განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14661-13 23 აპრილი, 2013 წელი
ყ-ი ხ.- 14661-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ჯ. უ-ის
ადვოკატ – თ. გ-ის
მსჯავრდებულ _ ხ. ყ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენით ხ. ყ-ი, ნასამართლევი – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით; სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლით; 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით; სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩენი დარჩა უცვლელად.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში და „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონით ხ. ყ-ს გაუნახევრდა 23,363–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ხ. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძელზე, ხ. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა:
სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236–ემუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236–ემუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე – უვადო თავისუფლების აღკვეთაზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება და იგი დარჩა უცვლელად.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. ყ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად მისი დიდი პალატისათვის გადაცემა და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ხ. ყ-ი საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე–2 ნაწილებითა და 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისას იყო განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი. შესაბამისად, ამ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–3 მუხლის მოქმედება და რაიონულმა სასამართლომ იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მას ასევე კანონიერად შეუმცირა დანიშნული სასჯელები 1/4-ით.
რაც შეეხება სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, იგი განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რის გამოც ამ მუხლებით დანიშნულ სასჯელებზე ასევე კნონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლი და დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით.
პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით, როდესაც მსჯავრდებულს ¼-ით შეუმცირა ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები, მაგრამ არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს სასჯელის ვადის ათვლის პრინციპი საბოლოო სასჯელის შეუცვლელად და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოქმედება უნდა გავრცელდეს თითოეულ სასჯელზე ცალ-ცალკე, მათ შორის – უვადო თავისუფლების აღკვეთაზეც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
გ. შავლიაშვილი