დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№293აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი
ფ-ი ჯ.- 293აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ჯ. ფ-ის, ა. კ-ისა და ა. უ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ჯ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე, 238-ე, მე-17,104-ე მუხლებით და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა 2002 წლის 22 მარტს.
კასპის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ჯ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით - 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით - 3 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 21 ოქტომბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე სასამართლოს 2003 წლის 14 აპრილის განაჩენით ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 2 წელი, 2 თვე, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 2 დეკემბრიდან.
კასპის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის განაჩენით ა. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით - 2 წლით, 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 25 აგვისტოდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განაჩენით: ჯ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით, 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით, ხოლო საბოლოოდ - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ფ-სა და ა. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2008 წლის 6 ივლისიდან, ხოლო ა. უ-ის - 2008 წლის 15 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ივლისიდან.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ივლისიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. უ-ის ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 15 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯ. ფ-ის მიმართ სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ სასჯელს - 6 წელს - დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დადგენილი სასჯელების ნაწილი - 1 და 2 წელი, რის შედეგადაც საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ივლისიდან; ა. კ-ის მიმართ სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ სასჯელს - 9 წელსა და 9 თვეს - დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დადგენილი სასჯელების ნაწილი - 1 და 2 წელი, რის შედეგადაც საბოლოოდ მიესაჯა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ივლისიდან; ა. უ-ის მიმართ სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ სასჯელს - 6 წელს - დაემატა სსკ-ის 212-ე მუხლით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 2 წელი, რის შედეგადაც საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 15 ივლისიდან.
მსჯავრდებული ჯ. ფ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს, რის გამოც ითხოვს სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
მსჯავრდებული ა. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც ითხოვს სასჯელის განსაზღვრას სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
მსჯავრდებული ა. უ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ჰყავს ავადმყოფი დედა და ძმა, ხოლო მამა - გარდაეცვალა; მის ქმედებაში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული რეციდივი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამდენად, უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ა. უ-ის მითითება, რომ მისი ქმედებები არ წარმოადგენს რეციდივს.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჯ. ფ-ი და ა. კ-ი არაერთხელ არიან ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, ხოლო ა. უ-ის, დანაშაულის რეციდივის პირობებში, არაერთი მძიმე დანაშაულისათვის საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვთ. ჯ. ფ-სა და ა. კ-ს, ისევე როგორც - ა. უ-ის, ამნისტიის გავრცელების შედეგად შეუმსუბუქდათ სასჯელები, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა გასაჩივრებული განაჩენითაც.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მათთვის სასჯელების უფრო მეტად შემცირება მეტისმეტად ლმობიერი იქნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - ჯ. ფ-ის, ა. კ-ისა და ა. უ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი ჯ. ფ-ის, ა. კ-ისა და ა. უ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი