ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№12471-13 10 აპრილი, 2013 წელი
კ-ა თ., 12471-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ბ-ის
ადვოკატ – მ. დ-ის
მსჯავრდებულ _ თ. კ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის განაჩენით თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 9 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით თ. კ-ას ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული დადგენილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით შეიცვალა: თ. კ-ას ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 10 წლით, 9 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 ნოემბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი, 10 თვე, 12 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. კ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის შედეგად განახევრებული სასჯელი – 3 წელი, 11 თვე, 6 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 11 თვისა და 12 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. კ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე, ამიტომ სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ითვლება ნასამართლობის არმქონედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მთლიანად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. კ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული თ. კ-ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლების თანახმად, იგი ასევე უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელებისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-8, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. კ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. კ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. კ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების მოხდისგან.
თ. კ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე