დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №201აგ-13 20 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ე თ.-201აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განაჩენით თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2-2 წლით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, ხოლო 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულ თ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 11 მარტიდან.
ამავე განაჩენით შ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. შ. ჭ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 მარტიდან.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა შ. ჭ-ემ, ხოლო 21 მაისს – მსჯავრდებულმა თ. გ-ემ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულების შუამდგომლობები დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ თ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ შ. ჭ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განაჩენით, მსჯავრდებულ თ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ჩ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 2 წელმა - შთანთქა დანარჩენი მუხლებით დანიშნული თანაბრი სიმძიმის და ნაკლებად მკაცრი სასჯელები, რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისი კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენი თ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე