განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14351-13 24 აპრილი, 2013 წელი
ბ-ი ლ., 14351-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - გ. ქ-ს
მსჯავრდებულ - ლ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 223–ე მუხლის მეორე ნაწილითა და სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით. სსკ–ის 223–ე მუხლის მე–2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2011 წლის 30 ივნისიდან.
2013 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა - ბ. ც-მ და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლ. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ლ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი, 6 თვის ვადით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 1 წლით, 10 თვითა და 15 დღის ვადით და რომლის მოხდის წესი - პირობითი მსჯავრი შენარჩუნდა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი (ანუ საერთო გამოსაცდელ ვადაში ამ მუხლით ნაგულისხმები გამოსაცდელი ვადის - 4 წლის ერთი მეოთხედით შემცირებული დრო).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ამდენად, მსჯავრდებული ლ. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან. იმ დროს, როდესაც ლ. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - 2011 წლის მაის-ივნისში, ამ დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე (2006 წლის 28 აპრილის კანონი), რაც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. მართალია, დღეის მდგომარეობით ამ დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან შვიდ წლამდე, რაც არის მძიმე დანაშაული, მაგრამ კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს და კვალიფიცირდება იმ ნორმით, რაც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს, თუ ეს მსჯავრდებულისათვის სასარგებლოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ლ. ბ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე