დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№11881-13 8 აპრილი, 2013 წელი
გ-ა გ., 11881-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - მ. ბ-ს
მსჯავრდებულ - გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უდიდესმა სასჯელმა შთანთქა უმცირესი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 10 ოქტომბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2005 წლის 5 ოქტომბრიდან 2005 წლის 10 ოქტომბრამდე პატიმრობაში გატარებული დრო, სულ 5 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 იანვრიდან.
მასვე დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ნარკომანიაზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ამდენად, მსჯავრდებული გ. გ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. გ-ა არის ადრე ნასამართლევი ფოთის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.
მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს 2005 წლის 5 ოქტომბრიდან 2005 წლის 10 ოქტომბრამდე პატიმრობაში გატარებული დრო, სულ 5 დღე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2006 წლის 17 იანვრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს 2005 წლის 5 ოქტომბრიდან 2005 წლის 10 ოქტომბრამდე პატიმრობაში გატარებული დრო, სულ 5 (ხუთი) დღე და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 17 იანვრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე