განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14871-13 26 აპრილი, 2013 წელი
თ-ე ს.- 14871-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ ს. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. თ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ს. თ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, ხოლო სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 მარტიდან.
ამავე სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ს. თ-ე გათავისუფლდა სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ს. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 სექტემბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. თ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 9 თვე და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 6 თვისა და 22 დღის ვადით.
მსჯავრდებული ს. თ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი სრულად მოიხადა, ხოლო პირობითი მსჯავრისაგან სრულად გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე. შესაბამისად, იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 და მე-19 მუხლების შესაბამისად, უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღდგენოდა ჩამორთმეული უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან ს. თ-ე გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამდენად, ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ს. თ-ე არ იყო ნასამართლევი და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი, როგორც სსკ-ის 260-ე მუხლით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) მსჯავრდებული პირი, უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან. ამავე კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ს. თ-ეს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. თ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან (გარდა ჯარიმისა);
ს. თ-ეს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ბ. ალავიძე