განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 30.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1544-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15441-13 30 აპრილი, 2013 წელი

ს-ი გ.- 15441-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით გ. ს-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 223–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სსკ–ის 2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63-64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2011 წლის 21 ივნისიდან იმავე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 223–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის, 8 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელების თაობაზე, რადგან ჩადენილი ქმედების დროს ზემოაღნიშნული მუხლი ეკუთვნოდა დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და მსჯავრდებული არ იყო ნასამართლევი პირი, რის გამოც, პალატის აზრით, მასზე უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მოქმედება და იგი უნდა გათავისუფლებულიყო ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით, მაშინ, როცა მსჯავრდებული გაათავისუფლა სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან. მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ს-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ს-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი