დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2013
საქმის ნომერი
476აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№476აგ-13 14 ნოემბერი, 2013 წელი

დ-ე ზ.- 476აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ზ. დ-ე, ნასამართლევი (1999 წლის 25 ივლისისა და 2001 წლის 12 იანვრის განაჩენებით საქართველოს ადრე მოქმედი სსკ-ის 150-ე, 243-ე და 206-ე მუხლებით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე, 178-ე, 260-ე, 363-ე მუხლებით და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 9 იანვრიდან.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ზ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 19 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, რომლითაც შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი, ზ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელების სრულად შეკრების შედეგად მსჯავრდებულს განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000 ლარი, რასაც დაემატა 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 25 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5 000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 22 თებერვლიდან.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატის განაჩენი შეიცვალა: ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. დ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 24 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2 500 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 თებერვლიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. დ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ზომისაგან, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2 500 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 22 თებერვლიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. დ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 17 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს - 8 წელსა და 6 თვეს - დაემატა სსკ-ის 179-ე და 363-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელების ნაწილი - 8 წელი, 2 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 19 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებული ზ. დ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორები დიდი ხანია გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, რის გამოც ითხოვს სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ არაერთხელ ნასამართლობის მიუხედავად, ზ. დ-ემ კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. ამასთან, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებულია, რომ ზ. დ-ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ. დ-ის პიროვნებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის უფრო მეტად შემცირება მეტისმეტად ლმობიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენი ზ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი