიურ შემოვლაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის --- უბანზე. ორივეს ეცვა რეინჯერის ფორმა. დაახლოებით 19 საათზე შემოესმათ ცხენების ფლოქვების ხმა და თვალი მოჰკრეს მოწითალო ცხენზე მჯდარ პირს. ხმაურისა და დატოვებული ნაფეხურების მიხედვით დაასკვნეს, რომ ცხენოსან მონადირეთა რაოდენობა 5 ან 6 იქნებოდა. ცხენოსანთა შეჩერების და შეშინების მიზნით რამდენჯერმე დაუყვირა მათ, რომ შეჩერებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თოფს ესროდა, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ და ტყეში მიიმალნენ. დაახლოებით 5 კილომეტრი ფეხით სდიეს ცხენოსნებს, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ამის შემდეგ მ. ა-ემ გადაწყვიტა, მარტო გაეგრძელებინა ცხენოსანთა დევნა შემოკლებული გზით, ხოლო მას დაავალა, რომ მთაში დარჩენილიყო და ცხენებისათვის მიეხედა. 17 მაისის 10 საათამდე ელოდა მ. ა-ეს, მაგრამ არ გამოჩნდა, რის შემდეგაც ჩავიდა --- საგუშაგოზე და 22 საათამდე ახლა იქ ელოდა. როცა იგი კვლავ არ გამოჩნდა, დაბრუნდა სახლში და მისი გაუჩინარების შესახებ შეატყობინა მ-ის სიძეს - გ. ფ-ას და რეინჯერ ზ. მ-ეს. მეორე დღეს, გათენებამდე, შვილთან და რეინჯერ ზ. მ-ესთან ერთად წავიდა დაკარგულის საძებნელად. ძებნაში მათთან ერთად მონაწილეობდნენ რეინჯერები და სხვა დაინტერესებული პირები. ა. ფ-ესთან სატელეფონო საუბრისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ 16 მაისს პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სოფელ --- და --- მცხოვრები ექვსი მონადირე, რომელთაც ”---ს” შესახვევთან, გზაზე გადმოხტომიათ ვიღაც უცნობი კაცი, რომელიც ვერ უცვნიათ. განაგრძეს რა ძებნა ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს მუშაკებთან - ი. ა-ესთან, ჯ. ჭ-ესა და მ. ყ-თან ერთად, დაღმართის დასასრულიდან ,,---საკენ” გამავალ მეორე შემოკლებულ ბილიკზე, კაკლის ხემდე დაახლოებით 20-30 მეტრში, ისევ აღმოაჩინა მ. ა-ის ჩექმის კვალი, რითაც დაასკვნა, რომ მან სწორედ ამ მოკლე ბილიკით მოუჭრა გზა ცხენოსნებს და აღმოჩნდა მათ წინ. 2012 წლის 19 მაისს, დილის დაახლოებით 5 საათზე, განაგრძეს მ-ის ძებნა, რა დროსაც ,,---” შესახვევიდან ,,---” ჭალისკენ დაახლოებით 150 მეტრში, გზიდან მარცხენა მხარეს რამდენიმე მეტრის დაცილებით, კლდის ძირში, იპოვეს მ. ა-ის დაზიანებული გვამი. გვამთან ეგდო მისი ნაჯახი, მ. ა-ის კუთვნილი ეკრანგატეხილი მობილური ტელეფონი და მისივე ქამრის ნაწყვეტი.
მოწმე თ. ც-ის ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ 2012 წლის 16 მაისისათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის --- უბანზე იმყოფებოდა მხოლოდ რვა პიროვნება, თვითონ - თ. ც-ე, რეინჯერი - მ. ა-ე და ზემოთ მითითებული ექვსი ცხენოსანი. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ სხვა პირთა ყოფნის დასადასტურებელი რაიმე საეჭვო ნიშანი ხსენებულ ტერიტორიაზე არ ყოფილა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ტყეში ყოფნისას მსჯავრდებულთა მეოთხე თანმხლებმა პირმაც - ბ. მ-ემ, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მან შეცვალა ჩვენება მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მდინარეში ჩასვლის შემდეგ დ. და ზ. მ-ები მდინარიდან არ გასულან და ასეთი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა, თუმცა მან, დანარჩენ პირთა მსგავსად, დაადასტურა, რომ ,,---” ჭალაში ჩასვლისას დაწინაურებულმა დ. მ-ემ გააჭენა ცხენი, მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა და მათ უთხრა, რომ წინ ვიღაც ფარნიანი კაცი გადმოუხტა, მოუნდომა აღვირში ხელის წავლება, მაგრამ ვერ შეაჩერა, წაიქცა და დაუძახა: ,,რას აკეთებ ბიჭოო”.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. მ-ის მიერ ჩვენების ნაწილობრივ შეცვლა განპირობებულია მსჯავრდებულებთან ნათესაური კავშირით და ემსახურება მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ გარემოებებს, ხოლო ბ. მ-ზე ზეწოლის ფაქტი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამიტომ, აღნიშნული ჩვენება სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სრულიად მართებულად არ გამოიყენა, როგორც მტკიცებულება.
მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ი. ა-ემ აჩვენა, რომ პოლიციის განყოფილებაში მან დ. მ-ეს, იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროისთვის არსებობდა ვერსია, რომ თითქოს მ. ა-ე თოფით იყო მოკლული, ჰკითხა, თუ როგორ გაიმეტა იგი, რაზეც დ. მ-ისგან პასუხად მიიღო, რომ მ. ა-ისთვის თოფი არ უსვრია და მას შემთხვევით დაეჯახა ცხენით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №016073-2012/07/3 დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ. გ-მა, მ. ა-ის სიკვდილის მიზეზია შინაგანი ორგანოების ზოგადი სისხლნაკლებობა, რაც გამოიწვია სხეულის ბლაგვი ტრავმით დაზიანებული მარცხენა თეძოს შიგნითა არტერიიდან განვითარებულმა შინაგანმა სისხლდენამ. ამავე დასკვნის თანახმად, მ. ა-ის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №022942-2012/05/1-8 დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - კ. ა-მა, დ. გ-ამ და გ. ც-ემ, მ. ა-ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების, საგნებზე) მოქმედებით. კონკრეტულად რა ვითარებაში მიიღო მ. ა-ემ სხეულზე არსებული დაზიანებები, ექსპერტიზას დადგენა არ შეუძლია. დაზიანებების განვითარება შესაძლებელია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) უშუალო ზემოქმედებით. ასევე დაზიანებების განვითარება შესაძლებელია ცხენის დაჯახებით და შემდეგ მკვრივ-ბლაგვ საგანზე (საგნებზე) დაცემის შედეგად.
ქიმიური ექსპერტიზის №262/ქმ დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურეს სასამართლოში ექსპერტებმა - ნ. მ-ამ და თ. მ-ემ, მ. ა-ის შარვლის ბოჭკოებს გააჩნია საერთო გვაროვნული კუთვნილება ზ. მ-ისა და დ. მ-ის ხელის ფრჩხილებში აღმოჩენილ მუქ იისფერ ნაწილაკებთან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ,,---“ ჭალა არის ქვიანი, ღორღიანი და ადგილ-ადგილ - წყლისგან მოტანილი ხეებით დახერგილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებლივი ანალიზიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, დ. მ-ის მიერ მ. ა-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. ამ მიმართებით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნა წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მაშინ, როდესაც საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელია დადგინდეს პირის განზრახვა, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოხლის მოსპობისკენ და მოტივი, რომ აღნიშნულს ის აკეთებს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. განზრახვის დაუდგენლობა თავისთავად გამორიცხავს მოტივს და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობასაც.
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი: 2012 წლის 16-17 მაისის ღამის საათებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის --- უბნის უფროსი რეინჯერი მ. ა-ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ცდილობდა, აღეკვეთა ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების გადაადგილება, რომლებიც არ დაემორჩილნენ მის კანონიერ მოთხოვნას და გააგრძელეს გზა უფრო სწრაფად. მ. ა-ემ მოკლე გადასასვლელით გზა მოუჭრა სამართალდამრღვევებს და ,,---” ჭალაში დაელოდა მათ გამოჩენას. ამ დროს დ., ზ. და ბ. მ-ეები, ზ. და ჯ. ჭ-ეები და დ. კ-ე ფეხით მიემართებიან ,,---” ჭალაში ჩასასვლელი ვიწრო გზით, სადაც პირველი ჩავიდა დ. მ-ე. ჩასვლისთანავე იგი დაჯდა თავის ცხენზე და გავაკებულ გზაზე გააჭენა. იმავდროულად უფროსი რეინჯერი მ. ა-ე ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონით ანთებული შუქით, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, წინ გადაუდგა ცხენზე მჯდარ, სანადირო თოფით შეიარაღებულ დ. მ-ეს, რომლის ცხენსაც შეჩერების მიზნით აღვირში წაავლო ხელი. ადმინისტრაციული სახდელისაგან თავის ასარიდებლად, დ. მ-ე შეეცადა გაქცევას, რა დროსაც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ არღვევდა წინდახედულების ნორმას, კერძოდ, შეეძლო და ევალებოდა კიდეც, გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მ. ა-ე, რომელსაც ხელი აღვირში ჰქონდა ჩავლებული, ცხენის მკვეთრი მოძრაობის შედეგად დაზიანდებოდა, რაც ასეც მოხდა და დ. მ-ის გაუფრთხილებელი მოქმედებით მ. ა-ემ როგორც ცხენის მკვეთრი მოძრაობის, ისე ამ მოძრაობით გამოწვეული მკვრივ-ბლაგვ საგნებზე ვარდნის შედეგად მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამის შემდეგ დ. მ-ე სწრაფად დაბრუნდა უკან და თანმხლებ პირებს უთხრა, რომ წინ ვიღაც კაცი გადმოუხტა, შეეცადა ცხენის აღვირში ხელის ჩავლებას და მის შეჩერებას, რომელიც, სავარაუდოდ, წაიქცა და ურჩია მათ, რომ დამალვის მიზნით შესულიყვნენ მდინარეში. ყველანი შევიდნენ მდინარეში, საიდანაც დ. და ზ. მ-ები თოფების დამალვის მოტივით რამდენიმე წუთში ერთად წავიდნენ, სინამდვილეში კი ნახეს გზის პირას დავარდნილი მ. ა-ის გვამი და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გვამი გადაიტანეს გზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით არსებული კლდის ძირში, რათა იგი შეუმჩნეველი ყოფილიყო სხვა პირთათვის და შეექმნათ მ. ა-ის ამ კლდიდან გადმოვარდნის იმიტაცია. ამავე მიზნით იქვე გადაიტანეს და გვამის ახლოს განალაგეს მ. ა-ის დაზიანებული მობილური ტელეფონის ნაწილები, ნაჯახი და ქამრის ნაწყვეტი. ამის შემდეგ დ. და ზ. მ-ეები დაბრუნდნენ უკან და თანმხლებ პირებს აუწყეს, რომ გზა თავისუფალია, რეინჯერი წასულია, რის შემდეგაც ისინი ერთად დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, თუმცა მომხდარი შემთხვევის შესახებ არავის შეატყობინეს.
საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციაო სასამართლოს მსჯელობას და ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. მ-ის განმარტებას, რომ ,,---” ჭალაში ჩასვლისას ცხენზე მჯდარმა დაინახა რ. მ-ე და გ. მ-ე, მეტსახელად ,,ბ-ი”, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ ვიღაცას, ხოლო მას შემდეგ, რაც შენიშნეს იგი, გინებითა და მუქარით გამოემართნენ მისკენ. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დ. მ-ემ მოიგონა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ვინაიდან მის ჩვენებას არ ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული მისი თანმხლები პირები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შემთხვევის დღეს ამ პირთა ტყეში ყოფნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ. მ-ე რამდენჯერმე დაიკითხა საქმის გამოძიების დროს, მაგრამ აღნიშნულის შესახებ მას არ განუცხადებია. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ზ. ჭ-ის, ჯ. ჭ-ისა და დ. კ-ის განმარტებებით, მათთან მისული იყო დ. მ-ის მამა, რომელიც სთხოვდა, შეეცვალათ ჩვენებები მისი შვილის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მოწმე თ. ც-ის მიერ კერძო საუბარში ნათქვამ ფრაზას - ’’სათქმელი ბევრია, მაგრამ პირში ლაგამი მაქვს ამოდებულიო’’, რომლის გამოც დაცვის მხარე აღნიშნული ჩვენების უტყუარობას ეჭვის ქვეშ აყენებს, იმავე მოწმემ სასამართლოში დამატებითი დაკითხვის დროს დამაჯერებლად ახსნა ამ ჩვენებასთან დაკავშირებული ყველა საინტერესო გარემოება.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მსჯავრდებულთა უკანონო პატიმრობასა და მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა, რასაც ეთანხმება და სრულად იზიარებს საკასაციო პალატა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. მ-ემ გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე მ. ა-ეს (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით), ხოლო მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ზ. მ-ის დახმარებით გადაიტანა გვამი კლდის პირას, რათა მოეწყო უბედური შემთხვევის იმიტაცია.
სასჯელთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. მ-ეს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი უნდა გამართლდეს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ. მ-ემ დ. მ-ესთან ერთად გარდაცვლილ მ. ა-ის გვამი გადაიტანა საფეხმავლო გზიდან მოშორებით, რათა დაეფარათ დ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული და შეექმნათ უბედური შემთხვევის - კლდიდან გადავარდნის იმიტაცია, მაგრამ, ვინაიდან საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. მ-ემ ჩაიდინა მ. ა-ის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე), ზ. მ-ის მიმართ სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი კომპონენტი - ქმედების შემადგენლობის ელემენტი (პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან), რადგან საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია მხოლოდ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ - დ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
დ. მ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 20 მაისიდან.
ზ. მ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ზ. მ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ზ. მ-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
№104აპ-13 25 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ე დ., 104აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს მსჯავრდებულების - დ. მ-ისა და ზ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბერს მსჯავრდებულების - დ. მ-ისა და ზ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია:
,,დ. მ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.“
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.“
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე